15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო პროგრამები ჯერ არ წარმოუდგენიათ, თუმცა ცნობილია მათი სლოგანები, რომლითაც საკუთარი იდეოლოგიის ამომრჩევლამდე მიტანას ცდილობენ. საზოგადოებრივი კომუნიკაციების კვლევისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია კი ამ სლოგანებს მლიქვნელურს და არაეფექტურს უწოდებს.
ასე მაგალითად, გამოკვეთილი სამი ძირითადი საარჩევნო სუბიექტიდან, კოალიცია "ქართული ოცნება" ელექტორატს მოუწოდებს "ერთად ვიზრუნოთ საქართველოზე." "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" თვლის, რომ ქვეყანა გაჩერებულია და აცხადებს-"ერთად ავამუშავოთ საქართველო." "ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია" აქცენტს წესრიგზე აკეთებს და ამბობს, "დროა მოვაწესრიგოთ ქვეყანა."
პოლიტიკურ დევიზებს შორის მნიშვნელოვან განსხვავებას ვერ ხედავს ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია. მისივე თქმით, პარტიებს სლოგანების მოფიქრება უჭირთ, რადგან ამომრჩეველთან სათქმელი აღარაფერი აქვთ.
- "უპირველეს ყოვლისა უნდა ითქვას, რომ ეს სლოგანები არსით ზედმეტად ახლო მდგომია ერთმანეთთან, ამიტომ ეფექტურ, ინდივიდუალურ განსხვავებებს არ აჩვენებს. გარდა ამისა, პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან სათქმელის დიდი დეფიციტი შეიმჩნევა. შესაბამისად, ისინი მარტივ ფრაზებს უფრო ეძებენ, ვიდრე კონკრეტულ შეტყობინებას, რომელიც უნდა გაიფინოს და ასე ვთქვათ, განლაგდეს საზოგადოებაში. არადა, პოლიტიკური სლოგანის ძირითადი ფუნქციაა, რომ საარჩევნო სუბიექტმა ყველაზე მთავარი, გარკვეულწილად, მისიის დონეზე ფორმულირებული მოქმედი, კომპაქტური შეტყობინება წარმოადგინოს მოქალაქეებთან, რათა პოტენციურმა ამომრჩეველმა შექმნას უმთავრესი შტრიხი პოლიტიკური სუბიექტების მიმართ."-აცხადებს არჩილ გამზარდია და აქვე განმარტავს, რომ ზემოაღნიშნულ დევიზებში უბრალოდ სიტყვების თამაშია, რომელიც პოლიტიკოსებს მხლოდ არჩევნების დღემდე ახსოვთ.
- "ერთად ავამუშავოთ, თანაბრად ვიმუშაოთ, ავაწყოთ, მოვაწესრიგოთ, ვიზრუნოთ,-ეს ზმნების თამაშია, რომელიც ასე ვთქვათ, გაპასიურებული რიგითი ადამიანისადმი მოწოდებაა, რომ მათთან ერთად მოხდეს გარკვეული პროცესი, ანუ მრავლობითი რიცხვის პირველი პირი თავისთავად გულისხმობს, რომ პოლიტიკური სუბიექტები საზოგადოების ჩართულობაზე აკეთებენ აქცენტს. მაგრამ არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, საზოგადოებამ ის უფრო იცის და გამოსცადა, რომ ეს ჩართულობა მიდის მხოლოდ საარჩევნო დღემდე, შემდეგ კი რიგითი ადამიანი ნაკლებად არის ჩახედული და გარკვეული მიმდინარე პროცესებში."
პიარ ტექნოლოგი ამბობს, რომ დღეს პოლიტიკურ პარტიებსა და საზოგადოებას შორის კომუნიკაციის ნაკლებობაა, ამიტომ საარჩევნო სუბიექტები რეალურად საჭირო და მოქნილ სლოგანებს ვერ აყალიბებენ.
- "სავალდებულო ორ-სამსიტყვიანი ფრაზა, თავისი არსით მოუწესრიგებელი და გაუაზრებელია. ეს მიდგომები აჩვენებს, რომ პოლიტიკური სპექტრი არის კრიზისში საზოგადოებასთან მიმართებაში და პირიქით, საზოგადოება-პოლიტიკურ სუბიექტებთან მიმართებაში, ვინაიდან მათ შორის კომუნიკაცია პრაქტიკულად არ არსებობს. გამომდინარე აქედან, ჩანს, რომ პოლიტიკურმა სუბიექტებმა არ იციან რეალურად რა უნდა, რა აინტერესებს და რა აღელვებს ამომრჩეველს. საერთო ჯამში ეს "ზრუნვა," "მოწესრიგება," "ამუშავება" მეტაფორულად, რომ იტყვიან, ერთი ოპერიდანაა ნაწარმოები. როგორც არსებობს ტელესერიალები, სადაც სხვადასხვა პიროვნებები თამაშობენ, სხვადასხვა სიუჟეტური განლაგებაა, მაგრამ საერთო ჯამში ერთსა და იმავეზეა ორიენტირებული მათი კონცეფცია, ასევეა ამ კონკრეტული პარტიების, კონკრეტული სუბიექტების სლოგანების მხრივაც. მე, როგორც სპეციალისტს, ძალიან გამიჭირდებოდა მათ შორის რომელიმე უფრო ეფექტურად გამოვხატო, ეს არის უბრალოდ სიტყვა-ზმნათა თამაში და სამწუხაროდ, წინასაარჩევნო მლიქვნელობა საზოგადოებასთან მიმართებაში, რომ თითქოს პოლიტიკურ სუბიექტებსა და ხალხს შორის არის ერთი მთლიანობა."-გვითხრა არჩილ გამზარდიამ და ეს სლოგანები ერთმანეთს შეადარა.
- "თუკი "ქართული ოცნება" "ზრუნავს," ეს "ზრუნვა" არ ამბობს არაფერს არც წარსულის შესახებ, არც მომავალ ვალდებულებებზე. ძალიან ზოგადი და არაფრის მომცემია. რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" დევიზს-"ავამუშაოთ", თავისთავად ხაზს უსვამს სტატიკურობას, მასში დამალულია ამჟამინდელი ხელისუფლების მუშაობის კრიტიკული შეფასება. ანუ, "უნდა ავამუშავოთ" ის, რაც გაჩერებულიაო. კონცეფცია გარკვეულწილად დისკრედიტაციულია. ეს "ერთად მოვაწესრიგოთ" კი გულისხმობს იმას, რა იმიჯზეც მუშაობს ბურჯანაძე. მკაცრი, მარგარეტ ტეტჩერის ვარიაციის მცდელობა, სადაც სამართლიანობის გაგების თავისებური ფორმაა წარმოდგენილი. პროცესებს ორმაგი კრიტიკის და ორმაგი ნეგატივის რეჟიმში აფასებს. როგორც "ნაციონალურ მძრაობასთან," ისე "ქართულ ოცნებასთან" მიმართებაში.
ესეც დისკრედიტაციური ხასიათისაა, ე.ი ვითარება არის არეული, ქაოტური, და მოითხოვს მოწესრიგებას. "ნაციონალების" მესიჯი უფრო ვალდებულებას შეიცავს-ავამუშაოთ, ვიდრე ზოგადად "ვიზრუნოთ" და ეს "მოწესრიგება" კიდევ უფრო უფუნქციო ზმნად მოჩანს. წესრიგი შეიძლება აგებული იყოს აბსოლუტურად ანტიდემოკრატიულ, ანტისაზოგადოებრივ პრინციპებზეც. წესრიგი ეს არის დიქტატორულ სახელმწიფოებშიც და იყო საბჭოთა კავშირშიც. მკაცრი და ცივი მესიჯია, მაგრამ გათვლილია იმაზე, რომ საზოგადოება არის ნეგატიურად განწყობილი მთელ რიგ პროცესებთან მიმართებაში."
გამზარდიამ "სპექტრთან" ის პერიოდიც გაიხსენა, როდესაც პოლიტიკურ სუბიექტებს უფრო კონკრეტული და საზოგადოების დამოკიდებულებაზე გათვლილი სლოგანები ჰქონდათ.
- "მაგალითად, გვახსოვს ასეთი სლოგანი-"საქართველო შევარდნაძის გარეშე". ამ შემთხვევაში მიზნები უფრო კარგად იყო წარმოდგენილი, მათ შორის საზოგადოებრივ პროცესებში ასახვის დონეზეც."
მიზეზი, რის გამოც დღეს, პარტიები, მკვეთრი და უფრო კონკრეტული, ორიენტირებული სლოგანების გაცხადებას ერიდებიან, არჩილ გამზარდიამ მათი მხრიდან პასუხისმგებლობის არიდებით ახსნა. მისი თქმით, საარჩევნო სუბიექტები ცდილობენ, "არც მწვადი დაწვან და არც შამფური."
ლანა გულოშვილი
მასალის გამოყენების პირობები