ზვიად ბიაშვილი
10 ნოემბერს გურჯაანს ამერიკული კომპანია INTEL-ის წარმომადგენლები ეწვივნენ და რამდენიმე საჯარო სკოლაში ნეთბუქების დახმარებით ჩატარებულ ინტეგრირებულ გაკვეთილებს დაესწრნენ. ელექტრონული სწავლების პროექტი ქართულ სკოლებში პირველად 2011 წელს დაინერგა და სწორედ INTEL-ის ინვესტიციით განხორციელდა.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერის დიმიტრი პოპოვის თქმით, კომპანია INTEL-ის წარმოამდგენელთა ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის სასწავლო ნეთბუკები სწორედ ამ კომპანიის შექმნილია: "
მინდა გითხრათ, რომ კომპანია ინტელს აქვს პროექტი, რომლითაც ხელს უწყობს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ელექტრონული სწავლების მეთოდს, მათ რიცხვშია საქართველოც, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ხუთი წლის განმავლობაში აღნიშნული პროექტის ფარგლებში კომპანია მთელ მსოფლიოში ერთმილიარდიანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. ეს არის პროექტი `ინვესტიცია მომავალში~ (INVEST IN FUTURE), რომლის ერთ-ერთი ნაწილიც საქართველო იქნება."
დიმიტრი პოპოვის განმარტებით, INTEL-ის წარმომადგენელთა ვიზიტის მიზანია ადგილზე გაეცნონ ამ პროექტის მიმდიანრეობას და პედაგოგებს ინტეგრირებული გაკვეთილების ჩატარებასა და ნეთბუკების გამოყენებაზე ახალი რეკომენდაციები გაუწიონ. მისივე თქმით, ასეთი ვიზიტები მომავალშიც შედგება, ამ ეტაპზე კი ამერიკელმა სტუმრებმა ქალაქ გურჯაანის სკოლები მოინახულეს. INTEL-ის განათლების ტექნოლოგიების სპეციალისტის გარეთ ჰოლტჰაუსის თქმით, მათი ვიზიტის მიზანია ადგილზე დააკვირდნენ `ნეთბუკების პროგრამის~ მიმდინარეობას და განსაზღვრონ თუ რისი გაუმჯობესება შეუძლია ინტელს:
"ჩვენ ამის მსგავს პროექტს დაახლოებით ორმოცდაათ ქვეყანაში ვახორცილებთ. ეს პროგრამა საქართველოს ყველა სკოლაში დაინერგა. სხვა ქვეყნებში ელექტრონული მეთოდით სწავლება მხოლოდ ცალკეულ სკოლებსა და რეგიონებში ხორციელდება." ჰოლტჰაუსის თქმით, მთავარი პრობლემა ნეთბუკების ელემენტების სისუსტეა. მისივე განმარტებით, ამ ინფორმაციას ისინი აუცილებლად მიაწვდიან ინტელის ტექნიკოსებს და ხარვეზი მალე აღმოიფხვრება.
მასალის გამოყენების პირობები