მარინა პეტრიაშვილი
ქალაქ გურჯაანში, უფუნქციოდ დარჩენილი ე.წ. კალოსუბნის საბავშვო ბაღის შენობა სავალალო მდგომარეობაშია. პიროვნებამ, რომელმაც ობიექტი ხუთწლიანი იჯარით აიღო, ხელშეკრულების პირობები არ შეასრულა და ჯარიმაც გადაიხადა. მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას ბაღის რეაბილიტაციას სთხოვს. როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, ეს შეუძლებელია, თუმცა, აღსაზრდლების რაოდენობის მიხედვით, შესაძლოა, ერთი ან ორი ჯგუფი დაკომპლექტდეს.
კალოსუბანში ორსართულიან შენობაში, რომელსაც საკმაო ფართის ნაძვნარიანი ეზო ამშვენებდა საბავშვო ბაღი იყო განთავსებული, თუმცა ამჟამად ნაგებობა მიტოვებული და გაძარცვულია.
"ამ შენობაში სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება იყო განთავსებული. ჩემი შვილები ამ ბაღში გაიზარდნენ. თავის დროზე აქ 5 ჯგუფი ფუნქციონირებდა, რომელიც მოგვიანებით, ბავშვების ნაკლებობის გამო, ორამდე შემცირდა, ბოლოს კი, გაუქმდა. ბაღში 3 მცირეწლოვანი შვილიშვილი დამყავს. მოგეხსენებათ, კალოსუბანი ქალაქის ცენტრიდან საკმაოდ დაშორებულია და ამიტომ ყოველდღე რამდენიმე კილომეტრის გავლა ჩვენც გვიჭირს და ბავშვებსაც, მითუმეტეს ცუდ ამინდში. კალოსუბნის მოსახლეობის დიდი სურვილია ეს ბაღი აღდგეს და თავისი პირვანდელი სახე დაიბრუნოს," _ გვითხრა ქალბატონმა თინათინ იმერლიშვილმა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ-ეკონომიკური კომისიის თავმჯდომარეს გიორგი ენუქიძეს მივმართეთ, რომელმაც გვითხრა, რომ ამ შენობის სრული რებილიტაცია ვერ მოხერხდება, რადგან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. შესაძლებელია მხოლოდ ერთი ან ორი ჯგუფის გახსნა.
"შენობის სრულად აღდგენისა და გარემონტების საშუალება ადგილობრივი ბიუჯეტს არ გააჩნია. თავის დროზე 10 თანამშრომელი იყო დასაქმებული. ისინი თვითონ ამბობდნენ, რომ ბავშვები არ ჰყავდათ. ამიტომ ბაღი გავაუქმეთ და აქცენტი ძირითადად ქალაქის სააღმზრდელო დაწესებულებებზე გადავიტანეთ. იქ არსებული ინვენტარი, ბაღების გაერთიანების ბალანსზე გადავიდა და ანალოგიური პროფილის სხვადასხვა დაწესებულებებში გადანაწილდა. გასული წლის სექტემბერში კი გამგეობაში მოსახლეობის წერილი შემოვიდა, რომელშიც ერთი ჯგუფის აღდგენას ითხოვდნენ. თუმცა, იმ პერიოდში ამისთვის საჭირო თანხა ვერ გამოინახა. თუკი ბავშვების რაოდენობა 40-50-მდე გაიზრდება, მაშინ შეიძლება ბაღის აღდგენაზე ვიფიქროთ, დანარჩენ შემთხვევაში ფილიალის სახით შესაძლოა ერთი ჯგუფი დაკომპლექტდეს," _ გვითხრა გია ენუქიძემ.მისივე თქმით, საბავშვო ბაღის გაუქმების შემდეგ, იქ სხვადასხვა დაწესებულების გახსნა იგეგმებოდა.
"დაახლოებით 4-5 წლის წინ გამოჩნდა ბიზნესმენი, ვინმე მადონა, რომელიც ამ ბაღის იჯარით აღებას და იქ ინვალიდი ბავშვებისთვის სანატორიუმის გახსნას გეგმავდა. მაშინ მე ამის წინააღმდეგი ვიყავი. ეს საკითხი რამდენჯერმე განვიხილეთ. ბოლოს, კახა ლაბუჩიძის გამგებლად ყოფნის პერიოდში გამგეობამ მიიღო გადაწყვეტილება და შენობა ამ პიროვნებას ხუთწლიანი იჯარით გადასცა. შესამოწმებლად იქ რამდენჯერმე ჩავედი და დავრწმუნდი, რომ არაფერი კეთდებოდა, თვალის ასახვევად მხოლოდ ნივთებს უცვლიდა ადგილს. ამჟამად იქ ჩვენი სპორტული სკოლის ორი ჯგუფი ფუნქციონირებს და ისინი აქცევენ ყურადღებას," _ გვითხრა გია ენუქიძემ.
მოსახლეობაში გავრცელებული ინფორმაციით, შენობა კერძო პირმა შეისყიდა. ამ ინფორმაციას არ ადასტურებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ჟუჟუნა არევაძე. მისი თქმით, შენობა იჯარით იყო გაცემული, თუმცა, აღნიშნული ხელშეკრულება ამ დროისთვის გაუქმებულია.
"ბაღის შენობა 2008 წელს იჯარით გაიცა ბიზნესმენზე, რომელიც ინვალიდი ბავშვებისთვის სანატორიუმის გახნას გეგმავდა. ამ შენობის საერთო ღირებულება 12 ათასი ლარი იყო. ხელშეკრულების თანახმად, აღნიშნულ პიროვნებას რემონტი თავისი ხარჯით უნდა გაეკეთებდა, რომელიც ქირის გადასახადში არ ჩაითვლებოდა. პირველ ხანებში მართლაც დაიწყო ეზოს და შენობის მოწესრიგება, მაგრამ საიჯარო გადასახადი არ შემოიტანა. ამის შემდეგ აღნიშნული პიროვნების სახელზე უამრავი გამაფრთხილებელი წერილი გავაზავნეთ, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია. გარკვეული დროის შემდეგ იჯარის გაუქმების თაობაზე მოიჯარემ განცხადებით თვითონ მოგვმართა, მისი მოთხოვნა დავაკმაყოფილეთ და ჯარიმის სახით გადასახდელად 750 ლარი დავაკისრეთ. ეს თანხა გარკვეული დროის შემდეგ გადაიხადა. დღეისათვის ეს ობიექტი თავისუფალია, ჩვენი საკუთრებაა და თუკი მსურველი გამოჩნდება შეგვიძლია იჯარით გადავცეთ," _ გვითხრა ჟუჟუნა არევაძემ.შენობა რომ გაძარცვულია, დანგრევის პირასაა, და სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს, ეს ერთი შეხედვითაც ჩანს. მიუხედავად ამისა, კალოსუბნის მოსახლეობას იმედი აქვს, რომ ადგილობრივი ხელმძღვანელობა მათ თხოვნას გაითვალისწინებს და ბაღი სექტემბრიდან მაინც განაახლებს მუშაობას.
მასალის გამოყენების პირობები