საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ
(ათეა), რიგით მეექვსე ეროვნული კონფერენცია გამართა და 2022-2023
წლის საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) კონკურსში გამარჯვებული
მუნიციპალიტეტები დააჯილდოვა. კახეთის რეგიონიდან ჯილდო ორმა
მუნიციპალიტეტმა მიიღო.
სპეციალური პრიზები და სიგელები დედოფლისწყაროსა და ლაგოდეხის
მუნიციპალიტეტების პირველ პირებს გადაეცათ.
როგორც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ ჯანიაშვილმა
speqtri.ge-ს განუცხადა, მათ საკონკურსოდ სოციალური პროექტი
წარადგინეს, რომელიც გულისხმობდა შშმ პირებისათვის მუნიციპალიტეტის
მთელ ტერიტორიაზე მუნუციპალური პროგრამების ხელმისაწვდომობის
გაზრდას.
„პროგრამის განხორციელება 2023 წელს დავიწყეთ. ეს იყო კონკრეტული
აქტივობა, რომელიც ეხებოდა 18 წლამდე შშმ პირებისათვის
ტრანსპორტირების პროგრამის შექმნას, რათა ის სერვისები, მათ
შორის სამედიცინო, რომელიც მხოლოდ მუნიციპალური სერვისით არის
ხელმისავდომი, თანაბრად განაწილებული და მხოლოდ დედოფლისწყაროსთან
ახლოს მდებარე სოფლებისთის კი არა, შორს მდებარე სოფლის
მცხოვრებლებისთვისაც ხელმისაწვდომი ყოფილიყო. ამას წინაპირობა ჰქონდა
ის, რომ შევქმენით სერვისები, რომელიც ჩვენთან მანამდე არ იყო.
მაგალითად, ხელი შევუწყეთ, რომ 18 წლამდე შშმ პირებისთვის დღის ცენტრი
გახსნილიყო დედოფლისწყაროში და შემდეგ დავიწყეთ მისი დაფინანსება
ვაუჩერული სისტემით. ანუ გაჩნდა სერვისი, დავიწყეთ სერვისის
დაფინანსება და შემდეგ აღმოჩნდა, რომ მოთხოვნა მეტზე იყო, მაგრამ
მიმართვიანობა იყო ნაკლები. სიტუაციის გაანალიზებისას გამოიკვეთა, რომ
ტრანსპორტირება იყო სერიოზული პრობლემა. ამ პროგრამის დანერგვით,
ფაქტობრივად სრულად მუნიციპალიტეტის მასშტაბით ხელმისაწვდომობა
გაიზარდა,“ - გვეუბნება ნიკოლოზ ჯანიაშვილი.
რაც შეეხება ლაგოდეხს, საუკეთესო პრაქტიკად აღიარეს მუნიციპალიტეტის
მიერ ახალგაზრდული პოლიტიკის ხელშეწყობოს მიზნით დანერგილი
პრაქტიკა, სახელწოდებით ,, ახალგაზრდები მომავლისთვის".
„ახალგაზრდული პოლიტიკის ხელშეწყობა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის
თვითმმართველობის, ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.
ახალგაზრდების ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში,
ჩართულობის გაძლიერების მიზნით, ორდონიანი „ახალგაზრდული საბჭოები“
შევქმენით. საბჭოს წევრების მეშვეობით ხდება, პრობლემისა თუ ახალი
იდეის გაჟღერება. ეს პრაქტიკა ეფექტურია, ის მეტად გვაახლოებს
ახალგაზრდებთან და ახალგაზრდულ პრობლემების და გამოწვევების
გადაჭრა/მოგვარების პროცესში გვეხმარება“, - აცხადებს ლაგოდეხის
მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი.
გამარჯვებული თვითმმართველი ერთეულები საუკეთესო პრაქტიკის კონკურსის
მმართველმა კომიტეტმა, საჯარო და არასამთავრობო სექტორის
წარმომადგენლებითა და შესაბამისი დარგის ექსპერტებით დაკომპლექტებული
შეფასების კომისიის რეკომენდაციის გათვალისწინებით გამოავლინა.
ექსპერტის განცხადებით, წინა წლებთან შედარებით, 2022-2023 წლების
კონკურსისთვის შერჩეულ 14 თემაზე, რეკორდული რაოდენობის, 67 განაცხადი
იყო წარმოდგენილი, საიდანაც წარმატებულ და კარგ პრაქტიკად 12 პროექტი
დასახელდა.
XX
ღონისძიება, ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის
(UNDP) ინიციატივა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის (M4EG), დანიის
მთავრობის , ასევე აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა
(USAID) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების
(GIZ), მხარდაჭერით მოეწყო.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია, დონორი
ორგანიზაციების ხელშეწყობით, 2018 წლიდან ახორციელებს საუკეთესო
პრაქტიკის პროგრამას (Best Practice Program), რომელიც ევროპის საბჭოს
მიერ აღიარებული ინსტრუმენტია კარგი მმართველობის წარმატებული
მაგალითების გამოვლენისა და გაზიარებისთვის.
მასალის გამოყენების პირობები