პარლამენტი 15-მდე კანონში ცვლილების შესატანად ემზადება, რომლის შედეგადაც სკოლამდელი აღზრდის სისტემაში რადიკალური ცვლილებები მოხდება.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ საქართველოს კანონის პროექტის" პრეზენტაცია გაიმართა. ეკა ბესელიას განმარტებით, რეფორმა ყველა ბავშვის ინტერესებზე ორიენტირებული იქნება. მისივე თქმით, ბაგა-ბაღებში თანამედროვე სტანდარტის ინფრასტრუქტურა, კვება და ყველა აუცილებელი პირობა შეიქმნება.
„ეს არის უმნიშვნელოვანესი რეფორმა, რომელიც პირველად იწყება საქართველოში და მიზნად ისახავს მაღალი საერთაშორისო სტანდარტების განათლების შეთავაზებას სკოლამდელ ასაკში და ბავშვებისთვის ევროპული სტანდარტების შესაბამისი პირობების შექმნას. ამასთანავე, გულისხმობს საუკეთესო განათლებასთან ერთად უსაფრთხო, ძალადობისგან სრულად დაცულ გარემოს, ახალი ინფრასტრუქტურული და ტექნიკური აღჭურვილობით შექმნილ საუკეთესო გარემოს, ჯანსაღ კვებას, ჰიგიენურ-სანიტარიულ პირობებს", - განაცხადა მან
ბესელიას თქმით, რეფორმა ორი წელია გაერო-ს ბავშთა ფონდის (UNICEF) და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ მზადდება. პროექტი 2013 წელს დეკემბერში დაიწყო, 2014 წლიდან კი მუშაობაში შესაბამისი სამინისტროების, საერთაშორისო ექსპერტების, ადგილობრივი თვითმართველობების, არასამთავრობო ორგანიზაციების, საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს, სურსათის ეროვნული სააგენტოს და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წარმომადგენლები ჩაერთვნენ.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ცვლილება როგორც საჯარო, ასევე კერძო ბაღებსაც შეეხებათ.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დააკისრეს ვალდებულება, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად ახალი სანიტარიულ-ჰიგიენური ტექნიკური რეგლამენტი შეიმუშაოს.
კონკრეტულად როდის შევა შესაბამის კანონებში ცვლილებები ჯერჯერობით უცნობია.
მასალის გამოყენების პირობები