ინგა ბიტარაშვილი
უკვე მესამე წელია, რაც საქართველოს საჯარო სკოლებში თორმეტწლიანი სწავლება სავალდებულოა. თუმცა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომავალი წლიდან მეთორმეტე კლასი უქმდება. აღნიშნულმა ფაქტმა, ისევე როგორც სამი წლის წინ, დღესაც მოსწავლეებისა და მშობლების არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.
"მეთორმეტე კლასის გაუქმება, ალბათ, კარგი იქნება, იმიტომ, რომ 18 წლის ასაკში ვამთავრებთ სკოლას. არიან ისეთი ბავშვებიც, რომლებიც გვიან მივიდნენ და შესაბამისად, 19 წლისები არიან. მგონი სჯობია, მოიხსნას, ამით არაფერი დაშავდება. ჩვენი მშობლების დროს საერთოდაც 10 კლასი იყო," _ ამბობენ `სპექტრთან~ საუბარში მეთორმეტეკლასელები.
მოსწავლეების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ თუ განათლების სამინისტრომ მეთორმეტე კლასის გაუქმება გადაწყვიტა, ეს მათ სამი წლით ადრე მაინც უნდა სცოდნოდათ და ეს სიახლე დამამთავრებელ კლასებს არ უნდა ეხებოდეს. "ახლა რომ გაუქმდეს, ნამდვილად არ მინდა. მე მე-11 კლასში ვარ და ქართულში წელს დავიწყე მომზადება. მასწავლებელმა საათები ისე გაანაწილა, რომ გამოცდების პროგრამა ორ წელიწადში უნდა გავიარო. ეხლა რომ გაუქმდეს, ფაქტობრივად ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდები, რადგანაც პროგრამა სრულყოფილად არ მექნება გავლილი და გამოცდებსაც კარგი შედეგით ვერ ჩავაბარებ,~ _ ამბობენ სკოლის მოსწავლეები. ამ ინფორმაციას უარყოფითად აფასებენ მშობლებიც და ამბობენ, რომ ცუდია, როდესაც ბავშვებზე `ცდებს ატარებენ.~ `ასე ხშირად რეფორმების გატარება და წესების შეცვლა ნამდვილად არ შეიძლება. ბავშვებმაც აღარ იციან როგორ უნდა მოემზადნენ საატესტატო და ეროვნული გამოცდებისთვის. ხომ შეიძლება ერთხელ მაინც ისეთი კანონი შემოიღონ, რომ ასე მალე არ გახდეს შესაცვლელი?!" _ ამბობს თამარ ბაწელაშვილი. მეთორმეტეკლასის გაუქმებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრში. "ეს არის ჭორი. გამორიცხულია, მეთორმეტე კლასი არ უქმდება," _ გვითხრა საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ლალი გაბიტაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები