[caption id="attachment_1004" align="alignleft" width="300" caption=" გურჯაანის სკოლა-ინარნეტის გაუქმების შემდეგ იქ არსებული ინვენტარი სკოლებზე გაურკვეველი პრინციპით გადაანაწილეს"][/caption]
ინგა ბიტარაშვილი
გურჯაანში ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა სკოლა-ინტერნატი, უკვე რამდენიმე თვეა გაუქმდა. შენობაში არსებული ბაზა `სპექტრის~ ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებზე გადანაწილდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრში არ საუბრობენ, კომენტარისგან თავს იკავებს ასევე ზოგიერთი სასწავლო დაწესებულების დირექტორიც. გარკვეული ნაწილი კი უკმაყოფილებას გამოთქვამს და ამბობს, რომ მათთვის უცნობია, რა პრინციპით მოხდა ინტერნატში არსებული ბაზის განაწილება.
გაზეთ `სპექტრის~ 29 ივლისი-4 აგვისტოს #20 (286)-ში დაიბეჭდა სტატია, სათაურით: `განმარტებების გარეშე გაუქმებული სკოლა-ინტერნატები~. სადაც აღნიშნული იყო, რომ: "რამდენიმე კვირის წინ, გურჯაანის ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა სკოლა-ინტერნატში და ბოდბის #2 საჯარო სკოლა-პანსიონში ზოგადი განათლების პროგრამების დეპარტამენტიდან ჩამოვიდა კომისია ლალი ებანოიძის ხელმძღვანელობით. მათ დაათვალიერეს საგანმანათლებლო დაწესებულების ბაზა, გაესაუბრნენ თანამშრომლებს და წასვლის წინ განაცხადეს, რომ "უახლოეს მომავალში ამ სკოლების ლიკვიდაცია მოხდება".`პირობა~ შესრულდა, გურჯაანის ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა სკოლა-ინტერნატი უკვე გაუქმებულია. დაწესებულების თანამშრომლებმა საბოლოოდ დეკემბერის თვის ხელფასები მიიღეს, თუმცა ამჟამად ამ საკითხზე საუბარი არ სურთ. თავდაპირველად პედაგოგებიც და იქ მომუშავე ექიმებიც ინტერნატის გაუქმებას უარყოფითად აფასებდნენ. ექიმ-პედიატრმა ანა ქადაგიშვილმა იმ დროისათვის ასეთი კომენტარი გააკეთა: `ინკლუზიური სწავლების ამ ბავშვებთან დაკავშირება ირონიულია. უმრავლესობა ცერებრალური დამბლითაა დაავადებული, არიან ასევე უნარშეზღუდული ბავშვები, დაუნის სინდრომითა და სხვადასხვა სამშობიარო ტრამვით დაავადებულები. ისინი ვერ ივლიან ჩვეულებრივ სკოლებში, ვერანაირად ვერ დაძლევენ სასწავლო პროგრამას იმიტომ, რომ არ აქვთ შესაბამისი ფუნდამენტი,~ _ ამბობდა ანა ქადაგიშვილი.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, იმ დროისათვის კომენტარის გაკეთება, ინტერნატის დირექტორმა მარინა ჭუჭულაშვილმაც არ ისურვა. ახლაც კი, როდესაც სპეც. სკოლა ინტერნატი გაუქმებულია და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია იქ არსებული ბაზის ბედი, კომენტარისგან თავს იკავებენ სკოლის პედაგოგები და დირექტორები. `სპექტრის~ ინფორმაციით, შენობაში არსებული ინვენტარი თუ სხვა ნივთები მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებზე გადანაწილდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, თუ ზოგიერთი დირექტორი კომენტარს აკეთებს, ზოგიც უკმაყოფილებას ღიად გამოხატავს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლალი გაბიტაშვილი ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.
"ამის შესახებ ვერაფერს ვიტყვი, რადგან ოფიციალური დოკუმენტი ამის თაობაზე, რომ მედიას ვაცნობო, თუ რა ბედი ეწია იქ არსებულ ბაზას, ჯერჯერობით არ მიმიღია შესაბამისად, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ," _ განმარტა ლალი გაბიტაშვილმა.
#3 საჯარო სკოლაში აღნიშნავენ, რომ მათთვის უცნობია, რა პრინციპით მოხდა ინტერნატში არსებული ბაზის განაწილება. უფრო მეტიც, ამბობენ, რომ მათ მხოლოდ რამდენიმე ძველი მერხი და სკამი მიიღეს, შედარებით ახალი ინვენტარი კი სხვა სკოლებს ხვდათ წილად.
"არ ვიცი რა პრინციპით გადანაწილდა იქ არსებული ბაზა, რადგანაც რაც ჩვენ ვითხოვეთ და საჭირო იყო სკოლისათვის, ის ვერ მივიღეთ. როდესაც რესურსცენტრისგან მოგვივიდა შეტყობინება ინტერნატის ლიკვიდაციის თაობაზე, გავაგზავნეთ მოთხოვნა, სადაც გვეწერა, რომ სკოლას ესაჭიროება მერხები, სკამები, პიანინო და სხვა. მოთხოვნილი მქონდა 120 სკამი, სანაცვლოდ კი 3 მერხი, რამდენიმე სკამი, პიანინო და მუსიკალური ცენტრი მივიღეთ, რომელიც არ მუშაობს. რაც კარგი კარადები, მერხები და სკამები იყო, როგორც ვიცი, გურჯაანის #1, #2 და სოფელ კოლაგის საჯარო სკოლებს გადაეცა,"_ გვითხრა #3 საჯარო სკოლის დირექტორმა დემნა მესალბიშვილმა.
ეს ინფორმაცია სოფელ კოლაგის სკოლის დირექტორმა დონარი აფთარაშვილმა დაადასტურა და აღნიშნა, რომ მოთხოვნის საფუძველზე რესურსცენტრმა მას ინტერნატში არსებული ბაზიდან გარკვეული ინვენტარი შეახვედრა.
"ჩვენ სკოლას გადმოეცა სკამები, მერხები, საოფისე ავეჯი, კარადა და ტანსაცმლის საკიდი," _ გვითხრა დონარი აფთარაშვილმა.
#2 საჯარო სკოლას მერხები რომ ხვდა წილად, ამაზე აღნიშნული სკოლის მოსწავლეებიც ლაპარაკობენ.
"ინტერნატიდან სკოლაში მერხები მოიტანეს, რომელიც ჩემს კლასში დგას," _ გვითხრა მოსწავლემ, რომელიც ვინაობის დასახელებისაგან თავი შეიკავა. ამ ფაქტს უარყოფს მეორე საჯარო სკოლის დირექტორი მანანა გზირიშვილი.
"ჩვენთან არაფერი მოუტანიათ, მე არაფერი ვიცი, არ ვიცი და მორჩა," _ გვითხრა მანანა გზირიშვილმა.`სპექტრი~ შეეცადა გაერკვია ინტერნატის გაუქმების შემდეგ რა ბედი ეწია იქ აქრსებულ ინვენტარს, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამის თაობაზე სრულყოფილი ინფორმაცია ვერ მივიღეთ.
ჯერჯერობით გაურკვეველია შენობის ბედიც.
"აღნიშნული შენობა სახელმწიფო საკუთრებაშია, ამიტომაც ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობია მომავალში რის გაკეთებას აპირებენ," _ განმარტა გურჯაანის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსმა ირაკლი მინდიაშვილმა. მისივე თქმით, აღნიშნული ობიექტი ჯერჯერობით არც საპრივატიზაციო ნუსხაშია შეტანილი.
მასალის გამოყენების პირობები