აპრილის შუა რიცხვებიდან გურჯაანის პირველი და მეოთხე საბავშვო
ბაგა-ბაღები დაიკეტება. მიზეზი სარემონტო სამუშაოებია.
სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების ხელმძღვანელის ლელა
თევდორაშვილის ინფორმაციით, ორივე ბაღში 380-მდე აღსაზრდელი ირიცხება,
რომლებიც მშობლების სურვილისამებრ სხვადასხვა ბაღებში
გადანაწილდებიან.
"პირველ რიგში, მოხდება დასაქმებული მშობლების შვილების და სოციალურად
დაუცველი აღსაზრდელების დაკმაყოფილება. ბავშვები მეორე და მესამე
ბაღებში გადანაწილდებიან. ის აღსაზრდელები, რომლებიც სოფელ
გურჯაანიდან და ჩუმლაყიდან დადიან, სურვილისამებრ თავიანთი სოფლის
ბაღებში ივლიან. მეორე ბაღში გვაქვს ფართი და იქ 4 ახალი ჯგუფი
გაიხსნება. დაახლოებით 40-მდე ბავშვი ნომერ მესამე ბაღში გადავა.
გარკვეული ნაწილი კი სოფელ გურჯაანის ბაღში, სადაც კიდევ ერთ ახალ
ჯგუფს დავამატებთ. არც ერთ ბავშვს ბაღის გარეშე არ
დავტოვებთ."-გვითხრა მან.
ლელა თევდორაშვილმა მომსახურე პერსონალზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ
ისინი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ.
"მოხდება ორივე ბაღის თანამშრომლების გადანაწილება. ოთხი ჯგუფი
პირდაპირ გადავა, მეორე ბაღში და მომსახურე პერსონალიც გაყვება.
დანარჩენებზე დაწესდება მორიგეობა და დღეეები თანაბრად გადანაწილდება.
რაც შეეხება ანაზღაურებას, ყველა ჩვეულებრივ მიიღებს. არა აქვს
მნიშვნელობა ათ დღეს იმუშავებს, თუ ოცს."
მისივე თქმით, ორივე ბაღში კაპიტალური რემონტი ჩატარდება.
" გამოიცვლება კარ-ფანჯარა, იატაკი. ოთახებში გაკეთდება კოსმეტიკური
რემონტი. მთლიანად შეიცვლება სანტექნიკა. ჯგუფებში იქნება ცხელი
წყალი, ვენტილაცია და რაც მთავარია, გაკეთდება ცენტრალური გათბობა.
როდესაც ქალაქის ბაღები გარემონტდება , ამის შემდეგ პრიორიტეტებს
შევარჩევთ და ნელა-ნელა ყველა ბაღს ამ დონემდე მივიყვანთ."
შეგეხსენებთ, რომ პირველი და მეოთხე ბაგა-ბაღებისთვის რეგიონებში
განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 722 ათას 630 ლარია
გამოყოფილი.
მასალის გამოყენების პირობები