გურჯაანის #12 საარჩევნო ოლქში კოალიცია "ქართული ოცნებიდან" მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატად პროპორციული (პარტიული) სიით 34 წევრია დარეგისტრირებული. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სია 20 კაცს ითვლის, კოალიცია "ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციაც" ასევე 20 წევრითაა დაკომპლექტებული. თვალში გვხვდება პარტიების მსგავსი ლოგიკაც, რომლის თანახმადაც მათ კონკრეტული პირები ერთდროულად ჰყავთ შეყვანილი როგორც პარტიულ, ასევე მაჟორიტარულ ოლქებში.
მაგალითად, "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში რამდენიმე განსაკუთრებით ცნობადი სახეა, რომელიც რაიონში პოლიტიკურ ამინდს ქმნის.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი მოადგილე და პარტია "რესპუბლიკელების" რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ზვიად ყვირალაშვილი სიის მეორე ნომერია. პარალელურად კი, ქალაქ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატიცაა. რაც ნიშნავს, რომ ზვიად ყვირალაშვილს საკრებულოს შემადგენლობაში ნებისმიერ შემთხვევაში ვიხილავთ. "სპექტრი" დაინტერესდა, ვინ იქნება სიის მეორე ნომერი, თუკი ყვირალაშვილი ამომრჩეველთა უმრავლესობის ნდობას დაიმსახურებს. ამ შემთხვევაში მის ადგილს საკრებულოს ამჟამინდელი თავმჯდომარე, ასევე `რესპუბლიკელი~ ავთანდილ ზარდიაშვილი დაიკავებს, რომელიც ამ ეტაპზე სიაში მეოცეა.
- "კოალიციური სია ცვლადია. მეორე ნომრად წერია "რესპუბლიკური" პარტია და ზვიად ყვირალაშვილი, რომელიც ამავდროულად კენჭს იყრის ქალაქის მაჟორიტარად. "რესპუბლიკური" პარტიის სიის მეორე ნომერი კი მე ვარ. (ბატონი ზვიადი არის თავმჯდომარე, მე-მოადგილე). ასე, რომ გურჯაანში მისი გამარჯვების შემთხვევაში კოალიციური სიის მეორე ადგილს მე დავიკავებ. უკმაყოფილო არ ვარ. ეს ყველაფერი შეთანხმებულია,"-გვითხრა ავთანდილ ზარდიაშვილმა.
თუმცა თუკი ზვიად ყვირალაშვილი მაჟორიტარულ არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს, ავთანდილ ზარდიაშვილი თვითმმართველ ორგანოში ვეღარ მოხვდება.
ზვიად ყვირალაშვილი "სპექტრთან" საუბარში აცხადებს, რომ ერთი და იმავე კანდიდატის პარტიული და მაჟორიტარული სიით დარეგისტრირება სიახლე არ არის, ასე იყო წინა არჩევნების დროსაც.
- "ჩემთვის მაჟორიტარობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ყველანაირად მზად ვიყავი, რომ მხოლოდ ამ ფორმით მეყარა კენჭი. ეს არის დამატებითი ვალდებულება და პასუხისმგებლობა, რომელსაც სრულად ვითავისებ. ხალხის მიერ ბოძებული მანდატი გაცილებით ღირებულია, ვიდრე საკრებულოში მხოლოდ პარტიული სიით შესვლა."
წინასაარჩევნო პერიოდის დასაწყისში, კოალიცია "ქართული ოცნებიდან" გამგებლობის კანდიდატად არაერთი პიროვნება დასახელდა, მათ შორის ახლანდელი გამგებელი ემზარ ჯიქურაშვილიც. თუმცა ოფიციალური მონაცემებით ის სოფელ კაჭრეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია. მას პარტიული სიით საკრებულოს დეპუტატობა გარანტირებული არ აქვს. ეცდება, ამომრჩევლის გული ინდივიდუალურად მოიგოს, რათა კონკურენტი მაჟორიტარების დამარცხება შეძლოს. ემზარ ჯიქურაშვილი პარტიის ამ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს და თვლის, რომ მისი "დაზღვევის" საფუძველი არ არსებოდა.
- "კოალიციას სადაც და რა ფლანგზეც დასჭირდება, მზად ვარ იქ ვემსახურო ჩემს რაიონს და ქვეყანას. მთლიანად მხარს ვუჭერ მათ გადაწყვეტილებას და სრულ თანადგომას ვუცხადებ გამგებლობის კანდიდატს. ამ შემთხვევაში, ჩემი აზრით, კანდიდატი, რომელიც მაჟორიტარადაც არის წარდგენილი და პარტიულ სიაშიცაა, გარკვეულწილად, დაზღვეულია, რომ თუ მისი გასვლა ვერ მოხდება მაჟორიტარობიდან, წარმომადგენლობით ორგანოში ავტომატურად პროპორციული სიით შევა. ჩემს შემთხვევაში ასეთი მომენტი არ არსებობდა. გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ, ამიტომ სიაში ადგილი სხვებს დავუთმე,"-გვითხრა ემზარ ჯიქურაშვილმა.
საარჩევნო ბლოკ "ერთიანი ნაცინალური მოძრაობის" პარტიული სია 20 წევრით არის დაკომპლექტებული და მას სათავეში საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ზაქარია იაგანაშვილი უდგას, რომელიც კენჭს სოფელ გურჯაანის მაჟორიტარულ ოლქშიც იყრის. თვლის, რომ პარტიამ ეს გადაწყვეტილება მისი ბეგრაუნდიდან გამომდინარე მიიღო.
- "გარდა სოფლის დეპუტატობისა, მე საკრებულოს თავმჯდომარეც ვიყავი და არც თუ ისე ცუდი ბეგრაუნდი მაქვს. ეს სისტემა კარგად ვიცი, ალბათ, აქედან გამომდინარე გადაწყვიტეს, რომ მე ვყოფილიყავი სიის პირველი ნომერი. დაზღვევა აქ არაფერ შუაშია. სოფელ გურჯაანში სხვებზე ცოტა მეტი მაქვს გაკეთებული. ვთვლი, რომ გამარჯვების საკმაოდ დიდი და სერიოზული შანსი მაქვს."
ზემოაღნიშნულ პრაქტიკას არც კოალიცია-"ნინო ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიცია" ღალატობს. გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე სირბილაშვილი პარტიული სიის პირველი ნომერია, პარალერულად კი, ქალაქ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობისთვისაც იბრძვის.
- "მგონია, რომ ორჯერ და სამჯერ მეტი ტვირთი აქვს არჩეულ დეპუტატს. უშუალოდ ჩემთვის, ჩემი გურჯაანელების მხარდაჭერა ძალიან ფასეული და ძვირფასია. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია იყო პარტიული სიის პირველი ნომერი, მაგრამ მე მაინც უპირატესობას ვანიჭებ, თუUრას ფიქრობს ხალხი ჩემზე. მინდა, რომ უფრო მეტი ლეგიტიმაცია მქონდეს საკრებულოში,"-გვითხრა მან.
არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების კახეთის რეგიონის კოორდინატორი ნანა დევიძე "სპექტრთან" საუბრისას აცხადებს, რომ კანონით პარტიებს უფლება აქვთ, კანდიდატი ერთდროულად იყოს პარტიულ და მაჟორიტარულ სიაში.
საზოგადოებრივი კომუნიკაციების კვლევისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ამბობს, რომ პოლიტიკური პარტიები საარჩევნო სიებს მსგავსი პრინციპით ხშირად აკომპლექტებენ.
- "როდესაც პარტიებს პროპორციული, ან პირიქით, მაჟორიტარული სიების განსაკუთრებული იმედი არ აქვთ, ეს არის გარკვეული შესაძლებლობა, რომ დაეზღვიოს ესა, თუ ის პირი და მეტი შანსი ჰქონდეს არჩევნებში წარმატების მისაღწევად. ანუ, თუკი ის ვერ გაიმარჯვებს, როგორც ინდივიდი საარჩევნო კანდიდატი, მაშინ იქნებ სიით, პარტიული საზომით უფრო გავიდეს. ამას საქართველოში ხშირად მიმართავენ. ასე ვთქვათ, ორ კალათშია მოთავსებული, რომ მყიდველმა ერთი კალათიდან თუUარ აიღო, იქნებ მეორედან აიღოს ეს პროდუქტი, რომელსაც საარჩევნო სუბიექტები წარმოადგენენ,"-გვითხრა არჩილ გამზარდიამ.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში განხორციელებული რეფორმის შედეგად, წელს წარმომადგენლობით ორგანოში პარტიული სიით 10-ის ნაცვლად 15 დეპუტატი იქნება. ჯამში გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო 38 დეპუტატით დაკომპლექტდება, 23 მაჟორიტარულ არჩევნებში გამარჯვების შედეგად მიიღებს დეპუტატის სტატუსს, დანარჩენებს კი პარტიული მანდატი ერგებათ.
ლანა გულოშვილი
მასალის გამოყენების პირობები