მეცნიერებს ხელფასები 250%-ით, 150-200 ლარიდან 700-800 ლარამდე გაეზარდათ.
შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობამ 2015 წლის დასაწყისში მიიღო.
როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე აცხადებს, ეს არის ხელფასების უპრეცედენტო მატება, რომელიც ბოლო 20 წელია საქართველოში არ ყოფილა. "წლებია ამ კუთხით არაფერი გაკეთებულა, მაგრამ მარტო ხელფასი და ანაზღაურება საქმეს წინ ვერ წაწევს. ზოგადად მეცნიერების დაფინანსება და ხელშეწყობა პრობლემას წარმოადგენდა. ჩვენც, რა თქმა უნდა, გარკვეული დრო დაგვჭირდა. 2013 წლის შუა პერიოდში დავიწყეთ შეფასების კომპონენტი. 2010 წელს მეცნიერებათა აკადემიას გამოეყო კვლევითი დაწესებულებები და ყოველგვარი გეგმის გარეშე მიუერთდა უნივერსიტეტს. შესაბამისად, შედეგები იყო ძალიან მძიმე, რამაც მნიშვნელოვნად უკან დაწია ეს დარგი".
თამარ სანიკიძე ამბობს, რომ მეცნიერების სტატუსთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები აუცილებლად უნდა განხორციელდეს. "დღეს მეცნიერები უნივერსიტეტებში არიან როგორც სტრუქტურული ერთეულები. მათზე არ ვრცელდება ის მოთხოვნები და რეგულაცია, რომელიც დავუშვათ გავრცელდებოდა ცალკე "იურიდიულ პირებზე", ჩვენ ასეთი კვლევითი დაწესებულებებიც გვაქვს. შესაბამისად, აუცილებელია, რომ ამ სტრუქტურულ ერთეულებში, რომელსაც კანონი ცნობს, როგორც სამეცნიერო დაწესებულებას, უნდა განისაზღვროს მეცნიერის სტატუსი, უნდა შეივსოს ეს ადგილები კონკურსის წესით და ჩატარდეს ატესტაცია. ვფიქრობ, ამისთვის დიდი მზაობაც არის თავად ინსტიტუტებშიც."
მინისტრის თქმით, კიდევ ერთი პრობლემა ისაა, რომ კვლევითი დაწესებულება და მეცნიერ-თანამშრომელი საგანმანათლებლო პროცესში არ არის ჩართული, რაც პირველ რიგში უნდა მოგვარდეს. "კვლევა და სწავლა დღეს გვაქვს გახლეჩილ მდგომარეობაში, არადა ეს ის ტენდენციაა, რომელსაც ზოგადად ევროპა და ამერიკა იზიარებს და ყოველთვის ცდილობენ, რომ ეს ორი კომპონენტი დაკავშირებული იყოს უკეთესი შედეგებისთვის. მხედველობაში მაქვს ის, რომ დღეის მდგომარეობით დოქტორანტის აღზრდაში მეცნიერ-თანამშრომელი და კვლევითი დაწესებულება არ არის ჩართული. ეს უნდა მოწესრიგდეს".
მისივე თქმით, გაიზარდა განათლების სამინისტროს ბიუჯეტი და დამტკიცდა არაერთჯერადი, არამედ ათწლიანი პროგრამების ღირებულება, რომელიც უკვე გადანაწილებულია წლების მიხედვით.
მასალის გამოყენების პირობები