ზვიად ბიაშვილი
უკვე რამდენიმე წელია, განათლების და მეცნიერების სამინისტრო სასკოლო ოლიმპიადების პროგრამას ახორციელებს, რომელიც სამ ეტაპად ტარდება: სასკოლო, რაიონული და რესპუბლიკური.
გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის ლალი გაბიტაშვილის თქმით, წელს პირველად ეძლევათ მოსწავლეებს საშუალება, რომ ელექტრონულად დარეგისტრირდნენ: "მოსწავლეები გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (წწწ.ნაეც.გე) უნდა შევიდნენ და სკოლის კოდით დარეგისტრირდნენ. ოლიმპიადები სხვადასხვა საგნებში ტარდება. მსურველებს შეუძლიათ ერთდროულად რამდენიმე საგანში მიიღონ მონაწილეობა."
გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის განმარტებით, მათემატიკის ტურში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ მეშვიდე კლასიდან, უცხო ენის და ინფორმატიკის ოლიმპიადაში მერვე კლასიდან, დანარჩენ საგნებში კი – მეცხრე კლასიდან: "ოლიმპიადის პირველი ეტაპი ნოემბერში ჩატარდება. იანვრის არდადეგების დროს გაიმართება რაიონული ოლიმპიადები, შემდეგ კი რესპუბლიკური. გამარჯვებული ბავშვები მონაწილეობას მიიღებენ ზაფხულის ახალგაზრდულ ბანაკებში, სადაც ინგლისური ენის ცოდნას გაიღრმავებენ. აქედან კიდევ მოხდება რამდენიმე ბავშვის შერჩევა, რომლებსაც დიდ ბრიტანეთში გააგზავნიან. წელს დიდ ბრიტანეთში ბაკურციხის საჯარო სკოლის მოსწავლე ცისია ბაწაშვილი გაემგზავრა, გასულ წელს იყო ვაზისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლე გოჩა მთვარელიშვილი," _ გვითხრა ლალი გაბიტაშვილმა.
ქალაქ გურჯაანის # 2 საჯარო სკოლის დირექტორის მანანა გზირიშვილის განმარტებით, მოსწავლეებს ოლიმპიადებზე დარეგისტრირება 27 ოქტომბრის ჩათვლით შეეძლებათ. მისივე თქმით, ოლიმპიადებზე გამსვლელ ბავშვებს მასწავლებლები დამატებით მეცადინეობებს ჩაუტარებენ, რაც ხელს შეუწყობს მათი ცოდნის გაღრმავებას.
მასალის გამოყენების პირობები