მმართველმა გუნდმა სიღნაღში გამგებლობის კანდიდატად დავით ჯანიკაშვილი წარადგინა.
- ბატონო დავით, თქვენი ბიოგრაფიიდან გამომდინარე, მინდა გკითხოთ: რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, თვითმმართველობაში დაბრუნება გადაწყვიტეთ, რა იყო ამის მიზეზი?
- ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი საჯარო მოხელე ვიყავი, მაგრამ ბოლო წლებში ვატყობდი, რომ ყველეფერი კეთედებოდა ფასადების გამო, პიარისთვის.
ხალხს თითქმის არანაირი შეღავათი არ ჰქონდა, მათ სასიკეთოდ არაფერი ხდებოდა. თუმცა ამ ბოლო წელს ჩვენს რაიონშიც და ზოგადად საქართველოში ბევრი რამ შეიცვალა. ჩემი სოფლის-მაღაროს მაგალითზე რომ ვისაუბროთ, შესანიშნავი ბაღი კეთდება. გზები და წყალი მოწესრიგდა, ბევრი სასიკეთო ძვრები იყო, მეც გამიჩნდა სურვილი, რომ ამ ფერხულში ჩავბმულიყავი.
ერთი წლის წინ დავწერე განცხადება სოფლის მეურნეობის სამინისტროში. მოეწო ტესტირება, გამოცდები იუსტიციის სამინისტროში ჩატარდა. საკმაოდ მაღალი ქულები მოვაგროვე და დავინიშნე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო- საკონსულტაციო სამსახურში უფროს სპეციალისტად. ამის შემდეგ ურთიერთობა მქონდა, როგორც ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან, ისე პარტიასთან და მივიღე შემოთავაზება გამგებლობის კანდიდატად მეყარა კენჭი. ძალიან ბევრი ვიფიქრე, მოგეხსენებათ, ეს სკმაოდ დიდი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ამ დადებითმა ცვლილებებმა, გადამაწყვეტინა დავთანხმებულიყავი.
-წინა ხელისუფლების პერიოდში სიღნაღი ფაქტობრივად სხვა სტატუსის-სიყვარულის ქალაქად იქცა, რა იქნება პრიორიტეტი, თქვენი მმართველობაში მოსვლის შემდეგ?
-მართალი გითხრათ, არ მესმის მცნება სიყვარულის ქალაქი, პარიზი კი ვიცი, გამიგია რომ ასეთია, მაგრამ სიღნაღი როგორ ასოცირდება სიყვარულის ქალაქთან არ მესმის, მაშინ როცა უამრავი საკითხია მოსაგვარებელი. წყალი ისევ პრობლემაა და სექტებრიდან იწყება მუშაობა მის გადასაჭრელად. ფაქტობრივად, ოცდაოთხსაათიან წყალმომარაგებაზე და გამრიცხველიანებაზე გადავა ქალაქი. სიღნაღიდან ერთი კილომეტრის მოშორებით, ორმილის დასახლებაში, სადაც მოსახლეობის თითქმის მესამედი ცხოვრობს (საერთო საცხოვრებლები) ისეთი გზაა ზამთრის პერიოდში შეუძლებელია მისვლა.
ელემენტარულად პოლიკლინიკა არ არსებობს, არადა ტრადიციულად შესანიშნავი მედპერსონალი გვყავდა, რომელიც წნორში, ან სხვადასხვა კერძო კლინიკაში გადანაწილდა. ადგილობრივი მოსახლეობის გარდა, ყოველდღიურად 300-400 ტურისტი შემოდის ქალაქში და წნევის გასაზომად ოთახიც კი არ არსებობს. იმიტომ ვამბობ, რომ პირველ რიგში სიღნაღი უნდა იყოს სიღნაღელებისთვის. ტურისტული ობიექტების მოსაწყობად ბევრმა სესხი აიღო და ბევრმა საკუთარი ფული ჩადო, თავისთავად არ შეიძლება ამ პროექტების შეჩერება, პირიქით მათი დახმარება და განვითარება აუცილებელია. გარდა ამისა, ტურისტებისთვის, რომლებიც ერთდღიანი ტურებით ჩამოდიან, გამგეობაში არსებულ საერთაშორისო ფონდებთან და ტურიზმთან ურთიერთობის სამსახურთან ერთად დაიგეგმება პროექტები, ტურები და ა. შ.
-"ერთად ვიზრუნოთ სიღნაღზე", ეს სლოგანი ზოგადად მმართველი პარტიის მიდგომას გულისხმობს, თუ თქვენი გეგმა გაქვთ მის განსახორციელებლად?
-ერთად ვიზრუნოთ სიღნაღზე და სიღნაღელებზე, ნიშნავს სიღნაღის 40 ათას მოსახლეზე ზრუნვას.
შეიძლება ითქვას, რომ ეს ხალხი ძალიან რთულ მდგომარეობაშია, მთავრობა მათთვის მხოლოდ არჩევნების წინ იცლიდა, ერთიბიდონი დიზელის საწვავი, ან ათლარიანი დენის ვაუჩერი რიგდებოდა, შემდეგ ტელევიზია და პიარი, ამაზე იყო აგებული ხელისუფლების როლი.
ახალმა ხელისუფლებამ ორი წლის განმავლობაში დაარიგა იმ თანხის, სასოფლო-სამეურნეო ბარათები, რომ ამჟამად სიღნაღში არც ერთი ჰექტარი მიწა არ არის დაუმუშავებელი. ეს პროგრამა მომავალ წელსაც გაგრძელდება. გარდა ამისა, მოსახლეობამ მიიღო სათესლე მასალა, საწვავი, სასოფლო-სამეურნეო იარაღები და უნდა ითქვას, რომ გლეხმა ამოისუნთქა.
ყოველწლიურად სიღნაღში 25 ათასი ტონა ყურძენი იკრიფება, აქედან 15 ათას ტონას უკეთდება რეალიზება. 7 ღვინის ქარხანა გვქონდა და ყველა დატვირთული იყო, ახლა კი რაიონში არც ერთი ღვინის ქარხანა არ მუშაობს. მოსახლეობას უწევს ყურძნის ჩატანა მეზობელ რაიონში, რაც საკმაო ხარჯებთან არის დაკავშირებული. ამ ეტაპზე ინვესტიციები უკვე მოძიებულია და ჩინური კომპანიის მიერ მიმდინარეობს მშენებლობა, რომელიც და ერთ წელიწადში დამთავრდება. ასევე, გადაწყდა სიღნაღის სამკერვალო ფაბრიკის ამუშავებაც, სადაც მოხდება ფეხსაცმლის წარმოება როგორც საექსპორტოდ, ასევე ადგილობრივი ბაზრისთვის. ორგანიზაციაში დაახლოებით 180 ადამიანი დასაქმდება.
ანუ მივედით იქამდე, რომ სიღნაღელებმა უნდა იშრომონ და ჩვენ ვეძიოთ გზები მათ დასახმარებლად. რა თქმა უნდა, საკმაო თანხა იხარჯება სოციალური პაკეტიდან, მაგრამ ხალხს მუშაობა და საკუთარი ხელფასი სჭირდება, ამავე დროს აუცილებელი, სოფლებში შეიქმნას საინიციატივო ჯგუფები, თითოეული სოფელი დაიყოფა, 12-15 უბნად, ყველა უბანს ეყოლება წარმომადგენელი, რომელიც ჩართული იქნება სოფლის ბიუჯეტის და განსახორციელებელი პროექტების განხილვაში. გამგებელი და საკრებულო დაინტერესებული იქნება, რომ პროექტები შესრულდეს ვადებში, ხარისხიანად. მე ვდებ პირობას, რომ თითოეული თეთრი გაიხარჯება მიზანმიმართულად.
-სიღნაღი კომუნისტების პერიოდიდან ითვლება მხარედ, სადაც წყალი ყოველთვის პრობლემას წარმოადგენდა. რა კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
-სიღნაღში ყველა სოფელში შევხვდი მოსახლეობას და ვიცი, რომ არის სასმელი წყლის პრობლემა, ასევე სოფლის მეურნეობა სიღნაღში წამყვანი დარგია და აუცილებელია სარწყავი წყალი. თუ არ ვცდები, წელს შვიდი-რვა ჭაბურღილი გაკეთდა. სამი წლის ვადაში მოგვარდება სასმელი წყლის პრობლემა, ასევე მისახედია გაზიფიცირებისა და შიდა გზების საკითხიც, რაც ეტაპობრივად გადაიჭრება.
- დასაქმება არის ქვეყნის და რა თქმა უნდა, თქვენი რაიონის პრობლემაც, რა კონკრეტული ნაბიჯებია ამისთვის საჭირო?
- აუცილებელია ინვესტიციების მოძიება. თუმცა მთავრობამ მიიღო კანონი კოოპერეტივების შესახებ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ტიპის რაიონისთვის. კოოპერატივი ისეთი ფორმაა, რომელიც გამოცდილია ევროპის ყველა ქვეყანაში და წარმარებით მუშაობს. ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ უნდა მოახდინოს მოსახლეობის ინფორმირება და აქტიურად ჩაერთოს ამ საკითხების მოგვარებაში. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შემდეგ, გაიზრდება მოთხოვნა ბიოპროდუქტებზე. ჩვენ გვაქვს ბიოპროდუქტების წარმოების დიდი პოტენციალი, როგოროც ბოსტნეულის, ისე ხილის სახით. ცალკეული გლეხი ამას ვერ უწევს კოორდინაციას, რადგან ტრანსპორტიტება ძვირი ჯდება და ფასიც დაბალია. აუცილებელია 30-50 ოჯახი გაერთიანდეს. ყველა ქვეყანას სჭირდება სტაბილური მიმწოდებელი, რასაც უზრუნველყოფს სწორედ, კოოპერატივები. შესაძლებელი გახდება 50-60 ტონის მოყვანა და არა ცალკეულად რამდენიმე კილოგრამის. არის მნიშვნელოვანი შეღავათები, კოოპერატივებს შეეძლებათ სათესლე მასალისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების პრეპარატების შეძენა საბითუმო ფასად, თავისუფლდებიან საშემოსავლო და ქონების გადასახადისგან, ექნებათ იაფფასიანი კრედიტებით სარგებლობის უფლება და ტექნიკის ლიზინგით აღების საშუალება, რაც 50-60 პროცენტით აიაფებს პროდუქტს.
- ბატონო დავით, ვინ არის თქვენი რეალური ოპონენტი?
- მე ვთვლი, რომ რეალური ოპონენტი არ მყავს.
- რას ეტყოდით თქვენს ამომრჩეველს?
- თვითმმართველობის არჩევნები ძალიან რთული არჩევნებია. ზოგის ბიძაშვილი, მამიდაშვილი, მეზობელი, ან მეგობარი იყრის კენჭს. მაგრამ ახლობლობას თავი უნდა დავანებოთ და ჩვენი არჩევანი ქვეყნის, რაიონის, სოფლის განვითარებაზე, ჩვენი ოჯახის წინსვლაზე უნდა შევაჩეროთ. ამომრჩევლებს ვთხოვ, გადახედონ არსებულ რეალობას, კარგად შეაფასონ სიტუაცია, მობრძანდნენ არჩევნებზე და შემოხაზონ 41.
მასალის გამოყენების პირობები