[caption id="attachment_1461" align="alignright" width="300" caption="ლამბალოს სკოლის მოსწავლეებს განათლების მიღება საშინელ პირობებში უწევთ"]
[/caption]
მაია ყალაბეგაშვილი
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოს საჯარო სკოლა უკვე ხუთი წელია, რაც კერძო მოსახლეობისგან ნაქირავებ სათავსოებში ფუნქციონირებს. მათ შორის ერთ-ერთ "კორპუსში" _ მოზარდი ბავშვების კლასებსა და ბოსელს საერთო შესასვლელი აქვს. კახეთის გუბერნატორი საქმის კურსშია, თუმცა როგორც სკოლის დირექტორი ამბობს, მათთან არასდროს ჩასულა. სკოლის მშენებლობის გეგმა კი გაურკვეველი მიზეზების გამო პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამიდან ამოიღეს.
2010 წლის ოფიციალური მონაცემებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 36 პროცენტს
ეთნიკური აზერბაიჯანელები წარმოადგენენ, სოფელი იორმუღანლო ივრისპირეთის ტერიტორიაზე მდებარეობს, მის შემადგენლობაში რამდენიმე თემი და სოფელია. კომპაქტურად ჩასახლებული აზერბაიჯანელების უმრავლესობა მეცხოველეობას მისდევს. ლამბალოს თემში სოფელი თულარიც შედის და ერთ-ერთ მრავლრიცხოვან დასახლებას წარმოადგენს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალურ ვებ. გვერდზე (www.esida.ge) გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ლამბალოს
საჯარო სკოლის შენობის საერთო ფართობი 2 698 კვ.მ. შეადგენს, სადაც 853 მოსწავლე ირიცხება. ამ ინფორმაციის თანახმად,
სკოლას 20 კომპიუტერი, 1 ლეპტოპი და 1 ავტობუსი აქვს. აქვე ჩამოთვლილია ერთადგილიანი და ორადგილიანი მერხების, დაფებისა და სხვადასხვა ინვენტარის რაოდენობა. თუმცა ეს ინფორმაცია იმდენად არ შეესაბამება ჩვენს მიერ ნანახ რეალობას, რომ რამდენჯერმე სხვა ოფიციალურ ვებ. გვერდზეც გადავამოწმეთ.
ლამბალოს საჯარო სკოლის დირექტორის ა. ხეირბახალოვის თქმით, უკვე ხუთი წელია რაც სკოლის შენობა ავარიულ მდგომარეობაშია, რის გამოც მოსწავლეები კერძო მოსახლეობისგან ნაქირავებ სხვადასხვა სათავსოებში მოათავსეს.
[caption id="attachment_1462" align="alignleft" width="300" caption="სკოლა, რომელიც, სპეციალისტების თქმით, რეაბილიტაციას არ ექვემდებარება"]
[/caption]
"გვითხრეს სკოლის შენობა ავარიულია და შეიძლება ყოველწუთს ჩამოინგრეს, ამიტომ სასწრაფოდ უნდა დაცალოთო. მალევე მოვახერხებთ და რაღაცას გამოვნახავთ, ან ახალს ავაშენებთ, რადგან რეაბილიტაციას არ ექვემდებარებაო. უკვე ამდენი წლები გავიდა, მაგრამ ჩვენი საშველი არ არის. ბავშვებიც და პედაგოგებიც ნესტიან სარდაფებში არიან. 1300 მოსწავლე გვყავდა, ახლა თითქმის ნახევარიღა ირიცხება. მეზობელ სოფლებში გადავიდნენ, დღეში 3-4 კილომეტრის გავლა უწევთ, მაგრამ იქ ურჩევნიათ სწავლა," _ გვითხრა სკოლის დირექტორმა.
ბირჟაზე შეკრებილმა სოფლელებმა მოქმედი სკოლა სხვადასხვა ადგილას კერძო სახლებში მიგვასწავლეს. ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, სოფელ ლამბალოს საჯარო სკოლა სამი ადამიანის კერძო სახლის ტერიტორიაზე აშენებულ სხვადასხვა სახის სათავსოებშია განაწილებული. მათ შორის ერთ-ერთი მფლობელი `სკოლა-სათავსოს~ ბოსლადაც იყენებს, ანუ სკოლას და ბოსელს ერთი შესასვლელი აქვს. ამასთან ერთად, როგორც ა. ხეირბახალოვი ამბობს, არასათანადო სანიტარული ნორმების გამო, მოსწავლეებს და პედაგოგებსაც რეალურად სხვადასხვა დაავადებების, მათ შორის, ტუბერკულოზის საფრთხეც ემუქრებათ.
[caption id="attachment_1463" align="alignright" width="300" caption="სკოლის ერთ-ერთი "კორპუსი" კერძო მოსახლის ბოსელშია განთავსებული"]
[/caption]
"უმაღლესი რანგის ხალხმა ამის შესახებ რამდენი ხანია იცის. განათლების სამინისტოში ჩვენი სკოლის გეგმაც კი გამოაკრეს, გვპირდებიან, დღეს-ხვალ ყველაფერი მოგვარდებაო, მაგრამ გვატყუებენ. მე კი მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ: ჩვენს ბავშვებს ტუბერკოლოზის საფრთხე ემუქრებათ და ამაზე არავინ წუხს. სკოლის საკითხი დაყენებული იყო პრეზიდენტის დონეზე, 2009 წელს ჩასვეს ნაციონალურ პროგრამაში, მერე რაღაც მოხდა და იქიდან ამოიღეს. გვეუბნებიან, არასაკმარისი თანხააო, კონკრეტულ პასუხს კი არავინ გვცემს," _ ამბობს ა. ხეირბახალოვი.
მის ნათქვამს ადასტურებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალურ ვებ. გვერდზე გამოქვეყნებული განცხადება ტენდერის ჩატარების შესახებ: "საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ `საგანმანათლებლო სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო~ საქართველოს პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამა `იაკობ გოგებაშვილი_საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაცია~ დაფინანსების ფარგლებში აცხადებს ტენდერს რიგი საჯარო სკოლების სამშენებლო სამუშაოების ჩასატარებლად საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების სახელმწიფო შესყიდვაზე და იწვევს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ყველა დაინტერესებულ პირს.
შესყიდვა განხორციელდება შემდეგი ლოტების შესაბამისად:
ლოტი #1 საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოს საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაობის ჩასატარებლად საჭირო საპროექტო_სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა," _ და აქვე ვკითხულობთ: "4. დაინტერესებულმა პირებმა საკვალიფიკაციო მონაცემები და სატენდერო წინადადება, სტადია არქიტექტურულ პროექტთან ერთად, ქართულ ენაზე ხუთ ეგზემპლარად(ერთი დედანი, ოთხი ქსეროასლი) დალუქული პაკეტებით უნდა წარმოადგინონ 2009 წლის 30 სექტემბერის 16 საათამდე." მინიშნებულია მისამართი.
როგორც ამ განცხადებიდან ჩანს, ლამბალოს საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოების შესახებ 2009 წელს ტენდერი ნამდვილად გამოცხადდა, თუმცა უშედეგოდ.
როგორც საჯარო სკოლის დირექტორი Aა. ხეირბახალოვი ამბობს, არსებული პრობლემების შესახებ, ყველა ინსტანცია საქმის კურსშია, თუმცა რეგიონის ხელმძღვანელობა არ აქტიურობს და არც პრობლემებით ინტერესდება.
"გუბერნატორი ერთხელაც არ ჩამოსულა, არადა რამდენიმე წერილი გავუგზავნეთ. გია ნაცვლიშვილი იყო ადრე, მას შემდეგ არავის მოუკითხავს ჩვენი ამბავი. გასული წლის ნოემბრის თვეში გავაგზავნეთ კოლექტიური წერილი. იმდენჯერ ვილაპარაკეთ, რომ უკვე მეზარება კიდეც ამაზე საუბარი, არანაირი რეაგირება, არანაირი ყურადღება, ჩვენ ხალხი არ ვართ?"_კითხვას სვამენ ლამბალოს საჯარო სკოლის წარმომადგენლები.
გაზეთი `სპექტრი~ კომენტარისთვის კახეთში პრეზიდენტის რწმუნებულის- გუბერნატორის პირველ მოადგილეს, გიორგი სიბაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელთან, გია ჩალათაშვილთან გადაგვამისამართა. მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ სოფელ ლამბალოს და ასევე შიბლიანის სკოლების საკითხი უკვე რამდენიმე წელია რაც განიხილება. "სოფელ ლამბალოს სკოლა დაახლოებით 30-40 წლის წინ აშენდა. სპეციალისტების თქმით, შენობას ფუნდამენტი არ აქვს და რეაბილიტაციას არ ექვემდებარება. ამიტომ მისი დანგრევა გარდაუვალია. როგორც რაიონის ხელმძღვანელისთვის, ეს საკითხი ჩემთვისაც ძალიან მტკივნეულია. ანალოგიური პრობლემები გვაქვს სოფელ შიბლიანშიც. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, განათლების სამინისტრომ ორივე სკოლა გაითვალისწინა `პრეზიდენტის ნაციონალურ პროგრამაში~, შედგა პროექტი, რომელსაც გავეცანით და მოვიწონეთ, თუმცა, გაურკვეველი მიზეზების გამო მისი განხორციელება დღემდე არ მომხდარა. როგორც ვიცი, სკოლების მშენებლობა იგეგმება, თუმცა, ზუსტი თარიღი ჩემთვისაც უცნობია," _ განმარტა გია ჩალათაშვილმა.
[caption id="attachment_1464" align="alignleft" width="300" caption="სკოლის შნობა-სათავსო, რომლის ეზოშიც, ბავშვები "წრეში ბურთს" ქსოვლის ნაკუწებით თამაშობენ"]
[/caption]
კომპეტენტური ინფორმაციის მისაღებად `სპექტრი~ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან დაკავშირებას ორი დღის განმავლობაში ცდილობდა მათ ოფიციალურ ვებ. გვერდზე მითითებულ საკონტაქტო ნომერზე 832 31 89 40. ჯერ არავინ გვპასუხობდა, მოგვიანებით კი ოპერატორმა პრესცენტრის ნაცვლად ჩვენთვის გაურკვეველ თანამშრომელთან დაგვაკავშირა, რომელმაც განგვიმარტა, რომ შიდა ნომერზე, 114-ზე უნდა დაგვერეკა. `სპექტრი~ 1 საათის განმავლობაში ცდილობდა აღნიშნულ ნომერზე დაკავშირებას, მაგრამ არავინ გვიპასუხა. შეგახსენებთ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ამ ფორმით ახდენს ჟურნალისტების იგნორირებას და თვისი პოლიტიკით შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურას არ ჩამოუვარდება.
მასალის გამოყენების პირობები