არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ბულინგის პრობლემა მწვავედ
დგას არა მარტო საქართველოში, არამედ საზღვარგარეთ, თუმცა ჩვენს
ქვეყანაში განსაკუთრებით თვალშისაცემი ცოდნისა და კომპეტენციის
ნაკლებობაა. მათივე განმარტებით, სახელმწიფოს სათანადოდ არ აქვს
გაცნობიერებული ბულინგის დამაზიანებელი ეფექტი, რამაც შესაძლოა
გააუარესოს როგორც მსხვერპლის, ასევე სხვა მოსწავლეების მდგომარეობა.
2015 წლის 27 მარტს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის
საჯარო სკოლის მე–5 კლასელმა ბიჭმა სკოლიდან სახლში დაბრუნების შემდეგ
თავი მოიკლა.
ამ ფაქტს წინ უძღოდა ბავშვთა შორის ძალადობა, ე.წ ბულინგი. მას
თანასკოლელები დასცინოდნენ, რომ ნაშვილები იყო. მაშინ, ჟურნალისტებთან
საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაცია ამბობდა, რომ
მოსწავლეებს შორის კონფლიქტის შესახებ საქმის კურსში იყო, თუმცა
რადგან დაპირისპირება სკოლის ტერიტორიაზე არ ხდებოდა, ჩარევისგან თავს
იკავებდნენ.
ფსიქოლოგების თქმით, ბულინგი ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობაა,
რომელიც ბავშვის მიმართ თანაკლასელთა ან სხვა ჯგუფის მიერ
ხორციელდება. მას საკმაოდ ცუდი შედეგი მოაქვს და ერთნაირად
დამაზიანებელია, როგორც ბულერისთვის (განმახორციელებელი), ისე
მისთვისაც, ვისაც ჩაგრავენ. მსხვერპლს, შესაძლოა, ტრავმა მთელი
ცხოვრება გაჰყვეს და ბევრი ფსიქოლოგიური პრობლემა განუვითარდეს, მათ
შორის, დეპრესია და ფსიქოსომატიკა (ფსიქოსომატურ დაავადებებს უწოდებენ
ფიზიკურ ავადმყოფობებს და დარღვევებს, რომლის გამომწვევ მიზეზებსაც
წარმოადგენს ემოციური დაძაბულობა). ხშირად, ბულინგს ახორციელებს ის,
ვინც ოჯახში ძალადობის მსხვერპლია.
ელნური და რახმანი იორმუღანლოს თემის სოფელ დუზაგრამის საჯარო სკოლის
მეათეკლასელები არიან. ამბობენ, რომ ბავშვებს შორის ძალადობა მათ
სკოლაში არ ხდება, თუმცა იციან, რომ საჭიროების შემთხვევაში,
მასწავლებელს ან დირექტორს უნდა მიმართონ.
-"რა არის ბულინგი, აქამდე არ ვიცოდი, თქვენგან გავიგე. როდესაც
ვიღაცას ჩაგრავენ, ეს ცუდია. ყველა ბავშვი თანასწორია და ერთნაირ
პირობებში უნდა იყვნენ. თუ მასეთი შემთხვევა იქნება, ამის შესახებ
მასწავლებელს, ან ჩვენი სკოლის დირექტორს აუცილებლად
ვაცნობებთ."-ამბობს რახმან ნასიბოვი.
ელნურ სადიგოვის თქმით, კარგი იქნება, თუ ძალადობის თემაზე
მოსწავლეებს მეტ ინფორმაციას მიაწვდიან.
- "ბავშვებს უნდა გვითხრან, ასეთ შემთხვევებში როგორ მოვიქცეთ, როგორ
დავიცვათ თავი. თუკი სკოლაში ვინმე ამ თემაზე შეხვედრას ჩაატარებს,
სიამოვნებით დავესწრებით."
ზურაბ ქართლელიშვილი მუღანლოს საჯარო სკოლის პედაგოგია. პროფესიით
ისტორიკოსია, თუმცა მიმდინარე წელს მერვე და მეცხრე კლასელებს
სამოქალაქო განათლებასაც ასწავლის. ამბობს, რომ სასწავლო პროგრამა
უშუალოდ ბულინგის თემას არ მოიცავს, თუმცა ზოგადად, აღსაზრდელებს
ძალადობის შესახებ ესაუბრება.
-"რამდენადაც სასწავლო პროგრამა გვაძლევს ამის საშუალებას,
აღსაზრდელებს ვაწვდით ინფორმაციას, რომ ისინი არ იყვნენ არც ჩაგრულები
და არც მჩაგვრელები. ჩვენ, მასწავლებლები ამაზე მეტს ვერ ვახერხებთ.
მინდა გითხრათ, რომ ბულინგი ჩვენს სკოლაში არ ხდება, თუმცა ხანდახან
ბავშვები წაეკიდებიან ხოლმე ერთმანეთს, ეს შემდგომში იქვე დასრულებულა
და სერიოზული სახე აღარ მიუღია. წელს პირველად არის ჩვენს სკოლაში
მანდატური, ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ბავშვები
მეთვალყურეობის ქვეშ არიან. "
გასულ წელს სახელმწიფომ სამოქალაქო განათლების პედაგოგები გადაამზადა.
ტრენინგის თემა იყო "ბულინგის პრევენციისა და ტოლერანტული კულტურის
წახალისება". სემინარში მასწავლებლები თავიანთი სურვილით ჩაერთვნენ.
თუმცა მონაწილეობა არ მიუღიათ იორმუღანლოს თემის საჯარო სკოლების
სამოქალაქო განათლების პედაგოგებს. როგორც ისინი ამბობენ, ამის
შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სამოქალაქო
განათლების კონსულტანტის ნინო ბესელიას თქმით, შეხვედრებზე საუბარი
ეხებოდა, ბულინგის გამომწვევ მიზეზებს, ასევე სტიგმასა და
სტერეოტიპებს, კომუნიკაციის ხერხებს, კონფლიქტსა და მისი მოგვარების
გზებს, ტოლერენატობასა და ძალადობის სახეებს.
- "მასწავლებლებმა შეიტყვეს, თუ როგორ უნდა დაეხმარნენ ბულინგის
მსხვერპლს. ეს ყველაფერი ხდებოდა ინტერაქტიული მეთოდოლოგიით და
ტრადიციული ლექციის სახე არ ჰქონდა. პედაგოგები გაეცნენ როგორც ჩვენს,
ასევე საერთაშორისო კანონმდებლობას, ნახეს სხვადასხვა ფილმები.
ტრენინგის მონაწილეებმა გაიგეს, როგორ უნდა ამოიცნონ ძალადობის
მსხვერპლი ბავშვი და ამ დროს ვის უნდა მიმართონ. გაეცნენ საინტერესო
კვლევებს და მათ შემდეგ თავად გამოიტანეს დასკვნა, რა მდგომარეობაა
საგანმანათლებლო დაწესებულებებში ძალადობის კუთხით. ვფიქრობთ,
მომავალში ტრენინგები სამოქალაქო განათლების პედაგოგებთან ერთად,
კლასის დამრიგებლებსაც ჩავუტაროთ."
არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის"
აღმასრულებელი დირექტორი ანა არგანაშვილი ამბობს, რომ სამოქალაქო
განათლება მნიშვნელოვანი დარგია, თუმცა სახელმწიფო მხოლოდ ამ საგნის
პედაგოგების გადამზადებით არ უნდა შემოიფარგლოს.
-"სამოქალაქო განათლების პედაგოგებს მოსწავლეებთან კვირაში მხოლოდ
მაქსიმუმ ორსაათიანი შეხვედრა უწევთ. თუკი საგანმანათლებლო
დაწესებულებაში, ადმინისტრაციის თანამშრომელსა და სხვა პედაგოგს
არანაირი ინფორმაცია არ აქვს ბულინგზე, დიდი კონტრასტი გვექნება.
კარგი იქნება თუ გადამზადებული მასწავლებლები იკისრებენ
პასუხისმგებლობას და თავიანთ კოლეგებსაც მიაწვდიან ინფორმაციას.
მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ სკოლაში გაიზომოს თუ რამდენად ეფექტურად
დაიხარჯა თანხა. იქნებ დამრიგებლების გადამზადება ჯობდა, ან კიდევ
დატრენინგება დირექტორებიდან დაგვეწყო."
ანა არგანაშვილის შეფასებით, ბულინგის პრობლემა მწვავედ დგას არა
მარტო საქართველოში, არამედ საზღვარგარეთ, თუმცა ჩვენს ქვეყანაში
განსაკუთრებით თვალშისაცემია ცოდნისა და კომპეტენციის ნაკლებობა.
-"დღესდღეობით ბულინგის საკმაოდ ბევრი ფაქტი ხდება ცნობილი, თუმცა
სახელმწიფოს რეაგირება ძალიან მწირია. როგორც ვიცით, საგანმანათლებლო
დაწესებულების მანდატურის სამსახურში ფუნქციონირებს ფსიქოლოგიური
მომსახურების ცენტრი, რომლის ამოცანაცაა მოსწავლეების სხვა
საჭიროებებთან ერთად, ბულინგის მართვაც. ჩვენ მათგან მოვითხოვეთ
ინფორმაცია იმ ბავშვების შესახებ, ვინც სხვადასხვა ძალადობის მსვერპლი
გახდა. ირკვევა, რომ კონსულტაციის საერთო რაოდენობა 3856-ს შეადგენს.
საკითხები არ არის კლასიფიცირებული და ვერ ვიგებთ აქედან რამდენია
ბავშვი, რამდენი მშობელი, ვერ ვიგებთ რამდენი ბავშვის ცხოვრება
გაუმჯობესდა ფსიქოლოგიური ჩარევით, რამდენმა შეძლო იმავე სკოლაში
დარჩენა, რა ეფექტი ჰქონდა კონსულტაციას აკადემიურ მოსწრებაზე და ა.შ.
ეს ნიშნავს, რომ აღმოჩენილი დახმარება ძალიან მწირი და
არასრულფასოვანია. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა რაიონებში.
თბილისში შედარებით უკეთესი სიტუაციაა, იმიტომ, რომ იქ არასამთავრობო
სექტორი მუშაობს."
მისივე თქმით, სახელმწიფოს მხრიდან სათანადოდ არ არის გაცნობიერებელი
ბულინგის დამაზიანებელი ეფექტი, რამაც შესაძლოა გააუარესოს როგორც
მსხვერპლის, ასევე სხვა მოსწავლეების მდგომარეობა. ხშირ შემთხვევაში
ბულინგის განმახორციელებელზე ხდება მთელი რიგი შეტევა, რაც არასწორია.
აბსოლუტურად ყველა ბავშვი იმსახურებს იმას, რომ არ იყოს გარიყული და
სტიგმატიზირებული.
-"ორივე მხრიდან ჩართული ბავშვი მსხვერპლია და ორივესთან ერთნაირადაა
სამუშაო. ზოგჯერ, სასწავლო დაწესებულებებში პრობლემაზე ხდება სრული
იგნორირება, ამ დროს ბულინგი ვისკენაცაა მიმართული, ის სრულიად მარტო
რჩება, რასაც მძიმე შედეგი შეიძლება მოჰყვეს. მასწავლებლები არა თუ არ
ერევიან, შეიძლება მაპროვოცირებლებიც კი გახდნენ."
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ექვემდებარება მანდატურის
სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი. დღეისათვის
საქართველოში ასეთი სულ 5 ცენტრია: თბილისში, რუსთავში, ბათუმში,
თელავსა და გორში. ის ფსიქოლოგების, ბავშვთა ფსიქიატრებისა და
სოციალური მუშაკებისგან არის დაკომპლექტებული და ფსიქო-სოციალურ
მომსახურებას უწევს ქცევითი, ასევე ემოციური პრობლემების მქონე
მოსწავლეებსა და მათი ოჯახის წევრებს, ამასთან ერთად, ეხმარება
სხვადასხვა საკითხების მოწესრიგებაში, მათ შორის, თანატოლებთან
პრობლემური ურთიერთობის მოგვარებაში.
როდესაც ბავშვს ე.წ "საეჭვო ქცევა" აქვს, მანდატური, დამრიგებელთან
ერთად, ავსებს სპეციალურ რეფერალის ფორმას (ბავშვის შესახებ
ინფორმაციას შეიცავს) და აგზავნის საერთო ბაზაში. მოზარდს ფსიქოლოგიურ
ცენტრში ადგილმდებარეობის მიხედვით ანაწილებენ. კახეთის საჯარო სკოლის
მოსწავლეებს თელავში ამისამართებენ. კონსულტაციას, სურვილის
შემთხვევაში, გადის ძალადობის განმახორციელებელიც. ფსიქოლოგიური
მომსახურების ხანგრძლივობა ინდივიდუალურია, თუმცა ზოგადად 8-10
შეხვედრას მოიცავს.
მანდატურის სამსახურმა დაახლოებით სამი კვირის წინ დაიწყო პროექტი
სახელწოდებით "თვითდესტრუქციული და ძალადობრივი ქცევის ამოცნობა და
პრევენცია", რომლის ფარგლებში, დღეის მდგომარეობით საჯარო სკოლებში 12
შეხვედრა გაიმართა. საპილოტე პროექტი ერთი წლის განმავლობაში
მზადდებოდა. "შეხვედრები მოიცავს ყველა სკოლას, როგორც საჯაროს, ისე -
კერძოს. მასში ჩართვა შეუძლიათ, როგორც პედაგოგებს და პირველიდან
მეცხრე კლასამდე მოსწავლეებს, ასევე მათ მშობლებს. ეს უზარმაზარი
პროექტია, რომელიც აქამდე არ განხორციელებულა. მისი მიზანია, თავად
ბავშვებმა და მშობლებმა მოახერხონ ძალადობრივი ქცევის ამოცნობა. მათ
უნდა შეძლონ რეაგირების სწორი ფორმების შესწავლა. ტრენინგს ატარებს
მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური ცენტრი და არასამთავრობო
ორგანიზაცია "არს ვივენდი,"-აღნიშნა მანდატურის სამსახურის უფროსის
მოადგილე ლევან ზარდალიშვილმა.
საქართველოს საჯარო სკოლებში ბულინგის შემთხვევების ზუსტი
სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს. სკოლაში ძალადობის ეროვნული
კვლევა 2007 წლის შემდეგ არ ჩატარებულა, რომელიც განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდმა ერთობლივად
განახორციელა.
-"ბულინგი" ე.წ დაშინება, დაჩაგვრა, სკოლებში ძალადობის ერთ-ერთი
ყველაზე გავრცელებული ფორმაა მთელს მსოფლიოში და ამ მხრივ,
გამონაკლისი არც საქართველოა. უახლესი კვლევა ამ სფეროში არ გვაქვს.
სკოლებში ბავშვთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევა 2007 წელს ჩატარდა
და გამოვლინდა, რომ ბულინგი ყველაზე ხშირად ხდება სკოლის ეზოში,
სკოლის ახლომდებარე დაფარულ ადგილებში, დერეფნებში, ასევე სკოლისაკენ
მიმავალ და სკოლიდან მომავალ გზაზე. ეს არის ის ადგილები, სადაც
ბავშვებზე ნაკლებად სავარაუდოა, რაიმე ზედამხედველობა ხორციელდებოდეს.
ამ პრობლემასთან ბრძოლისას მნიშვნელოვანი იქნება დამატებითი
ზედამხედველობისთვის სამიზნე არეალში მოხვდეს "ცხელი წერტილები"
(როგორიც არის სკოლის სპორტული მოედანი, სკოლასთან ახლოს მდებარე
ხეებით დაფარული ადგილი, ასევე სკოლაში თავშეყრის ადგილები)."-
აღნიშნა გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელმა
მაია ქურციკიძემ.
2007 წელს განხორციელებულმა კვლევამ დაადგინდა, რომ სხვადასხვა ფორმის
ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა ბავშვების 80%-ს ჰქონდა განცდილი.
აქედან 47%-ზე ძალადობა უშუალოდ სკოლაში ხორციელდებოდა.
გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის თანახმად, ბავშვებს უფლება აქვთ
დაცული იყვნენ ყველა სახის ძალადობისგან. სახელმწიფომ უნდა მიიღოს
აუცილებელი ზომები, რათა ბავშვი დაიცვას სხვადასხვა ფორმის ფიზიკური
თუ ფსიქოლოგიური ძალადობისაგან. საქართველო გაეროს ბავშვის უფლებათა
კონვენციას 1994 წელს შეუერთდა.
სტატიის აზერბაიჯანული ვერსია
მასალის გამოყენების პირობები