“მე და საზოგადოების” სწავლება სკოლებში 2017-2018 წლიდან დაიწყება
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის განცხადებით,
ახალი საგნის "მე და საზოგადოების" სწავლება სკოლებში 2017-2018
აკადემიური წლიდან დაიწყება.
"პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი ნაბიჯი და
მითუმეტეს, როდესაც ვსაუბრობთ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომლის
ბენეფიციარიც არის ძალიან ბევრი ახალგაზრდა, მართლაც იყოს შეჯერებული
და პოზიცია ჩამოყალიბებული. ასეთი პოზიცია ვერ იქნებოდა, თუ არ
იქნებოდა შესაბამისი არგუმენტაცია, რატომ და როგორ ვაკეთებთ, რამდენად
საჭიროა. მთელი წლის განმავლობაში ჩვენ აქტიურად ვიხილავდით იმ
კვლევის შედეგებს და მათ შორის, სავალალო შედეგებს, რომელიც გვქონდა
ამ კუთხით ახალგაზრდებთან მიმართებაში. სწორედ ეს და ეროვნული
სასწავლო გეგმის შედარებითი ანალიზი იყო მიზეზი, რამაც გვაფიქრებინა,
რომ უმჯობესია გარკვეულ საკითხებზე აქცენტი გაკეთდეს ასეთი სტრუქტურით
და არ დავრჩეთ იმ სტრუქტურით, რომლითაც დღეს ეს საკითხები ეროვნულ
სასწავლო გეგმის ფარგლებში ისწავლება. არაერთი განხილვა, ანალიზი
გაიმართა და მივედით იმ წერტილამდე, როდესაც ჩვენ გარე რეფერირებაც კი
ჩავატარეთ და სხვადასხვა დაწესებულებიდან, ორგანიზაციიდან წერილობითი
რეცენზიები მოვითხოვეთ. ამ მომენტისთვის მიღებული რეკომენდაციები
მუშავდება", – განაცხადა სანიკიძემ.
აღნიშნული საგნის სტანდარტი განიხილა უმაღლესმა სასწავლებლებმა,
საჯარო სკოლებმა, ასევე ეროვნულმა აკადემიამ.
განათლების მინისტრის თქმით, არის უფრო პროფესიონალური და მეთოდური
რეკომენდაციები, რომელიც დამუშავდება და შესაძლოა, საბოლოო ვერსიაში
აისახოს. მისივე თქმით, შემდეგ დაიწყება მუშაობა
სახელმძღვანელოზე, მასწავლებლებისთვის გადამზადების მოდელის შექმნაზე,
მეთოდური მოდელის შემუშავებაზე.რაც შეეხება ვადას, თუ როდის დაიწყება
სკოლებში აღნიშნული საგნის სწავლება, თამარ სანიკიძის თქმით,
თავიდანვე დაგეგმილი იყო, რომ ახალი საგანი ეროვნულ სასწავლო გეგმაში
შევიდოდა და სკოლები მის სწავლებას 2017-2018 აკადემიური წლიდან
დაიწყებდნენ.
მასალის გამოყენების პირობები