დღეს 14:30 საათზე, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში (საგარეჯო), ქართულ-ოსური სამოქალაქო ფორუმი დოკუმენტური ფილმის „სამშვიდობო ექსპრესი“ ჩვენებას გამართავს.
ფილმი UNDP და EU ერთობლივი პროგრამა COBERM-ის მიერ დაფინანსებული პროექტის „ახალგაზრდული სამშვიდობო ექსპრესის“ ფარგლებშია მომზადებული. აქვე გაიმართება პროგრამის შედეგების პრეზენტაცია.
არასამთავრობო ორგანიზაციის „სამოქალაქო ფორუმი მშვიდობისათვის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი ამ ფორმატით პირველია მთელს მსოფლიოში და მას ანალოგი არ ჰქონია. ასევე აღსანიშნავია, რომ ქართველი და ეთნიკურად ოსი სტუდენტები დღემდე ერთმანეთს არ შეხვედრიან მსგავს პროექტში, არ ჰქონიათ ასეთი გრძელვადიანი კომუნიკაცია და არაფორმალური ურთიერთობა, არ უცხოვრიათ ერთად 17 დღის განმავლობაში.
"განსაკკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ევროპელი ახალგაზრდები უშუალოდ გაეცნენ ქართველ და ოს სტუდენტებს და ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი პრობლემები, შეხედულებები, ფასეულობები და გამოცდილება",- აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე ცნობით, პრეზენტაციაზე ახალგაზრდები ისაუბრებენ იმ შთაბეჭდილებებზე, რაც ეთნიკურად ოს თანატოლებთან ერთად პროექტის მსვლელობისას მიიღეს. აღნიშნულ შეხვედრაზე მოეწყობა დისკუსია ქართულ-ოსური ურთიერთობების, კონფლიქტისა და ამ საკითხის ირგვლივ ქართველი ახალგაზრდების ინფორმირებულობის შესახებ. დისკუსიის პროცესში სტუმრები მიიღებენ ინფორმაციას ეთნიკურად ოს ახალგაზრდობაში არსებული განწყობების შესახებ და უკეთ გაეცნობიან ცხინვალში არსებულ სიტუაციას, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტებში ქართულ-ოსური ურთიერთობების პრობლემატიკით დაინტერესებას.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის აპრილი-მაისის პერიოდში ქართველმა და ოსმა სტუდენტებმა 17 დღის განმავლობაში ერთად იმოგზაურეს ავტობუსით 5 ქვეყანაში (თურქეთი, საბერძნეთი, მაკედონია, სერბეთი და კოსოვო), სადაც შეხვდნენ ადგილობრივი უნივერსიტეტების სტუდენტებსა და ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. პროექტში მონაწილეობდა 10 ქართველი და 10 ოსი ახალგაზრდა.
მასალის გამოყენების პირობები