"ჩვენ უნდა მოვემზადოთ, რომ სახელმწიფომ სრულად აიღოს მოსახლეობის იმუნიზაციაზე ზრუნვა."-აღნიშნულის შესახებ, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ ამერიკის ორგანიზაციის საბინის ვაქცინის ინსტიტუტის იმუნიზაციის მდგრადი დაფინანსების პროგრამის დირექტორთან მაიკ მაქქვესჩენთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლება იმუნიზაციას ერთ-ერთ საჭირო და აუცილებელ მიმართულებად მიიჩნევს, რომელიც დაავადებების მართვისათვის, რისკების შემცირებისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის ეფექტური დაცვისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
- "2015 წლისთვის, 2012 წელთან შედარებით, თითოეულ მოსახლის იმუნიზაციაზე დანახარჯები 5.5-ჯერ გაიზარდა, რაც რეგიონში ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია."-აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.
ამერიკის ორგანიზაციის საბინის ვაქცინის ინსტიტუტის იმუნიზაციის მდგრადი დაფინანსების პროგრამის დირექტორის მაიკ მაქქვესჩენის განმარტებით აუცილებელია, რომ ყველა ქვეყანამ შეძლოს თავისი საზოგადოების, თავის მოსახლეობის სრული იმუნიზაცია.
-"სრულად იმუნიზაციაში ვგულისხმობთ იმას, რომ დაავადებებმა ვერ შეძლოს შეღწევა და გავრცელება საზოგადოებაში. მთელი რიგი
დაავადებები, როგორიცაა პოლიომიელიტი, ტეტანუსი და სხვა, პრაქტიკულად ქრება საქართველოში. ეს ნამდვილად დიდი მიღწევაა. ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია თანამშრომლობა პარლამენტს, მთავრობას და საზოგადოებას შორის.ბოლო ათი წლის განმავლობაში, საქართველოში ძალიან აქტიურად და რეგულარულად ხდება იმუნიზაცია. გლობალური პერსპექტივით თუ შევხედავთ, ყველა ქვეყანამ უნდა მიბაძოს საქართველოს მაგალითს"-აღნიშნა მაიკ მაქქვესჩენმა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლამდე პერიოდი იმუნიზაციის ათწლეულად გამოაცხადა და გლობალური ვაქცინაციის სამოქმედო გეგმა შეიმუშავა, რომლის შესრულებასაც 2012 წელს 53 წევრმა სახელმწიფომ, მათ შორის, ჩვენმა ქვეყანამ, მოაწერა ხელი.
საქართველო იმუნიზაციის ვალდებულებას 2018 წლიდან აიღებს, რაც ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 11 მილიონამდე ლარის მობილიზებას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები