ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას სკოლის მოსწავლეები გაეცნენ
შსს-ს სოციალური კამპანიის ფარგლებში, ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით ახალგაზრდა თაობის უკეთ ინფორმირების მიზნით, 150-ე საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
მოსწავლეებს კამპანიის შესახებ ესაუბრნენ სპეციალურად შექმნილი, შს სამინისტროს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი სამუშაო ჯგუფის წევრები: შსს-ს აკადემიის პროფესიული მომზადების სამმართველოს საპატრულო პოლიციის ფაკულტეტის უფროსი ნოდარ სააკაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი ნინო კვიტაიშვილი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ეკატერინე კენჭაძე, ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს უფროსი ეკატერინე დგებუაძე და არასამთავრობო ორგანიზაცია „ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელი“-ს წარმომადგენელი მანანა ფურცხვანიძე.
სამუშაო ჯგუფის წევრებმა სკოლის მოსწავლეებს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალური კამპანია გააცნეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით კანონში შესული ცვლილებების შესახებ ისაუბრეს. 2013 წლიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც მოხდა ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაცია. კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, ოჯახში ძალადობა 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
შეხვედრაზე კამპანიის ფარგლებში შექმნილი სოციალური რგოლების ჩვენებაც გაიმართა. რგოლების მიზანია საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტების შემთხვევაში უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე: „112“ ან მიმართონ უბნის ინსპექტორს, მოძალადეებმა კი მიიღონ გაფრთხილება, რომ ოჯახში ძალადობა თავისუფლების აღკვეთით ისჯება. შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალური კამპანია „არა ძალადობას!“ 25 ნოემბერს დაიწყო. კამპანიის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ოჯახში ძალადობის შესახებ და ამ პრობლემის დასაძლევად საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობის ხაზგასმა. კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიების მეშვეობით მოხდება საზოგადოების ინფორმირება იმის შესახებ, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლს კანონი იცავს, ხოლო მოძალადეები კანონით ისჯებიან.
საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები თბილისსა და საქართველოს რეგიონებში, სხვადასხვა საშუალო სკოლასა და უმაღლეს სასწავლებლებში გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები