თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი ავთანდილ ღელაღუტაშვილი განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე უსამართლოდ მიიჩნევს.
როგორც speqtri.ge- სთან განმარტავს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა დასკვნა ყალბი დებულებიდან გამომდინარე გამოიტანა.
- "საუბარია გარდამავალი პერიოდის დებულებაზე, რომლიც მოქმედებდა უნივერსიტეტში და რომლის ერთ-ერთი მუხლი ჩემს მიერ შეტანილ საბუთებთან თითქოს არ მოდის შესაბამისობაში. ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი სწორედ ამ მიზეზით არ სცნეს. დებულება, რომლითაც ხარისხის განვითარების ცენტრმა ისარგებლა, არაიდენტურია 2006 წელს არსებული რეალობისა. დასკვნა, რომელიც ცენტრმა დადო, არ შეესაბამება მაშინ არსებულ დებულებას. ეს არის ყალბი დოკუმენტი, რომელსაც არასდოს უმოქმედია. ვისი ინტერესები იკვეთება შემდგომ გამოჩნდება. მე წარვადგენ შესაბამის დოკუმენტაციას, იმედია, ყურადღებით გაეცნობიან და მიხვდებიან, რომ არამოქმედ ვერსიას ემყარებოდნენ. ალბათ გადაწყვეტილებას შეცვლიან , თუ არა და სასამართლოს მივმართავ.“- აღნიშნა ავთანდილ ღელაღუტაშვილმა.
საკითხის გასარკვევად განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დავუკავშირდით.
- "აღნიშნულ საკითხზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა მოგვმართა. ჩვენგან მოითხოვა ბატონი ავთანდილის დოქტორის ხარისხის ნამდვილობის შესწავლა. ჩავატარეთ ადმინისტარციული წარმოება. აღმოჩნდა, რომ თელავის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს დებულებით, 2006 წლის პირველ იანვრამდე, ან ასპირანტი უნდა ყოფილიყო პიროვნება, ან გავლილი ჰქონოდა საკანდიდატო მინიმუმები ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ასევე დაწერილი უნდა ჰქონოდა დისერტაციის 70 %. თსუ-ს მიერ მოწვდილი ინფორმაციიდან, სადაც ბატონ ავთანდილს გავლილი ჰქონდა საკანდიდატო მინიმუმები, ირკვევა, რომ მან ჩააბარა 1991-1992 წლებში. ეს არ გამოდიოდა ბოლო ხუთ წელიწადში. დისერტაციის 70% ჰქონდა თუ არა გავლილი, თსუ-მ ვერც ეს ინფორმაციამოგვაწოდა" - აღნიშნა ცენტრის ნამდვილობის სამმართველოს უფროსმა ნუგზარ სიჭინავამ.
ნუგზარ სიჭინავას განმარტებით, თუკი რაიმე ახალი გარემოება გამოიკვეთება, ცენტრი შეისწავლის და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.
მასალის გამოყენების პირობები