კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში "ახალგაზრდული საკრებულო" შეიქმნება
"ადამიანი კანონი თავისუფლებას“ წევრები ბოლო ერთი თვის განმავლობაში პროექტ „ახალგაზრდული საკრებულო 64 მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში 11-12 კლასის მოსწავლეებთან ინტენსიურ შეხვედრებს მართავდნენ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში.
ორგანიზაცია მიმდინარე კვირაში შეხვედრებს გამართავს კახეთის რეგიონში, სადაც 600-მდე მოსწავლეს პროექტს წარუდგენს და ტესტირებას ჩაუტარებს.
„23-27 მარტს შეხევდრები იმართება ერთ-ერთ ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან რეგიონში, კახეთში. ახალგაზრდებს პროექტს წარუდგენს და ტესტირებას ჩაუტარებს პროექტის ხელმძღვანელი აღმოსავლეთ საქართველოში, ნიკოლოზ მაღალდაძე. მომავალ კვირას ტესტების გასწორდება და შევა სპეციალურ ბაზაში, რომლიც შემდეგაც გამოქვეყნდება „ახალგაზრდული საკრებულოს“ წევრობის კანდიდატთა სია“ - განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა გიორგი ჭულუხაძემ.
ქვეყნის 7 რეგიონში ჩატარებული ტესტირების შედეგები ორგანიზაციაში უკვე დამუშავებულია და შედეგებიც ცნობილია. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, სიები ყოველდღიურად გამოქვეყნდება „ახალგაზრდული საკრებულოს“ ფეისბუქის გვერდებზე, რომელიც ყველა მუნიციპალიტეტისთვის ინდივიდუალურადაა შექმნილი. შედეგები ასევე გამოქვეყნდება ორგანიზაციის ოფიციალურ საიტზე და ფეისბუქ გვერდზე.
იმის გათვალისწინებით, რომ ტესტირების შედეგებმა შესაძლოა ახალგაზრდებისთვის უხერხულობა შექმნას, ორგანიზაცია ქულების არ გაასაჯაროვებს და სურვილის შემთვევაში ინდივიდუალურად მიაწვდის პროექტში მონაწილე ნებისმიერ მოსწავლეს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, განვლილი პერიოდის განმავლობაში 45 მუნიციპალიტეტში პროექტის „ახალგაზრდული საკრებულო 64 მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში შეხვედრები 4000-ზე მეტ მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლესთან შედგა.
„ამ დროისთვის ჩვენ მოვიარეთ საქართველოს 7 რეგიონი - შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, რაჭა-ლეჩხუმი - ქვემო სვანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, გურია და იმერეთი. ყველა მუნიციპალიტეტში გავმართეთ შეხვედრები ახალგაზრდებთან და გავაცანით ჩვენი პროექტი, რომელიც არის უპრეცედენტო თავისი მასშტაბით.
ახალგაზრდები არიან ძალიან ენერგიულები და მათთან შეხვედრისას ჩანდა, რომ თავიანთი ცოდნის რეალიზებისთვის მათ სჭირდებთ გვერდით დგომა, ბიძგი და დახმარება. განათლება, რომელსაც ისინი 10-11 წლის განმავლობაში იღებენ აუცილებელია მოხმარდეს ჩვენს ქვეყანას და განსაკუთრებით იმ ქალაქს თუ რაიონს, სადაც ეს ნიჭიერი ახალგაზრდები იზრდებიან.
აღსანიშნავია, რომ მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტრენინგების ჩატარება, გასვლითი ღონისძიებები და ექსკურსიები, რომელიც მათ მისცემს საშუალებას გაიღრმაონ ცოდნა თვითმმართველობის, სახელმწიფო მოწყობის, კონსტიტუციის და ადამიანის უფლებების კუთხით.
მათი მხრიდან დიდია სურვილი იმისა, რომ გაეცნონ თვითმმართველობის საქმიანობის სპეციფიკას თუ როგორ იმართება მათი ქალაქი თუ რაიონი; როგორ იგეგმება ადგილობრივი ბიუჯეტი; როგორ ტარდება არჩევნები; რა პრინციპით ხდება დეპუტატების შერჩება და ა.შ. ჩვენ მათ ამის საშუალებას მივცემთ!
ეს პროექტი იქნება შესაძლებლობა ყველა ახალგაზრდისთვის წარმოაჩინოს თავისი თავი, გახდეს ლიდერი და წვლილი შეიტანოს თავისი ქალაქის თუ სოფლის განვითარებაში.“ - აცხადებს გიორგი ჭულუხაძე.
პროექტის ფარგლებში ორგანიზაციის წევრები მომავალი 2 კვირის განმავლობაში, კახეთის რეგიონის გარდა გეგმავს აჭარასა და მცხეთა-მთიანეთში ჩასვლას და ახალგაზრდებთან შეხვედრას. მუნიპალიტეტებში შეხვედრების დასრულდების შემდეგ დაიწყება „ახალგაზრდული საკრებულოს“ დაკომპლექტება 64 მუნიციპალიტეტში და პროექტი სრულად დაიწყებს ფუნქციონირებას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, რომელიც გააერთიანებს 2105 მოსწავლეს.
მასალის გამოყენების პირობები