ახმეტის მუნიციპალიტეტის საპილოტე სკოლებში პროფორიენტაციის გაკვეთილი ჩატარდა
უკვე ორი წელია, რაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური საქართველოს საჯარო სკოლებში ახორციელებს პროექტს: "პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვა".
პროექტის მიზანია, IX _XI კლასის მოსწავლეებს საკუთარი შესაძლებლობების შეფასება - განვითარებაში და პროფესიის შერჩევაში დაეხმაროს. პროცესში აქტიურადაა ჩართული ახმეტის მუნიციპალიტეტის ხუთი საპილოტე სკოლა: ახმეტის I და II, მატნის I, ქისტაურის და ქვემო ალვანის საჯარო სკოლები. პროექტის კონსულტანტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სპეციალისტი ახმეტის მუნიციპალიტეტში მაგდა ლაგაზაური, რომელიც პროექტის ფარგლებში კლასის დამრიგებლებთან ერთად ახმეტის მუნიციპალიტეტის საპილოტე სკოლების მეცხრე კლასის მოსწავლეებს თვეში ერთხელ პროფორიენტაციის გაკვეთილებს უტარებს.
მოსწავლეების სურვილებისა და ინტერესების გათვალისწინებით ეწყობა შეხვედრები სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან.
მორიგი შეხვედრა პირველ საჯარო სკოლაში გაიმართა. ამჯერად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საპილოტე სკოლების მოსწავლეები პირველი საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელს მარიამ გოგილაშვილს, ს/ს ლიბერთი ბანკის ახმეტის ფილიალის უფროსს გიგა თედიაშვილს და გაზეთ "ბახტრიონის" ჟურნალისტს ლელა ჭოლიკიშვილს შეხვდნენ. მოწვეულმა სტუმრებმა მოსწავლეებს მოუთხრეს საკუთარი საქმიანობების შესახებ, გააცნეს თავიანთი პროფესიების ძირითადი მახასიათებლები და გულახდილად უპასუხეს მათმიერ დასმულ შეკითხვებს.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეების ინტერესების გათვალისწინებით 2013 – 2014 და 2014 - 2015 სასწავლო წლებში აგრეთვე მოეწყო ექსკურსიები სხვადასხვა ორგანიზაციებსა და საწარმოებში, საგანმანათლებლო და პროფესიულ დაწესებულებებში.
მასალის გამოყენების პირობები