"2014 წლის 19 მაისს, გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ნატალია ბეგაშვილმა შეადგინა და სასამართლოს გადაუგზავნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. საქმე ეხება გურჯაანის საარჩევნო ოლქის # 5 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის ბესარიონ თოდაშვილის წინასაარჩევნო აგიტაციაში,
კოალიცია "ქართული ოცნების" სასარგებლოდ მონაწილეობის ფაქტს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ოლქში გაიმართა ზეპირი მოსმენა, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ დაინტერესებული მხარეები. როგორც მოკვლევის შედეგად გაირკვა, ბესარიონ თოდაშვილის წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა საინფორმაციო სააგენტო "კახეთის საინფორმაციო ცენტრის" ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ვიდეო მასალით დასტურდება. აღნიშნული დარღვევა ითვალისწინებს შესაბამის სანქციას ("საქართველოს საარჩევნო კოდექსი", მუხლი 79) .
საარჩევნო კომისიის წევრს წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის, მე-4 პუნქტის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნორმებით ეკრძალება.
2014 წლის 16 მაისს სასამართლოს გადაეგზავნა ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მინდია იუკურიძის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი; დოკუმენტი ახმეტის ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოს თანამდებობის პირის, მამუკა ხოლეგაშვილის კოალიცია "ქართული ოცნების" სასარგებლოდ წინასაარჩევნო აგიტაციაში ჩართულობას ეხება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ახმეტის ოლქმა მოკვლევა პ/გ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" განცხადების საფუძველზე განახორციელა, (განცხადება ცესკოში 3 მაისს შემოვიდა, რომელიც შემდგომი რეაგირებისთვის ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიას გადაეგზავნა). მოკვლევის შედეგად ირკვევა, რომ მამუკა ხოლეგაშვილი სამუშაო საათებში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს წინასაარჩევნო აგიტაციას ეწეოდა (იკრძალება საქართველოს საარჩევნო კოდექსის 49-ე მუხლის, 1-ლი პუნქტის "გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნორმებით). აღნიშნული ქმედება ითვალისწინებს საქართველოს საარჩევნო კოდექსის 88-ე მუხლით გათვალისწინებულ სანქციას."-ნათქვამია ცენტრალური სააჩჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
აქვე განვმარტავთ, რომ საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, 79-ე და 88-ე მუხლებით გათვალისწინებული საინქციები გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით.
ამავე თემაზე:
კომისიის წევრის მიერ გაწეულ აგიტაციას სასამართლო განიხილავს [VIDEO]
საარჩევნო კომისიის წევრის აგიტაცია ქართული ოცნების კანდიდატის მხარდასაჭერად [Video]
მასალის გამოყენების პირობები