უნივერსიტეტის ყოფილმა და მოქმედმა თანამშრომლებმა შესაძლოა დამატებითი ანაზღაურება მიიღონ
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილებას იძენს, დაწესებულების წინაშე განსაკუთრებულული დამსახურების მქონე პირებისთვის საკუთარი ბიუჯეტიდან ანაზღაურების მიცემის შესაძლებლობა განსაზღვროს.
ცვლილება, რომელიც „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შედის, დღეს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ივანე კიღურაძემ განმარტა, ანაზღაურების წესსა და პირობებს თვითონ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება დაადგენს. მისივე თქმით, ანაზღაურება გაიცემა დაწესებულების ბიუჯეტში ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლიდან, გარდა აკრედიტებულ პროგრამაზე სწავლის საფასურად მიღებული თანხებისა. კანონპროექტის ავტორი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივესრიტეტია, ხოლო საკანონმდებლო ინიციატორი - განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტი.
„ადამიანებს, რომლებიც უნივერსიტეტში მუშაობდნენ ან დღესაც მუშაობენ, მოქმედ პროფესორებს, აგრეთვე უნივერსიტეტის წინაშე დიდი დამსახურების მქონე პირებს, მათ შორის, ყოფილ პროფესორებს, დოცენტებს, ლაბორატორიის გამგეებს, სამეცნიერო სექტორის წარმომადგენლებს, ინჟინრებს, ცხოვრებისა და არსებობის ღირსეული პირობების უნდა ჰქონდეთ. მათი საქმიანობის დაფასება გარკვეული ფინანსური ანაზღაურების, დახმარების ან სხვა სახით აუცილებელია არსებული შესაძლებლობებიდან, უნივერსიტეტის ბიუჯეტის ფარგლებში,”- განაცხადა ივანე კიღურაძემ.
სხდომაზე განიხილეს ასევე “საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ” კანონის პროექტი. ივანე კიღურაძის თქმით, მოქმედი კანონი არ ითვალისწინებს, რომ სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების უმეტესმა ნაწილმა დაკარგა საჯარო სამართლის იურიდიული სტატუსი და უნივერსიტეტებს შეუერთდა. ამავდროულად, დაკნინდა მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, როგორც უმაღლესი სამეცნიერო დაწესებულების როლი, მისი სპეციფიური მიზნები და ამოცანები. ივანე კიღურაძის განმარტებით, კანონი შესაბამისობაში მოდის სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ავტონომიისა და მეცნიერების მართვის დეცენტრალიზაციის პრინციპებთან, პროექტში ახლებურად არის წარმოდგენილი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, როგორც ქვეყნის უმაღლესი სამეცნიერო დაწესებულების როლი, მიზნები და ამოცანები.
კომიტეტმა მესამე მოსმენით განიხილა და კენჭი უყარა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას "უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლიც უზრუნველყოფს კოეფიციენტებით რანჟირების, აბსოლუტური ქულით რანჟირების, სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირებისა და საერთო სამაგისტრო გამოცდების აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტების დამტკიცებისთვის არსებული საკანონმდებლო რეგულაციების მოქნილობას და განსაზღვრავს გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის არსს.
მასალის გამოყენების პირობები