ლანა გულოშვილი
არასამთავრობო ორგანიზაციამ _ `ვეჯინი-XXI~ გურჯაანის, შოთა რუსთაველის სახელობის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, 9 მარტს ინტელექტუალური თამაშის – რა? სად? როდის? სერია წამოიწყო. პროექტში გურჯაანის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლის უფროსკლასელები მონაწილეობენ. თამაში რამდენიმე ტურისგან შედგება და გუნდები ერთმანეთს ფინალამდე ყოველ პარასკევს IQ -სა და ცოდნის გამოვლენაში შეეჯიბრებიან.
გამარჯვებულ სკოლას ორგანიზატორები საპრიზო თასს გადასცემენ. არასამთავრობო ორგანიზაცია `ვეჯინი-XXI~-ის ხელმძღვანელის ჯემალ სეფიაშვილის თქმით, თამაში მოსწავლეების თხოვნით წამოიწყეს. `თამაშში ინტელექტუალური და აქტიური ბავშვები ჩაერთნენ. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ახალგაზრდების ცოდნის გაღრმავებას. ვცდილობთ მათი თავისუფალი დრო ამ მიმართულებით შევავსოთ. ამ ეტაპზე ეს პროექტი ერთჯერადად ხორციელდება, თუმცა გვაქვს სხვა ბევრი საინტერესო ინიციატივა, რომლებსაც აუცილებლად გავუწევთ ორგანიზებას.~ თამაშზე დასმული შეკითხვები არ იყო სასკოლო პროგრამიდან და ზოგადად სფეროს მოიცავდა. პასუხები იყო ძალიან საინტერესო, ლოგიკურ და სააზროვნო პრინციპზე აგებული. ინტელექტუალური თამაში მიჰყავდა და კითხვები შეადგინა პაატა ჩახვაშვილმა:
"ამ ეტაპზე მოხდა ჩემი და არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომლობა. კითხვები მოვიძიე და შევადგინე. როგორც ამ საქმეში გამოცდილ ადამიანს, თამაშის გაძღოლაც მომანდეს. კარგია, რომ ასეთი პროექტები იგეგმება და ხორციელდება, ფინალამდე რამდენიმე ტურია, ბავშვებს ეტყობათ მოწადინება და მოტივაცია. თითოეულ გუნდს წარმატებებს ვუსურვებ," _ გვითხრა პაატა ჩახვაშვილმა.
პირველი ტური 15 კითხვისგან შედგებოდა, მათ შორის ბოლო კითხვა _ ბლიცი _ კაპიტნებისთვის იყო განკუთვნილი. პირველ ადგილზე 10 ქულით გავიდა გუნდი _ `დარტანიანი, 3 მუშკეტერი და 2 სხვა~. მეორე ადგილი კი 7 ქულით დაიკავა გუნდმა `ადვოკატები~. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დანარჩენი მონაწილენი თამაშს გამოეთიშნენ. მათ კიდევ აქვთ შანსი, შემდეგ ეტაპებზე გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები. თითოეული გუნდის მიერ მოპოვებულ ქულათა რაოდენობას დაემატება მომდევნო ტურების შედეგებიც. პროექტის კურატორი, სერგი შახნაზაროვი ამბობს, რომ ასეთი ღონისძიებები მომავალი თაობების განვითარების თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანია.
"ისინი იღებენ გამოცდილებას, იგებენ ბევრ საინტერესოს და სწავლობენ ურთიერთობებს. ეჩვევიან, როგორც გამარჯვების სწორად აღქმას, ასევე დამარცხების ღირსეულად მიღებას." ინტელექტუალური თამაშის მომდევნო ტური პარასკევს გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები