საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ოთხი სოფლის გაზიფიცირება დასრულდა.
ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და აზერბაიჯანული კომპანიის „სოკარ ჯორჯია გაზის" გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ ანტონ სამსონიძემ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში ახლადაშენებული გაზსადენი გახსნეს.
კალაძემ და კომპანიის წარმომადგენლმა სოფლის ცენტრში ჩირაღდანი აანთეს. გარდა ამისა, ენერგეტიკის მინისტრმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში (პატარა ჩაილური, დიდი ჩაილური და თოხლიაური) ახლადაშენებული გაზსადენები დაათვალიერა და ოჯახებში გაზქურა აანთო.
სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზმა" სოფელ მანავში 39 კმ სიგრძის საშუალო წნევის გაზსადენი ააშენა, რის შედეგადაც სოფელში მცხოვრებ 1200-ზე მეტ ოჯახს ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა მიეცა.
მათივე ცნობით, სოფლების პატარა ჩაილურის, დიდი ჩაილურისა და თოხლიაურის გაზიფიცირებისთვის აშენდა 45,1 კმ სიგრძის საშუალო წნევის გაზსადენი. განხორციელებული სამუშაოების შედეგად, ბუნებრივი აირის მიღების შესაძლებლობა ამ სოფლებში მცხოვრებ 1 324 ოჯახს მიეცა. დღეისათვის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ოთხივე ახლადგაზიფიცირებულ სოფელში მცხოვრები 1 190 ოჯახი უკვე უზრუნველყოფილია ბუნებრივი გაზით.
"დღეისათვის საგარეჯოს მუნიციპალიტეტში აშენებულია 226 კმ სიგრძის საშუალო წნევის გაზსადენი და გაზიფიცირებულია 5 300 აბონენტი. ამ დროისათვის მუნიციპალიტეტში კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი“ 11 331 აქტიურ აბონენტს ემსახურება.
კახეთის რეგიონში 1 088 კმ გაზსადენის მშენებლობის შედეგად, 35 132 აბონენტია გაზიფიცირებული. დღეისათვის რეგიონში 62 152 აქტიური აბონენტია რეგისტრირებული", - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მიმდინარე წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზმა“ მთელი საქართველოს მასშტაბით 5 150 კმ სიგრძის გაზსადენი ააშენა და ბუნებრივი გაზით 207 989 აბონენტი უზრუნველყო.
შეგახსენებთ: ბუნებრივი გაზის სექტორში ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების ტარიფი 600 ლარიდან 400 ლარამდე შემცირდა.
ენერეგტიკის სამინისტროსა და გაზგამანაწილებელი კომპანიების შეთანხმებით ისევ შენარჩუნებულია ამ თანხის ეტაპობრვი გადახდის მექანიზმი და მოსახლეობას უკვე შემცირებული ტარიფის გადახდა 25 ლარიანი პორციებით, 16 თვის განმავლობაში შეეძლება. მომსახურების ღირებულებაში შედის ბუნებრივი გაზის ერთი წერტილის მოწყობა.
მასალის გამოყენების პირობები