თელავის ცხრა საბავშვო ბაღში ფსიქოლოგის შტატი გაუქმდა.
არასამთავრობოებისა და მშობლების თქმით, ეს არასწორი ნაბიჯია და საბავშვო ბაღებში მათი ყოფნა აუცილებელია.
- "რეალურად შტატი გაუქმდა, თუმცა არც ერთი თანამშრომელი არ გათავისუფლდა თანამდებობიდან. მათ შესთავაზეს ვაკანტური პოსტი აღმზრდელის თანაშემწედ. ზოგი დათანხმდა, ზოგმა უარი თქვა. დაემატა თხუტმეტი შტატი. გადაწყვეტილება მენეჯმენტის დაგეგმარების პროცესში მიიღო ბაღის გაერთიანების დირექტორმა.“- განუცხადეს speqtri.ge-ს მერიის პრესსამსახურში.
ნინო აბრამიშვილს საბავშვო ბაღში მუშაობის 33-წლიანი გამოცდილება აქვს. ოთხი წელი კი თელავის #3 საბავშვო ბაღის ფსიქოლოგი იყო.
- "საჭირონი აღარ ხართ და უნდა წახვიდეთო. აღმზრდელის თანაშემწეობა შემოგვთავაზეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ცოცხი და ვედრო მეკავოს ხელში. სასაცილო 170 ლარს გვაძლევდნენ ხელფასს."
ანა ბეციაშვილს ორი შვილი საბავშვო ბაღში დაჰყავს. მისი თქმით, ბავშვებთან ფსიქოლოგის მუშაობა აუცილებელია.
"არიან განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვები, რომლებსაც ფსიქოლოგის ჩარევა სჭირდებათ და არა მარტო მათ. თუკი ისინი ბაღში არ იქნებიან, გამოდის, რომ მშობელმა კერძო ფსიქოლოგთან უნდა ატაროს, რაც ფინანსებთანაა დაკავშირებული. ყველას ხომ არ აქვს ამის შესაძლებლობა?!“
აღნიშნულ თემაზე speqtri.ge არასამთავრობო ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” წარმომადგენელს ანა არგანაშვილს ესაუბრა.
- „ფსიქოლოგის როლი და ფუნქცია შეუცვლელია საბავშვო ბაღში და სკოლის წინარე პერიოდში. ამ დროს ბავშვის წინაშე ბევრი გამოწვევა დგას, სწავლობს საზოგადოებაში ინტეგრაციას, წინასასკოლო ჩვევების ჩამოყალიბებას, ზოგიერთ მათგანს პრობლემა აქვს ქცევასთან და საკუთარი თავის მოვლასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, მისი როლი მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს შორის არ იყოს ბულინგი და ძალადობა. საქართველოში ისედაც ჭირს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პრობლემების გადაჭრა, ამიტომ სამსახურდან ფსიქოლოგის გაშვება წარმოუდგენელია. ალბათ, ბაღის ხელმძღვანელობას ესაჭირეობოდა დამატებითი კადრი და ამას შეწირეს ფსიქოლოგის შტატი. თუ დამატებითი კადრი სჭირდებათ, ამისათვის სხვა თანხებით უნდა მოხდეს მათი უზრუნველყოფა.“
მისივე თქმით, ფსიქოლოგის როლს, ვერც ერთი აღმზრდელი ვერ იკისრებს.
„არც ერთ ბაღს არ აქვს უფლება, უარი თქვას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვის მიღებაზე. რა მოხდება, თუ ასეთი ბავშვი მივა ბაღში და არ დახვდება ფსიქოლოგი? გამოდის, რომ იმთავითვე ვწირავთ მას გარკვეული პრობლემებისთვის. ასეთ ბავშვებს პირდაპირ უზღუდავენ სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობას. ეს საერთაშორისო კონვენციით და შიდა კანონმდებლობით აკრძალულია. არასამთავრობოებმა უნდა მოვახდინოთ ამ პროცესის მონიტორინგი, თვითმმართველობას მოვთხოვოთ რამდენად ადეკვატურად ხდება სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაფინასნება, ხომ არ აქვს ადგილი ფინანსების არასწორ განკარგვას.“
ანა არგანაშვილის თქმითვე, ფსიქოლოგების გათავისუფლება, ან ფუნქციის დაკარგვა არა მხოლოდ ბაღს, არამედ თითოეულ ბავშვს დააზარალებს.
აქვე განვმარტავთ, რომ ქალაქის ბაღების გარდა, ფსიქოლოგები არც სოფლის სააღმზრდელო დაწესებულებებს ჰყავთ. ისინი სამსახურიდან 2014 წელს გაათავისუფლეს.
თამარ კაპანაძე
მასალის გამოყენების პირობები