საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და Microsoft-მა
ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც საქართველოს
სკოლებში სწავლა-სწავლების პრაქტიკების მხარდასაჭერად, Wi-Fi
ტექნოლოგიის დანერგვის კუთხით თანამშრომლობას ეხება.
თანამშრომლობა მიზნად ისახავს საქართველოს სკოლებში Wi-Fi
ინფრასტრუქტურის დანერგვაში დახმარების გაწევას. Microsoft-ი ასევე,
მხარს დაუჭერს მასწავლებლებს და სკოლის ლიდერებს საგანმანათლებლო
კონტენტით, სასწავლო მასალებითა და ექსპერტიზით, რათა ხელი შეუწყოს
ინტერნეტით სარგებლობას და ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებას
სწავლა/სწავლების პროცესში.
პროექტის საწყის ფაზაში, 2016-2017 სასწავლო წლის განმავლობაში,
Microsoft-ი უფასოდ დანერგავს Wi-Fi ტექნოლოგიას ქვეყნის დიდი და
პატარა ქალაქების 32 სკოლაში. განათლების სამინისტროს ხანგრძლივი
სტრატეგია მდგომარეობს იმაში, რომ ინტერნეტით უზრუნველყოს საქართველოს
მთელი სასკოლო საზოგადოება. ამ სკოლებიდან მრავალს აქვს წვდომა
ინტერნეტთან, თუმცა არ აქვთ Wi-Fi ინფრასტრუქტურა.
ამ პროექტით მასწავლებლები და მოსწავლეები შეძლებენ ინტერნეტთან
დაკავშირებას სკოლაში, რაც მოხსნის ცოდნასთან წვდომის ბარიერს.
ხელშეკრულება ასევე მოიცავს Office 365 ქლაუდ სერვისს, რაც Wi-Fi-ის
ქსელთან ერთად მოსწავლეებს და მასწავლებლებს დაეხმარება
თანამშრომლობითი სასწავლო პრაქტიკის დანერგვაში და იმ უნარების
განვითარების შესაძლებლობას მისცემს, რომელსაც 21-ე საუკუნის სამუშაო
გარემო მოითხოვს.
Microsoft-ი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან
უკვე 7 წელია თანამშრომლობს, ატარებს ტრენინგებს და კონფერენციებს
მასწავლებლებისთვის, აწყობს სემინარებს და კონსულტაციებს საინფორმაციო
ტექნოლოგიების დანერგვის სტრატეგიებზე. თანამშრომლობა ასევე
გულისხმობს სხვადასხვა მასშტაბური ინიციატივის, მათ შორის,
პირველკლასელთა კომპიუტერის პროგრამის მხარდაჭერას, ქლაუდ სერვისების
დანერგვას ადმინისტრაციული და სასწავლო მიზნებისთვის, სასკოლო
კომპიუტერების განახლებას უახლესი ოპერაციული სისტემით და საოფისე
პროგრამებით, ინოვაციური საგანმანათლებლო მოდელების განვითარების
მხარდაჭერას მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის.
მასალის გამოყენების პირობები