საარჩევნო ბლოკის "არასაპარლამენტო ოპოზიცია (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე)" გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი იმერლიშვილი speqtri.ge–სთან საუბრისას აცხადებს, რომ ამომრჩევლის ბარათზე, რომელიც მოსახლეობას დაურიგდა არ არის მითითებული ტელეფონის ნომერი,სადაც მოსახლეობა საუბნო საარჩევნო კომისიას დაუკავშირდებოდა.
" დღეს დილიდანვე დავიწყე ხალხთან შეხვედრა, პარალელურად ყველა უბანზე დადიოდნენ სალქო კომისიის წარმომადგენლები, რომლებიც ამომრჩევლის ბარათებს არიგებდნენ. ბარათზე მითითებულია გრაფა სადაც უნდა იყოს ტელეფონის ნომერი და ამ ნომერზე დარეკვისას ამომრჩეველს მიეცემოდა საშუალება გადასატანი ყუთის მოთხოვნისა, მაგრამ გრაფა ცარიელია. ერთი საათის განმავლობაში დაახლოებით 5 ადამიანი აღმოვაჩინე, რომელიც ტელეფონის ნომერს ითხოვდა, იმის გამო რომ არ შეუძლიათ უბანზე მისვლა და განცხადების დაწერა."-აღნიშნა მან.
მისივე თქმით, ამის შემდეგ ის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დაუკავშირდა, სადაც უთხრეს, რომ ყველას ტელეფონის ნომერს ვერ მუთითებდნენ და თუ ამომრჩეველს ყუთის სახლში მიტანა უნდოდა, გურჯაანის #12 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ნატალია ბეგაშვილს დაკავშირებოდნენ.
– "მე დავურეკე ქალბატონ ნატოს და ვკითხე შეიძლებოდა თუ არა მისი ტელეფონით ესარგებლა ამომრჩეველს, რაზედაც მან კონკრეტული პასუხი ვერ გამცა, მითხრა რომ გაარკვევდა და ცოტა ხანში დავკავშირებოდი. ვზივარ და ველოდები ჯერ არაფერი პასუხი არ მაქვს."–აღნიშნა მან.
გურჯაანის #12 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ნატალია ბეგაშვილის განმარტებით კი "გადასატანი ყუთის სახლში მიტანის თაობაზე მოსახლეობას საუბნო კომისიისთვის უნდა მიემართა. რაც შეეხება ტელეფონის ნომრებს ჩვენს რაიონში უბნებზე საკაბელო ტელეფონი არ არის. ის რომ ასეთი კატეგორიის ამომრჩეველი მე უნდა დამიკავშირდეს ტელეფონზე, ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მაქვს და თქვენგან მესმის პირველად."
გიორგი იმერლიშვილი ამ ფაქტთან დაკავშირებით რამდენიმე სხვადასხვა ვერსიაზე საუბრობს. "ერთი შეიძლება იყოს არაკომპეტენტურობა, როგორც სხვა რამეში ამ სიტუაციაშიც საარჩევნო კომისია ვერ გრძნობს იმ პასუხისმგებლობას რომელიც აკისრია. მეორე ჩემი აზრით ალბათ ვინაიდან მმართველ პარტიას უკვე დაფიქსირებული ყავს თუ ვისთან უნდა მივიდეს ყუთი,მათ არ აწყობთ ჩემი ან სხვა პარტიის მიერ აღმოჩენილი ამომრჩეველი.ასე უამრავი ადამიანი რჩება ხმის მიცემის გარეშე."-აღნიშნა მან.
მოქალაქეებს გადასატან ყუთებზე მოთხოვნის ვადა დღეს 18:00 საათამდე ჰქონდათ.
მასალის გამოყენების პირობები