დირექტორმა კი არ უნდა ისწავლოს აზერბაიჯანული, მოქალაქებმა უნდა იცოდნენ ქართული
ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები და მშობლები დირექტორის გათავისუფლებას იმ მიზეზით ითხოვენ, რომ მან აზერბაიჯანული არ იცის..
როგორც სოფელ კაბალში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელები აცხადებენ, სკოლაში 500-მდე მოსწავლეა და არცერთი მათგანი გაკვეთილებს მანამდე არ დაესწრება, სანამ სკოლას სხვა დირექტორი არ ეყოლება. მათი თქმით, იმის გამო, რომ ბავშვებმა და პედაგოგებმა ქართული არ იციან, დირექტორთან კომუნიკაცია გაუჭირდებათ.
მასწავლებლები ყოფილი დირქტორის დაბრუნებას ითხოვენ.
"აზებაიჯანულენოვან სკოლაში გამოგზავნილია დირექტორი, რომელმაც არც ერთი სიტყვა არ იცის აზერბაიჯანულ ენაზე. ამ დირექტორმა მოსწავლეებთან რომელ ენაზე უნდა ილაპარაკოს, არ ვიცი. მასწავლებლებიც ამის გამო უხერხულ მდგომარეობაში არიან",- ამბობს კაბალის საჯარო სკოლის პედაგოგი ბაქირ იუნუსოვი ტელეკომპანია "გურჯაანთან" კომენტარში.
კაბლის N1 საჯარო სკოლის დირექტორის ლამარა ტაბატაძის განცხადებით, ის სერთიფიცირებულია და ამ თანამდებობაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დანიშნა. სკოლიდან წასვლას არ აპირებს და ამბობს, რომ აზერბაიჯანულსაც მალე შეისწავლის.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოში სამართალწარმოების ენა არის ქართული და კანონი დირექტორს არ ავალდებულებს იცოდეს რომელიმე უცხო ენა."დირექტორმა კი არ უნდა ისწავლოს აზერბაიჯანული, მოქალაქებმა უნდა იცოდნენ ქართული. ეს წერია კონსტიტუციაშიც და წერია ზოგად ადმინისტრაციულ კანონშიც. ადგილობრივების მოთხოვნა და არგუმენტები არაკანონიერია და ამის გათვალისწინებას სამინისტრო არ აპირებს, რადგან დირექტორი სავსებით კანონიერად არის დანიშნული",- განმარტავს speqtri.ge-სთან საუბრისას განათლების სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელი ლალი როზომაშვილი.
მშობლები და პედაგოგები კი ამბობენ, რომ თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება სწავლა არ განახლდება.
მასალის გამოყენების პირობები