ჩვენ უკვე გვიყვარს გურჯაანი - ამერიკელი პედაგოგების შეფასება [Video]
სსიპ გურამ ჭილაშვილის სახელობის ქ.გურჯაანის N4 საჯარო სკოლაში ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ ამერიკელი პედაგოგები პროგრამით: "მასწავლებლები გლობალური კლასებისთვის".
26 მარტს სკოლის ადმინისტრაციამ, მოსწავლეებთან ერთად, გაცილება მოუწყო.
ჯოშ ჰენნა და მარკ ქაული IREX-ისა (საერთაშორისო გავრცელებისა და კვლევის საბჭო)და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ შემუშავებული პროგრამით შერჩეული მასწავლებლები არიან. მარკი ფიზიკა ასტრონომიის პედაგოგია, ხოლო ჯოში - ბიოლოგიის, ის პარალელურად სოციალურად დაუცველი მოსწავლეების სკოლის ხელმძღვანელიცაა. ახალგაზრდა პედაგოგები ემოციებს ვერ მალავდნენ და საქართველოში გატარებულ დღეებს აღფრთოვანებით იხსენებდნენ.
"საქართველოს ექვს სხვადასხვა რეგიონში 12 პედაგოგი გადანაწილდა, ჩვენ შემთხვევით მოვხვდით კახეთში. ამ ერთი კვირის განმავლობაში მოვიარეთ მთელი რეგიონი და გავეცანით ისტორიას. გაკვეთილებზე ბავშვებს ჩვენი გამოცდილება გავუზიარეთ, შევხვდით რაიონის მასწავლებლებს. გაოცებული ვართ იმით, რაც ამ სკოლაში ვნახეთ. ბავშვებმა ძალიან კარგად იციან ინგლისური, განსაკუთრებით დაბალ კლასებში. პედაგოგებმა არაჩვეულებრივი გაკვეთილები ჩაატარეს, ერთმანეთს ჩვენი გამოცდილებები გავუზიარეთ. აუცილებლად გავაგრძელებთ ამ სკოლასთან ურთიერთობას. მომავალში ოჯახებით ვაპირებთ ჩამოსვლას, ჩვენ უკვე გვიყვარს გურჯაანი."-აღნიშნეს მათ.
როგორც ჩვენთან საუბარში სკოლის დირექტორმა ნინო ნონეშვილმა განმარტა, უცხოელი პედაგოგების სტუმრობა სკოლისთვის ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა.
"19 მარტს ჩამოვიდნენ პედაგოგები ამერიკის საგანმანათლებლო კვლევისა და გაცვლითი პროგრამების ცენტრიდან. ეს პროგრამა გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს. გააკეთეს რამდენიმე პრეზენტაცია, დაინტერესდნენ ჩვენი სკოლის საგანმანათლებლო პროცესით. საბუნებისმეტყველო საგნებისთვის კარგი საჩუქრები ჩამოგვიტანეს. ვფიქრობ, ძალიან სასიამოვნო კვირა გავატარეთ ერთად. დღეს დასკვნითი ღონისძიება მოვაწყეთ. ძალიან თბილი გაცილება გამოვიდა. დავასაჩუქრეთ ერთმანეთი და მომავალში შეხვედრის იმედით დავემშვიდობეთ."
ნინო ნონეშვილის თქმით, სკოლის ადმინისტრაცია ყოველთვის მზად არის ასეთ სტუმრებს უმასპინძლოს და მათი გამოცდილება გაიზიაროს.
https://youtu.be/weYRydKYSkk
მასალის გამოყენების პირობები