დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში მასწავლებელს შესაძლოა, სანქცია დაეკისროს. განათლების მინისტრის აღნიშნული გადაწყვეტილება უკვე ძალაშია.
დოკუმენტში ვკითხულობთ: "მასწავლებლის დისციპლინური გადაცდომაა: "მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის" დარღვევა; საჯარო სკოლის შინაგანაწესის, ან სკოლის წესდების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება; სკოლის ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან სხვა ტოქსიკური საშუალებების მიღება, ასევე თამბაქოს მოხმარება; სამსახურში გამოცხადება არაფხიზელ მდგომარეობაში, ასევე ნარკოტიკული ან ტოქსიკური საშუალებების ზემოქმედების ქვეშ; მასწავლებლის მიერ დისციპლინური გადაცდომებიდან ერთ-ერთის ჩადენის დისციპლინური წარმოების შედეგად დადასტურების შემთხვევაში, შეიძლება მას დაეკისროს ერთ-ერთი დისციპლინური სახდელი.
ეს სახდელებია: შენიშვნა, საყვედური, სასტიკი საყვედური, სამსახურიდან განთავისუფლება. დისციპლინური გადაცდომების განხილვაზე უფლებამოსილია დისციპლინური კომიტეტი. დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი კი შეიძლება იყოს მოსწავლის, მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის, შესაბამის სკოლაში დასაქმებული პირის, აგრეთვე, იმ პირის წერილობითი მიმართვა ან ინფორმაცია, რომლის სამსახურებრივ მოვალეობასაც სკოლაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა წარმოადგენს; ასევე წარმოების დაწყების საფუძველი შეიძლება ასევე იყოს დისციპლინური გადაცდომის ფაქტის აღმოჩენა ან სხვა გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს, რომ ადგილი აქვს მასწავლებლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტს, მათ შორის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, მასწავლებლის მიერ ისეთი ქმედების ჩადენის შესახებ, რომელიც შეიძლება დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვალოს. მასწავლებელს უფლება აქვს, დისციპლინური დევნისას ისარგებლოს დუმილის უფლებით. თუმცა, დუმილის უფლება არ ათავისუფლებს მასწავლებელს დისციპლინური პასუხისმგებლობისაგან".
პედაგოგები შიშობენ, რომ ახალი რეგულაციების შემოღებით სამინისტრო არასასურველ მასწავლებლებს თავიდან მარტივად მოიშორებს. თუმცა ამ მოსაზრებას არ იზიარებს საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის, გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ნელი ჯანელიძე და ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება სწორედ პედაგოგების დასაცავად მიიღეს.
"სანამ მინისტრის ბრძანება გამოვიდოდა, არსებობდა მასწავლებლის ქცევის ეთიკის კოდექსი, რომლითაც ეს ყველაფერი რეგულირდებოდა. მასწავლებლებისთვის შეურაცხმყოფელი და მიუღებელი აქ არაფერია. პირიქით, მათ სამართლიანობის განცდა უნდა ჰქონდეთ. ამ წესის დამტკიცება სწორედ იმას ემსახურება, რომ მასწავლებლების დისკრიმინაცია არ მოხდეს. ცვლილების შედეგად დამსაქმებელი გარკვეულწილად ჩარჩოებში მოექცევა და მას საშუალება არ ექნება მიკერძოებულად მიიღოს გადაწყვეტილება.
ადრე შესაძლებელი იყო ნებისმიერი პიროვნების საჩივარი განხილულიყო, ახლა კი შეზღუდულია. ამჯერად, ამის უფლება ექნება მხოლოდ მშობელს, სკოლაში დასაქმებულ პიროვნებას ან ადამიანს, ვისაც უშუალოდ სკოლასთან აქვს შეხება. ახალი წესის თანახმად, დამსაქმებელი საჩივარს დისციპლინარულ კომიტეტთან ერთად განიხილავს, რომელიც თითქმის ყველა სკოლაში არსებობს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, თავის ფუნქციას ვერ ასრულებდა. სწორედ მათთან ერთად მოხდება ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღება."-აღნიშნა მან.
ნელი ჯანელიძის თქმით, კომისიის მუშაობაში პროფკავშირების წარმომადგენელიც იყო ჩართული და საშიშროება, რომ ამ კანონმა მასწავლებლების დისკრიმინაცია და დისკრედიტაცია გამოიწვიოს, არ არსებობს. შეგახსენებთ, რომ კანონი "მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესის დამტკიცების შესახებ" 30 დეკემბრიდან შევიდა ძალაში.
მასალის გამოყენების პირობები