სპექტრი. წელს პირველად, საატესტატო გამოცდები კომპიუტერის საშუალებით ქვეყნის მასშტაბით, 1520 სკოლაში ჩატარდა. მოსწავლეებს რვა საგნის ჩაბარება მოუხდათ. აღნიშნულმა საკითხმა საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია. ნაწილი ფიქრობს, რომ სკოლები ამ რეფორმისთვის ჯერ მზად არ არიან.
საატესტატო გამოცდები ე.წ.CAT-ის ტიპის საგამოცდო მოდელით ჩატარდა, რომელიც მოსწავლის შესაძლებლობაზე ორიენტირებულ ადაპტირებულ ტესტირებას გულისხმობს. თითოეულ საგანს თითო დღე ჰქონდა დათმობილი და მოსწავლეები შედეგებს მაშინვე იგებდნენ. ტესტებისთვის ერთი საათი და 40 წუთი იყო განსაზღვრული.
გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი `სპექტრთან~ საუბარში აღნიშნავს, რომ გამოცდებმა ხარვეზების გარეშე ჩაიარა. "მიუხედავად იმისა, რომ ეს არის რეფორმის პირველი წელი, გამოცდებმა ძალიან კარგად ჩაიარა. ბარიერი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით, თითოეულ საგანში 5,5-ით განისაზღვრა, მაგრამ წელს, მეთორმეტე კლასელთათვის, ასეთი შეღავათი დააწესეს: ატესტატს ის მოსწავლეც მიიღებს, რომელმაც სამ საგანში 5,2 ქულა დაიმსახურა. თავად საგამოცდო სისტემამ იმაზე უფრო კარგად იმუშავა, ვიდრე მოველოდით. აღსანიშნავია, რომ არსად არანაირი დარღვევა და შეფერხება არ დაფიქსირებულა _ არც ტექნიკური და არც სხვა თვალსაზრისით. ბავშვებს სრული თავისუფლება ჰქონდათ იმისათვის, რომ საკუთარი ცოდნა მაქსიმალურად გამოემჟღავნებინათ. ეს იყო აბსოლუტურად მოსწავლის ცოდნაზე ორიენტირებული ტესტირება. პირადად მე ვთვლი, რომ ბარიერი ძალიან დაბალი იყო, მაგრამ პირველი წელია და სამინისტრო ამ დათმობაზე წავიდა,"_ განმარტა ლალი გაბიტაშვილმა.
მეთორმეტეკლასელების უმრავლესობა ამბობს, რომ გამოცდები საშუალო სირთულის იყო. "დაფიქრებას და ცოდნას ნამდვილად საჭიროებდა, თუმცა ისეთი არაფერი ყოფილა, რომ ბარიერი ვერ გადაგველახა. ატესტატს თითქმის ყველა ავიღებთ," _ აღნიშნავენ მოსწავლეები.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლის მშობლის აზრით, საატესტატო გამოცდები წელს არ უნდა ჩატარებულიყო.
"ვფიქრობ, ჯერჯერობით საქართველოს სკოლებში ისეთი დონე არ არის, რომ მოსწავლემ იქ მიღებული ცოდნით გამოცდა წარმატებით ჩააბაროს. მაშინ რეპეტიტორთან უნდა იაროს. ხალხი შვილებს ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებლად 4 საგანში ვეღარ უხდის ფულს და სად აქვთ იმის საშუალება, რომ რვა საგანში გადაამზადონ?! ზოგადად ამ იდეას მივესალმები, მაგრამ მისი განხორციელება მომავლისთვის უნდა გადაედოთ, იმ დროისთვის, როდესაც ქვეყნის ყველა სკოლას სერტიფიცირებული პედაგოგები ეყოლება," _ გვითხრა ერთ-ერთმა მშობელმა.
საზოგადოებაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის მოსწავლე, რომელიც საატესტატო გამოცდებს ვერ ჩააბარებს, გარდა იმისა, რომ ატესტატს ვერ მიიღებს, მომავალი წლისთვის ხელახალი გამოცდის ჩასაბარებლად გარკვეულ თანხასაც გადაიხდის. "ამბობენ, რადგან მოსწავლეს ვაუჩერული დაფინანსება აღარ ეკუთვნის, მთელი წლის განმავლობაში, 120 ლარი თავად უნდა გადაიხადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელმეორედ გამოცდის ჩაბარების უფლება აღარ ექნებაო,"_განმარტავს სოფიკო ლ.
ამ მოსაზრებას არ ადასტურებს გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლალი გაბიტაშვილი.
"მეთორმეტე კლასელები, რომლებიც წელს ატესტატს ვერ აიღებენ, სკოლაში აღარ ივლიან. შესაბამისად, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. უბრალოდ, მომდევნო წელს მხოლოდ იმ საგნებში ჩააბარაებენ გამოცდას, რომლებშიც ბარიერი ვერ გადალახეს," _ აღნიშნა ლალი გაბიტაშვილმა.
მისივე თქმით, საატესტატო გამოცდების ბარიერი, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, დაახლოებით ერთმა პროცენტმა ვერ გადალახა.
მასალის გამოყენების პირობები