ანანო კორკოტაშვილი
"სპექტრისთვის" ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე წელს, თუკი მოსწავლე საატესტატო გამოცდებს ვერ ჩააბარებს, მხოლოდ სრული ზოგადი განათლების სერტიფიკატს, ე.წ. `მოისმინას~ მიიღებს, რის შემდეგაც სწავლის გაგრძელებას ვერც უმაღლეს და ვერც პროფესიულ სასწავლებელში შეძლებს, ასევე ვერ აიღებს მართვის მოწმობას. ამ მიზეზით მოსწავლეების უმრავლესობა სკოლიდან საბუთების გამოტანას ფიქრობს. თუმცა აღნიშნულ ინფორმაციას არც სკოლის დირექცია და არც მეცნიერებისა და განათლების გურჯაანის რესურსცენტრი ადასტურებს.
გავრცელებული ინფორმაციით, განათლების სამინისტროში გატარებული რეფორმების საფუძველზე, ყველა მე-12 კლასელი, ვინც საატესტატო გამოცდებში მიიღებს მონაწილეობას და ქულათა გამსვლელ ბარიერს ვერ გადალახავს, სრული ზოგადი განათლების სერტიფიკატს მიიღებს. ასეთ შემთხვევაში, მათ არც 9 კლასის ატესტატს გადასცემენ. თუმცა, მოსწავლეებს მეორე შანსიც აქვთ და შეუძლიათ მომდევნო წელს კვლავ ჩაირიცხონ მე-12 კლასში, მაგრამ დაფინანსება თავად უნდა უზრუნველყონ. აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლის პედკოლექტივიც ფლობს, თუმცა ამის შესახებ ღიად არავინ საუბრობს. როგორც ამ სკოლის ერთ-ერთმა მასწავლებელმა ჩვენთან არაოფიციალურ საუბარში აღნიშნა, მოსწავლეებმა სკოლიდან საბუთების გატანა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ეს ინფორმაცია გავრცელდა. ბავშვების გარკვეულ ნაწილს გაუჩნდა სურვილი, ე.წ. `მოისმინა“ მოწმობის ნაცვლად, 9 კლასის ატესტატი აიღოს, რადგან ამ შემთხვევაში იმის შესაძლებლობა მაინც ექნება, პროფესიულ სასწავლებლებში განაგრძოს სწავლა, რაც ზემოთ აღნიშნულ შემთხვევაში შეუძლებელია. მათთვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ისიც, რომ მოქალაქეს `მოისმინა~ სერტიფიკატით მართვის მოწმობის აღების უფლებაც აღარ ექნება. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, სწორედ ამ ფაქტებიდან გამომდინარე, სოფელ გურჯაანის, საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებმა სწავლის შეწყვეტის მოთხოვნით დირექტორის სახელზე განცხადებები დაწერეს. იმ მიზნით, რომ წელი არ დაკარგონ, ისინი ჩქარობენ საჭირო დოკუმენტაციის სკოლიდან გატანას, რადგან პროფესიულ სასწავლებლებში მიღება მარტიდან იწყება. "მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ თუ ატესტატი არ გექნება, უმაღლესში კი არა,Pპროფესიულ სასწავლებელშიც ვერ ჩააბარებ და ვერც მართვის მოწმობას აიღებთო, ძალიან შევწუხდი. გადავწყვიტე საბუთები გავიტანო და ისევ 9 კლასის ატესტატით ვისარგებლო, იმას უფრო მეტად გამოვიყენებ. უბრალოდ, ზუსტად არ ვარ ჩამოყალიბებული, როგორ მოვიქცევი," _ აღნიშნა მე-12 კლასის მოსწავლემ `სპექტრთან~ საუბარში.
მოსწავლეების თქმით, პრობლემას ისიც ქმნის, რომ შესაძლოა, მიმდინარე წელს, საატესტატო გამოცდები გართულდეს, რაც ბარიერის გადალახვაში უფრო მეტად შეუშლით ხელს. "მაინც და მაინც კარგად არ ვსწავლობ. ამიტომ ვშიშობ, რომ გამოცდებს წარმატებით ვერ ჩავაბარებ, მით უმეტეს, თუ წელს პირობები გართულდება. შარშან პირველი წელი იყო და შედარებით იოლად ჩაიარა, წელს არ ვიცით რა იქნება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მართვის მოწმობის გარეშე დარჩენა ნამდვილად არ მინდა. თუ ეს მხოლოდ ჭორია და სიმაართლეს არ შეესაბამება, რა თქმა უნდა, სკოლას არ დავტოვებ," _ გვითხრა სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლის მოსწავლემ.
ახალი კანონის შესახებ სკოლის დირექციაში კომენტარს არ აკეთებენ, რადგან სასწავლო ნაწილის, ლია ბიბილაშვილის თქმით, ამის შესახებ ოფიციალური მითითება არ მიუღიათ. თუმცა პირად საუბარში ამბობს, რომ სკოლიდან გასვლის მოთხოვნით რამდენიმე მოსწავლემ განცხადება უკვე დაწერა, მაგრამ დირექტორს ჯერ ხელი არ მოუწერია. იგივეს ამბობენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გურჯაანის რესურსცენტრშიც. ხელმძღვანელმა, ლალი გაბიტაშვილმა `სპექტრთან~ სატელეფონო საუბრისას განმარტა, რომ მსგავსი ბრძანება არ მიუღიათ და შესაბამისად, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
მასალის გამოყენების პირობები