მაია ყალაბეგაშვილი
`აჟიტირებული განათლების რეფორმის~ მიღმა დარჩენილი კიდევ ერთი საჯარო სკოლა, რომელიც ასევე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში _ შიბლიანში მდებარეობს, ყოფილი `კანტორის შენობაშია~ განთავსებული. უკვე მესამე წელია, რაც აღნიშნული სასწავლო დაწესებულება სპორტული დარბაზისა და ბიბლიოთეკის გარეშე ფუნქციონირებს. ადგილობრივების თქმით, სწორედ ამის გამო სოფელში მიგრაცია მასიურად დაიწყო და მოსახლეობა თითქმის განახევრდა.
უკვე მესამე წელია, რაც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ შიბლიანის
საჯარო სკოლის კონტინგენტი კაპიტალური შენობიდან ყოფილი საბჭოთა მეურნეობის ადმინისტრაციულ შენობაში გადაიყვანეს. მიზეზი სეისმოლოგიური კომისიის დასკვნა გახდა.
"შენობა ექსპლოატაციაში 1968 წელს შევიდა, ანუ არც ისე ძველია, მაგრამ სეისმოლოგიურმა კომისიამ დაადგინა, რომ ამორტიზებულია და რეაბილიტაციას არ ექვემდებარება. ფუნდამენტი მხოლოდ 60 სმ სიღრმისაა და გამსკდარი კედლის ბზარი საძირკველის ბოლომდე ჩადის, ამის გამო მისი დემონტაჟი აუცილებელია," _ აღნიშნავს შიბლიანის საჯარო
სკოლის დირექტორი დავით ხუროშვილი.
მისივე თქმით, მართალია, მცირე კონტინგენტი ჰყავთ, მაგრამ იმის გამო, რომ თორმეტი კლასია და მხოლოდ _ ე.წ. 8 საკლასო ოთახი, მოსწავლეები ორ ცვლაში სწავლობენ.
"სკოლის მშენებლობა 2009 წელს იგეგმებოდა, თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო შეჩერდა. ძველი სკოლის ეზოში მონიშნულია ტერიტორია, მზად არის პროექტიც, რომლის პრეზენტაციაც 2009 წელს შედგა. თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო მშენებლობა გადაიდო. სამი წლის წინ 99 მოსწავლე გვყავდა. თავისთავად ბავშვთა მოძრაობა ხდება და მოსწავლეების რაოდენობა იცვლება, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ბოლო პერიოდში რვა მოსწავლე სხვაგან გადავიდა. ეს რიცხვი ჩვენნაირი მცირეკონტიგენტიანი სკოლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამჟამად 83 ბავშვი გვერიცხება," _ამბობს სკოლის დირექტორი და იქვე დასძენს, რომ მისი ინფორმაციით, სკოლის მშენებლობა 2012 წელს იგეგმება.
გავრცელებული ინფორმაციით კი, ხელისუფლება როგორც ლამბალოს, ისე შიბლიანის საჯარო სკოლების მშენებლობას, ხმების მოგროვების მიზნით, არჩევნებისთვის აპირებს:
"სხვადასხვა ვერსიები არსებობს, მაგრამ მე პირადად ეგ ინფორმაცია არ მაქვს, ოღონდ აშენდეს და რასაც უნდა იმას დაამთხვიონ, აღარ დავეძებთ. ფაქტია, იმის გამო, რომ სოფელი სხვა დანარჩენი დასახლებებისგან დაახლოებით 18 კილომეტრითაა მოშორებული, ჩვენი სკოლის ოპტიმიზაცია შეუძლებელია, მოსწავლეების გადაყვანა მეზობელი სოფლის სკოლაში ტრანსპორტის საშუალებითაც ვერ მოხდება, რადგან მდებარეობის გამო ერთი საათის თოვაც კი საკმარისია, რომ საავტომობილო გზა ჩაიკეტოს," _ ამბობს დავით ხუროშვილი.
მიუხედავად იმისა, რომ ამ პრობლემის დეტალების შესახებ უკვე რამდენიმე წელია საქმის კურსშია ადგილობრივი ხელისუფლება, რეგიონის ხელმძღვანელობა, ასევე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, 2009 წლის შემდეგ საკითხის გადასაწყვეტად არანაირი კონკრეტული ნაბიჯი არ გადადგმულა. ძირითადი პრობლემა კი ისაა, რომ ამის გამო სოფელ შიბლიანის მოსახლეობა თითქმის განახევრდა:
"სოფელი დაიშალა, ჩემი ძმისშვილი კაჭრეთში წავიდა, ვისაც ქალაქში ბინა ჰქონდა, იქ გადავიდა, ზოგმა იქირავა, ზოგმა იყიდა და ასე დავრჩით მე და მონაღა ბირჟაზე. ამჟამად საშუალება არა მაქვს, მაგრამ ხვალე-ზეგ, ალბათ, მეც წავიყვან ბავშვებს. ერთი მერვე კლასშია, მეორე მეცხრეში. რა ვქნა, აბა?! ვაგროვებ ფულს და უნდა წავიყვანო. ბავშვებმა ფიზკულტურის გაკვეთილი არ იციან რა არის, არანაირი დარბაზი, ეზოში კაკლის ხეზე მიმაგრებულ კალათში ესვრიან ბურთს, ისიც მხოლოდ ზაფხულობით, რა ქნან? შახმატს თამაშობენ უფრო ხშირად. სკოლის მშენებლობას აღარ დაადგა საშველი, ერთი მილიონი უნდაო, იმიზეზებენ, მაგდენი რომ არ დაიხარჯოს და ბელეტაჟზე თორმეტოთახიანი შენობა აშენდეს ორასი ათასად, ვინ დაუწუნებთ?!" _ ამბობს სოფელ შიბლიანის მკვიდრი ზაზა ურგებაძე, რომელსაც თანასოფლელებიც ეთანხმებიან.
მათი თქმით, სკოლაში ბავშვების გაგზავნას თვითონვე ერიდებიან, რადგან შენობას აღარც მკვიდრი აივანი აქვს და აღარც კიბე:
"ორი შვილი მყავს პირველსა და მესამე კლასში სწავლობენ. თქვენც ნახავდით, რომ `სკოლას~ აივანი ფაქტიურად არ აქვს, ძველისძველ შენობას მხოლოდ მოყანყალებული კიბე და აივნის ძელიღა შემორჩა. შიშით ვერ გამიგზავნია ბავშვები სკოლაში, მხოლოდ ჩემი შვილები ხომ არ არიან კლასში, რომელ ერთს უნდა მიხედოს მასწავლებელმა?! შესაძლებლობა რომ მქონდეს, ერთი დღე არ გავჩერდებოდით ამ სოფელში," _ გვითხრა ქალბატონმა ინეზამ.
სკოლის დირექტორის დავითდავით ხუროშვილის თქმით, თუკი სკოლის მშენებლობა დაპირემისამებრ 2012 წელს მაინც გადაწყდება, მინიმუმ 2 წელი მაინც მოუწევთ ასეთ პირობებში ყოფნა:
"როგორც გვითხრეს სამშენებლო პერიოდი, არანაკლებ რვა თვეს მოიცავს. აქედან გამომდინარე, თუ სკოლის მშენებლობა 2012 წელში დაიგეგმება, ალბათ 2013 წლისთვის დასრულდება, ე.ი. 2 სრული წელი კიდევ მოგვიწევს ასეთ პირობებში ყოფნა. სოფელში მასიური მიგრაციაა, ვისაც შესაძლებლობა ჰქონდა საცხოვრებლად ოჯახით დედაქალაქში გადავიდა. მხოლოდ ამ სასწავლო წელს ორი ათოსანი მოსწავლე დავკარგეთ. ჩვენ ვზრდით, ვასწავლით, ვზრუნავთ მათზე, ბოლოს სხვაგან მიდიან. წარმატებულ მოსწავლეებს ყველა შემთხვევაში, ამბიციებიც უჩნდებათ, ჩვენ კი, სამწუხაროდ, ელემენტარულ მოთხოვნილებებსაც ვერ ვუკმაყოფილებთ. ოთახი, სადაც ეხლა ჩვენ ვიმყოფებით, სამასწავლებლოა, ასევე საგამოცდო, კომპიუტერებისა და მუსიკის ოთახიც, პარალელურად სამდივნოც, სადაც ყველა ადმინისტრაციული დოკუმენტი ინახება. რაც შეეხება ბიბლიოთეკას, მინდოდა აქვე კიბის ქვეშ გაგვეკეთებინა, მაგრამ ამ ოთახში, სადაც წინათ ბილეთები იყიდებოდა, სასოფლო ბიბლიოთეკაა განთავსებული, ამიტომ საგარეჯოს რესურცენტრის ნებართვით ბიბლიოთეკას სახლში გავატანე ფონდი და იქიდან გასცემს წიგნებს. მითხარით, რომელ ბავშვს ექნება ასეთ სკოლაში სწავლის სურვილი?!" _ ამბობს სკოლის დირექტორი.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალურ ვებ.გვერდზე(www.esida.ge) განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, სოფელ შიბლიანის საჯარო სკოლის საერთო ფართობი შეადგენს 352 კვ.მ. ირიცხება 99 მოსწავლე, პედაგოგების რაოდენობაა 18. სოფელ ლამბალოს საჯარო სკოლის მსგავსად, განათლების სამინისტრო, როგორც ჩანს, არქივში მოძიებული ინფორმაციებით სარგებლობს, რადგან რეალობა აბსოლუტურად სხვაგვარია და ოდნავადაც არ შეესაბამება სინამდვილეს. მოსახლეობის თქმით, მათ მოამზადეს სამი წერილი, რომელსაც თითქმის ყველა მაცხოვრებელი აწერდა ხელს. წერილები გუბერნიაში, განათლების სამინისტროსა და რეგიონული განვითარების სამინისტროში გააგზავნეს და დღემდე ელიან პასუხს ერთადერთ კითხვაზე: "რატომ შეჩერდა სკოლის მშენებლობა", თუმცა უშედეგოდ. როგორც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლმა გია ჩალათაშვილმა აღნიშნა:
"სოფელ ლამბალოსა და შიბლიანის სკოლების მშენებლობა განათლების სამინისტრომ, სავარაუდოდ, 2012 წლისთვის დაგეგმა, თუმცა ზუსტი თარიღი უცნობია."
`სპექტრი~ კომენტარისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაუკავშირდა მათ ოფიციალურ ვებ. გვერდზე მითითებულ საკონტაქტო ნომერზე 832 31 89 40. ცხელი ხაზის ოპერატორმა განმარტა, რომ აღნიშნულ საკითხზე პასუხისმგებელია საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო, რომელთანაც ამ ეტაპზე ვერ დაგვაკავშირებდა.
"ინფრასტრუქტურისა და განვითარების სააგენტო მეორე კვირაა, რაც ახალ მისამართზე გადავიდა ალექსიძის #1-ში, ყოფილი მათემატიკის ინსტიტუტის შენობაში და ამ ეტაპზე ტელეფონები არ აქვთ. ამიტომ მათთან ვერ დაგაკავშირებთ. თუკი სასწრაფო არ არის, შეგიძლიათ დაახლოებით ერთ კვირაში დაგვირეკოთ," _ გვითხრა ოპერატორმა.
შეგახსენებთ, რომ გაზეთი `სპექტრი~ განათლების სამინისტროსთან დაკავშირებას ლამბალოს საჯარო სკოლის ირგვლივ არსებული პრობლემების გამო 20 დღის წინაც ცდილობდა, თუმცა, უშედეგოდ (იხ. #9(310), კითხვებზე პასუხი ვერც მაშინ მივიღეთ. ვიდრე აღნიშნული უწყება დუმს და არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით ქმედით ნაბიჯებს არ დგამს, სოფელ შიბლიანიდან მოსახლეობა საცხოვრებლად დედაქალაქში გადადის. შთამომავლობა კი, მეხუთე საუკუნის სოფლის გაჩანაგებას არავის აპატიებს.
P.S. გაზეთი `სპექტრი~ ლამბალოსა და შიბლიანის საჯარო სკოლების თემას კვლავ დაუბრუნდება. შევეცდებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შეთანხმებულ დროს კვლავაც დავუკავშირდეთ, რათა არსებულ კითხვებზე კომპეტენტური პასუხი მივიღოთ.
მასალის გამოყენების პირობები