პირველად საქართველოში, ყრუ პირთა პროფესიული განათლება ჟესტური ენის თარჯიმნის დახმარებით, ჟესტურ ენაზე მიმდინარეობს.
დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აკადემიური ჟესტური ენის განვითარებისათვის განხორციელებული სამუშაოები სპეციალისტებმა შეაჯამეს, აქვე გაიმართა ვებგვერდის SignWiki-ის პრეზენტია. ვებგვერდი განკუთვნილია ყრუ პირთათვის, მათი მშობლებისთვის, ჟესტური ენის პედაგოგებისა და თარჯიმნებისთვის. შეხვედრა, რომელსაც პედაგოგები, ჟესტური ენის თარჯიმნები, ყრუ ადამიანები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ მინისტრმა თამარ სანიკიძემ გახსნა.
2013 წლიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „ინკლუზიური განათლების დანერგვა საქართველოს პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემაში“. აღნიშნული ინიციატივის მიზანია პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების/შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და სასწავლო პროცესის მათი ინდივიდუალური შესაძლებლობების, ინტერესებისა და საჭიროებების შესაბამისად წარმართვა.
სამინისტროს ინფორმაციით, თითოეული სტუდენტისათვის სასწავლო პროცესის ხელშეწყობა მისი საჭიროების შესაბამისად მიმდინარეობს. პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში აქტიურად არიან ჩართულნი ყრუ პირები, რომელთათვისაც პროფესიული განათლება ჟესტური ენის თარჯიმნის ჩართულობით, ჟესტურ ენაზე მიმდინარეობს. ყრუ სტუდენტებისათვის იდნიდვიდუალური საჭიროებების გათვალიწინებით არის ორგანიზებული პროფესიული ტესტირების პროცესი შედეგად კი, 2013 წლიდან დღემდე 53 ყრუ პირმა მიიღო პროფესიული განათლება.
მათივე ცნობით, 2013 წლიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს მხარდაჭერით, საფუძველი ჩაუყარა პროფესიული განათლების მიმართულებით აკადემიური ჟესტური ენის განვითარებას ვინაიდან, ძალიან მწირია ჟესტები, რომელიც საშუალებას იძლევა პროფესიული განათლების მიწოდების პროცესში სრულყოფილად იქნეს მასალა თარგმნილი.
"2013 წლიდან დღემდე განხორციელდა: პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სწავლებასთან დაკავშირებული ქართული ჟესტების იდენტიფიცირება, რეგისტრირება და პოტენციურ მომხმარებელთა შორის გავრცელება 15 სხვადასხვა პროფესიასთან მიმართებაში; აღსანიშნავია, რომ ქართული ჟესტების ბანკის შემუშავების პროცესში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ "საქართველოს ყრუთა კავშირთან" აქტიური თანამშროლობით 75 ყრუ პირი დაასაქმა; ჟესტების შეგროვების, რეგისტრირების, ბაზაში ასახვისა და გავრცელებისათვის ნორვეგიელი მხარის მხარდაჭერით შეიქმნა ქართული ჟესტების რეგისტრაციის ელექტრონული პროგრამა - SignWiki-ის ანალოგი და ქართულ მხარეს გადმოეცა აღნიშნულ ვებგვერდზე წვდომის უფლება", - აღნიშნულია სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 6 თვის განმავლობაში ვებგვერდზე მოხდა ჟესტური ენით მოსარგებლე ყრუ პირების მიერ შეგროვებული და ვიდეო ფირზე აღბეჭდილი 2 748 ჟესტის განთავსება განსაზღვრული თხუთმეტი პროფესიული პროგრამისთვის. სამუშაო ჯგუფების მიმდინარეობის პარალელურად, პოტენციურ მომხმარებელთა შორის SignWiki-ის გავრცელების მიზნით, მიმდინარეობდა საინფორმაციო შეხვედრები სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტრო გეგმავს შექმნილი ვებგვერდი დატვირთოს სხვადასხვა საგანმანთლებლო რესურსებით ყრუ პირებისათვის. დაიწყება ასევე სკოლის საგნებისათვის საჭირო ჟესტების შეგროვება და ატვირთვა, რათა სწავლების ადრეული ფაზიდანვე ყრუ მოსწავლეებისათვის ინფომრაცია იყოს სათანადოდ ხელმისაწვდომი.
https://youtu.be/7B8IrwCioM4
ამავე თემაზე:
პრემიერის რეკომენდაცია და ყრუ-მუნჯების ჯერაც მოუგვარებელი პრობლემები
მასალის გამოყენების პირობები