ინგლისური ენისა და ფიზიკის მასწავლებლებისთვის ტრენინგზე რეგისტრაცია დაიწყო
იმ პედაგოგებისათვის, რომელთაც სურვილი აქვთ ტრენინგები გაიარონ
ინგლისურ ენასა და ფიზიკაში, რეგისტრაცია უკვე დაიწყო. პროექტი
მოიცავს პროფესიული უნარ-ჩვევების გაზრდასა და დახვეწას. მოხდება
სწავლების ინოვაციური მეთოდების შესწავლა და მათი დანერგვა
საგაკვეთილო პროცეში.
ბრიტანეთის საბჭოს პროექტის ფარგლებში, მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნული ცენტრი ინგლისური ენის პედაგოგებს სთავაზობს
1-კრედიტიან (16 საკონტაქტო და 9 არასაკონტაქტო საათი) ტრენინგს
თბილისსა და საქართველოს რეგიონებში.
ტრენინგის მონაწილეები იმუშავებენ საოფისე აპლიკაციებისა და ვიდეოს
გამოყენებაზე ენის გაკვეთილების დაგეგმვისა და ჩატარების პროცესში;
გაეცნობიან სტრატეგიებს, თუ როგორ განუვითარონ მოსწავლეებს კითხვის
უნარ-ჩვევები ციფრული ინსტრუმენტების საშუალებით, რა გზებით არის
შესაძლებელი ლექსიკის ონლაინ სწავლება, როგორ მოახერხონ მოსმენისა და
ზეპირმეტყველების უნარ-ჩვევის განვითარება ონლაინ აუდიო-რესურსების
დახმარებით. ასევე, რა კონკრეტული ონლაინ-რესურსი შეუძლიათ მათ
შეარჩიონ ბრიტანეთის საბჭოს მიერ შემოთავაზებული რესურსებიდან,
ეროვნული სასწავლო გეგმით დასახული შედეგების მისაღწევად.
ტრენინგის გავლის მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ მიმდინარე წლის
10 სექტემბრამდე.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი კი, საჯარო
სკოლის, ფიზიკის მასწავლებლებს სთავაზობს ტრენინგს- „სასკოლო
ექსპერიმენტები ფიზიკაში ლაბორატორია "PHYWE" -ს დახმარებით“.
1-კრედიტიანი ტრენინგ-მოდული, რომელიც შედგება 24 საკონტაქტო და 6
არასაკონტაქტო საათისგან, გათვლილია მსმენელების საგნობრივი ცოდნის
გაღრმავებაზე და სწავლების პროცესში ლაბორატორიული ექსპერიმენტების
გამოყენებაზე.
ტრენინგები ჩატარდება ილიას უნივერსიტეტში განთავსებულ ფიზიკის
ლაბორატორიაში. ტრენინგის გავლის მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ
მიმდინარე წლის 1 სექტემბრამდე.
სატრენინგო აქტივობები და დავალებები შესაბამისობაშია სწავლების
თანამედროვე მეთოდიკასთან და ეროვნულ სასწავლო გეგმასთან. ტრენინგი
რეკომენდებულია საჯარო და კერძო სკოლის ყველა მოქმედი
მასწავლებლისთვის.
მასალის გამოყენების პირობები