ბოლო პერიოდში საზოგადოებაში აქტიურად საუბრობენ იმის შესახებ, რომ შესაძლოა საჯარო სკოლებიდან პენსიონერი პედაგოგები გაათავისუფლონ.
როგორც speqtri.ge -ს საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის, გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ნელი ჯანელიძემ განუცხადა, ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ არსებობს.
"არის რაღაც რეკომენდაციები, სადაც საუბარია იმაზე, რომ 55-60 წლიდან პედაგოგები პენსიაზე უნდა გავიდნენ, მაგრამ იქ ისიც არის ნათქვამი, რომ ეს უნდა მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ მათ კომპენსაციის სახით 10 ათასი ლარი მიეცემათ. როგორც ვიცით, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე ეს შეუძლებელია. ამაზე შეიძლება კულისებში არის საუბარი, მაგრამ ოფიციალურ დონეზე არ გაჟღერებულა. თუ განათლების სამინისტრო მიიღებს გადაწყვეტილებას, მაშინ უნდა შეიქმნას სტატისტიკური მონაცემები, რამდენი პედაგოგია საპენსიო ასაკის, თანახმა იქნებიან თუ არა ისინი კომპენსაციაზე და ამას რა თანხა დასჭირდება. ეს ყველაფერი უნდა გაიწეროს და დაიდოს. რამდენად შეუძლია სახელმწიფოს ამ თანხის გადახდა, ეს უკვე მეორე საკითხია. პროექტი ამჟამად რეკომენდაციის დონეზეა, ეს არის გრძელვადიანი პროცესი. პედაგოგებს ვერც იმას ეტყვიან, რომ სახლში წადით და 150 ლარზე იყავითო. ამაზე არც პროფკავშირი გაჩუმდება და არც ევროკავშირი."-აღნიშნა მან.
როგორც ნელი ჯანელიძე განმარტავს, პროფკავშირის მოთხოვნაა, რომ პედაგოგს შესაბამისი პენსია ჰქონდეს.
"მასწავლებლებს შეხვედრებზე თვითონაც გამოუთქვამთ სურვილი, რომ შესაბამისი პენსიის შემთხვევაში ასპარეზი ახალგაზრდებს დაუთმონ. მაგრამ, ამით სახელმწიფოც უნდა იყოს დაინტერესებული. მსგავს რამეზე არ არის ლაპარაკი და ამიტომ პედაგოგებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ."
მისივე თქმით ამჟამად პროფკავშირები ცდილობს, რომ პედაგოგთა პენსია გაიზარდოს. მოთხოვნა დღის წესრიგში დგას და მოვლენების განვითარება განათლების სამინისტროს, პარლამენტისა და ფინანსთა სამინისტროს ერთობლივ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
მასალის გამოყენების პირობები