თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში (თესაუ) სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრი დაფუძნდა.
ორგანიზაცია განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ტემპუსის პროექტ „ქასედეს“ ფარგლებში(TEMPUS/ CASEDE) შეიქმნა. ცენტრის გარემონტება უზრუნველყო უნივერსიტეტმა, ხოლო პროექტის დაფინანსებით აღიჭურვა თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ბიბლიოთეკით.
კარიერული განვითარების ცენტრის მიზანია უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ტრენინგების, სემინარების, კურსების, ინდივიდუალური კონსულტაციების ჩატარება კარიერული განვითარების სფეროში.
„სტუდენტებს შეუძლიათ ისწავლონ კარიერის მართვა, სამოტივაციო წერილისა და CV წერა, კარიერული გეგმის ჩამოყალიბება, თვითშემეცნების დონის ამაღლება. გაიგონ როგორ შეიძლება დააბალანსონ პირადი ცხოვრება და კარიერა, როგორ დასაქმდნენ, აგრეთვე, გაეცნონ კახეთის რეგიონში არსებულ შრომის ბაზარსა და დამსაქმებლების ძირითად მოთხოვნებს მომავალი თანამშრომლების მიმართ და ისწავლონ თუ როგორ აიწყონ წარმატებული კარიერა“- განაცხადა ცენტრის ხელმძღვანელმა თესაუს ასისტენტ პროფესორმა ნათია გაბაშვილმა.
სტუდენტები, სურვილის შემთხვევაში, ისარგებლებენ საკარიერო თემატიკასთან დაკავშირებით არსებული ლიტერატურით, რომელიც განთავსებულია საკარიერო ცენტრში.
„პროექტი იყო ორწლიანი, მისი მიმდინარეობის დროს ჩატარდა საპილოტე კურსი „კარიერული კომპეტენციების განვითარების“ შესახებ, რომელშიც მონაწილეობდა უნივერსიტეტის 60 სტუდენტი. აღნიშნული კურსის გავლის შემდეგ სტუდენეტებს გადაეცათ სერთიფიკატები“- აღნიშნა საკარიერო ცენტრის სპეციალისტმა, პროფესორმა ნინო მოდებაძემ.
პროექტის ფარგლებში თესაუს აკადემიური პერსონალი (ნათია გაბაშვილი, ნინო მოდებაძე) იმყოფებოდნენ შეხვედრებზე როგორც საქართველოს სხვადასხვა რეგიონალურ, პროექტის პარტნიორ უნივერსიტეტებში, აგრეთვე ინგლისისის ესექსის, ბუდაპეშტის კორვინუსის და ლიტვის უნივერსიტეტებში.
მასალის გამოყენების პირობები