"ერთად ვიზრუნოთ ჩვენს ქალაქზე და ერთად ავაშენოთ დედოფლისწყარო!" [ვიდეო] [R]
- თქვენი აზრით, რას ნიშნავს იყო მუნიციპალიტეტის არჩეული გამგებელი?
-არჩეული გამგებელი დიდ პასუხისმგებლობას ნიშნავს. როდესაც მუნიციპალიტეტის მოსახლეობა გირჩევს და ნდობის მანდატი საკმაოდ მაღალი _ 50%-ზე მეტია, ნიშნავს, იყო ვალდებული თითოეული მათგანის გულისტკივილი და პრობლემა გაიზიარო, გულთან ახლოს მიიტანო და გადაჭრის კონკრეტული გზები ეძიო.
- რადგან უკვე გაქვთ ამ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, იქნებ შეაფასოთ, რა სხვაობაა დანიშნულსა და არჩეულ გამგებელს შორის?
- დაახლოებით ორთვენახევრის წინ კონკურსის შედეგად შეირჩა ჩემი კანდიდატურა და საკრებულოს მიერ მოხდა ჩემი დანიშვნა. როდესაც ხარ დანიშნული გამგებელი, ანგარიშვალდებულება საკრებულის წინაშე გაქვს. მართალია, საკრებულო თვითონ ხალხის ინტერესებს ატარებს, მაგრამ არჩევის შემთხვევაში, ვფიქრობ, გამგებლის ლეგიტიმაციის ხარისხი უფრო მაღალია და მოსახლეობის წინაშე გაცილებით მეტი პასუხისმგებლობაა. სწორედ ეს გვაძლევს საშუალებას, რომ უფრო თამამად განვახორციელოთ სხვადასხვა პროექტები, უფრო თამამად ვისაუბროთ სხვადასხვა პრობლემაზე და დავსახოთ მათი გადაჭრის გზები.
- კოლაცია "ქართულმა ოცნებამ" თქვენს რაიონში უკვე დაასახელა, დეპუტატობის ყველა კანდიდატი, როგორ მოხდა მათი შერჩევა?
"ქართული ოცნების" გუნდთან ერთად ჩვენ დეტალურად გავდიოდით თუ ვინ შეიძლებოდა ამოგვერჩია ამა თუ იმ სოფლიდან. კრიტერიუმები იყო: პატიოსნება, გამოცდილება, რამდენად პატივსაცემი და მისაღები პიროვნება იქნებოდა სოფლისთვის. ამ კრიტერიუმებით რამდენიმე ღირსეული ადამიანის ამორჩევა მოხდა და შემდეგ არჩევანი შევარჩიეთ იმ პიროვნებაზე, ვინც უფრო მეტად იქნებოდა მისაღები კონკრეტული სოფლისათვის.
მიგვაჩნია, რომ ჩვენი კანდიდატები არიან ყველაზე ღირსეული შვილები, რომლებსაც სოფლის გულისტკივილი სტკივათ, იციან სოფლის პრობლემები და შეუძლიათ მათი მოგვარება.
- ხშირად საუბრობენ, რომ თქვენს მუნიციპალიტეტში თანამდებობის პირებს თამაზაშვილ-ღარიბაშვილის რეკომენდაციით ნიშნავენ, რა კომენტარს გააკეთებდით ამასთან დაკავშირებით?
- მინდა მოგახსენოთ, რომ არც თამაზაშვილების და არც ღარიბაშვილების ნათესავი არ ვარ და არც სიძე. ამის გადამოწმება ძალიან მარტივად შეიძლება. თანამდებობაზე დანიშვნის კრიტერიუმები, როგორც სხვების, ისე ჩემს შემთხვევაში, პროფესიონალიზმი და დაკისრებული მოვალეობის ღირსეულად შესრულებაა.
- რა არის თქვენი მუნიციპალიტეტის ყველაზე მტკივნეული პრობლემა და როგორია მისი გადაჭრის თქვენეული ვერსია?
- რამდენიმე მტკივნეული საკითხია, რომლის გადაჭრაც აუცილებელია ჩვენი მუნიციპალიტეტის კეთილდღეობისთვის. პირველი და უმთავრესი, ეს არის საავადმყოფოს პრობლემა. წინა ხელისუფლების მიერ მოხდა საავადმყოფოს და პოლიკლინიკის ფაქტობრივად დანაშაულებრივი გზით უცხოელი ინვესტორისთვის გადაცემა. დღემდე არანაირი ინვესტიცია არ განხორციელებულა, პირიქით, საკმაოდ გამოცდილი ექიმებით დაკომპლექტებული საავადმყოფო დაშლის პირასაა, რადგან უცხოელი ინვესტორის მიერ არის იპოტეკით დატვირთული. არ გვაქვს საშუალება, რომ ეს შენობები გამოვიყენოთ და მოვახდინოთ მისი რეაბილიტაცია. აღნიშნული სიტუაციის გამოსავალი ის არის, რომ ჩვენ დედოფლისწყაროს ცენტრში ვგეგმავთ ახალი საავადმყოფოს აშენებას, ამისთვის კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადადგმულია, მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილია ტერიტორია. ამ ეტაპზე პროექტის შემუშავება დამთავრების სტადიაშია. ჩვენი სოფლები რაიონული ცენტრიდან საკმაოდ მოშორებულია, ქვედა ზონის სოფლებიდან ადამიანებს 70 კილომეტრის გამოვლა სჭირდებათ, რომ დედოფლისწყაროს ცენტრში ამოვიდნენ, სადაც დღესდღეობით, ვერ იღებენ შესაბამის სამედიცინო დახმარებას და უწევთ სიღნაღის მუნიციპალიტეტში გადასვლა.
მეორე მნიშვნელოვანი საკითხი არის ქედების ზონის ე.წ. ქვედა სოფლების გაზიფიცირება. არც კომუნისტების დროს და არც მას შემდეგ ამ სოფლებში გაზი არ ყოფილა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ 6 სოფელში არის 10 ათასზე მეტი მოსახლე და მათი გაზმომარაგების გარეშე დატოვება ეკოლოგიურ პრობლემებს იწვევს. რა თქმა უნდა, სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც არსებობს და მათ გადაჭრას ეტაპობრივად მოვახდენთ.
- სამთაწყაროს ეთნიკური უმცირესობების პრობლემები, ბოლო დროს მედიის განხილვის საგანი გახდა, რა გზით აპირებთ ამ კონფლიქტის მოგვარებას?
- თითქმის სამი თვეა, რაც მუნიციპალიტეტის გამგებელი ვარ და ამ სოფლებში არანაირი პრობლემა არ წარმოშობილა. ვფიქრობ, წინა წელს არსებული კონფლიქტი კონკრეტული პირების მიერ იყო ინსპირირებული და ხელოვნურად შექმნილი. დღესდღეობით ყველაფერი წყნარად არის და ამ სიტუაციაში ჩვენ ჩარევას არანაირი აზრი არ აქვს.
- თქვენი აზრით, გამგებელი უნდა იყოს თუ არა პოლიტიკოსი?
- ვფიქრობ, გამგებელი უნდა იყოს ენერგიული, კომუნიკაბელური, შეეძლოს ლავირება ამა თუ იმ საკითხის გადაჭრაში, უნდა შეეძლოს იმ პოლიტიკური კურსის, პოლიტიკური ხაზის გატარება, რაც ზოგადად ქვეყანაშია. ეს თვისებები შეიძლება ახასიათებდეს როგორც კარგ მენეჯერს, ისე კარგ პოლიტიკოსს. გამგებლობის კანდიდატს უნდა ახასიათებდეს სწორედ ეს თვისებები, და შემდეგ მას პოლიტიკოსს დავარქმევთ, თუ კარგ მენეჯერს, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.
- ცნობილია, დედოფლისწყაროს საზღვრისპირა ტერიტორიების პრობლემა. რა ფუნქცია აკისრია გამგებელს ამ საკითხის გადაჭრაში?
- ჩემი წინამორბედი გამგებელი, დღევანდელი გუბერნატორი, ირაკლი შიოლაშვილი საკმაოდ აქტიურად მუშაობდა ამ კუთხით. სწორედ მან წამოსწია ეს პრობლემა და შარშან მილიონ ორასი ათასი ლარის სამუშაოები განხორციელდა, რის შედეგადაც, ალაზანზე და კონკრეტულად `კაკლის ყურეში~ საქართველოს 200 ჰექტარი მიწა შევუნარჩუნეთ, რადგან განხორციელდა ნაპირსამაგრი სამუშაოები. ბატონ ირაკლის მიერ დაწყებული სამუშაოები და ხაზი დღესაც გრძელდება, ახალი ჯგუფი ჩავიდა ალაზანზე და ახლაც საკმაოდ სოლიდური ხასიათის სამუშაოები მიმდინარეობს. მიმაჩნია, რომ დედოფლისწყაროს და საქართველოს არც ერთი გოჯი მიწა არ აქვს დასაკარგი. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ალაზანმა საქართველოს საზღვრები არ შეამციროს.
- დედოფლისწყარო ბოლო ორი წლის განმავლობაში ყურადღების ცენტრში მოექცა. ყვარლის მსგავსად ხომ არ იგეგმება მისი მასშტაბური რეაბილიტაცია?
- მიმაჩნია, რომ ყვარლის რეაბილიტაცია იყო რეაბილიტაცია პიარისთვის და არ განხორციელდა ისეთი ძირეული ცვლილებები, რომელიც საშვილიშვილოდ დარჩება. სამწუხაროდ, განვლილი 9 წლის მანძილზე, დედოფლისწყარო სრულიად უყურადღებოდ იყო მიტოვებული. ფაქტობრივად, არაფერი გაკეთებულა.
ჩვენი გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საკმაოდ დიდი სამუშაოები განხორციელდა. ეს ეხება, არა მხოლოდ დედოფლისწყაროს როგორც ქალაქს, არამედ მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს. დაიგო უამრავი შიდა გზა, ჩატარდა წყალმომარაგების სამუშაოები, გაკეთდა ისეთი რამ, რაც შეიძლება არ ჩანდეს და არ იყოს საპიარო. მაგალითად, სოფელ ზემო ქედში დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი გაიხარჯა და წყალმომარაგების სისტემის მილები მიწაში ჩაეწყო. დღეს კიდევ ვამატებთ თანხას, რომ ეს სისტემა გაიმართოს და სოფელს წყალი ჰქონდეს.
სოფელ ზემო მაჩხაანში ოდითგანვე არსებობს წყლის პრობლემა და ამის მოსაგვარებლად ახლაც მიმდინარეობს 700 ათასლარიანი სამუშაოები.
მეტსაც გეტყვით, წარმოუდგენელია ქალაქი ბიბლიოთეკის გარეშე. წინა ხელისუფლებამ შენობა ერთ-ერთ ბანკს მიჰყიდა და ბიბლიოთეკა გამოკეტა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით და დღეს 21 ათასზე მეტი წიგნი შეკრული დევს ბნელ დარბაზებში. ჩვენ ვგეგმავთ, რომ შემოდგომისთვის დედოფლისწყაროს ჰქონდეს ახალი თანამედროვე ტიპის ბიბლიოთეკა და მსგავსი პროექტები საკმაოდ ბევრია.
მინდა ხაზი გაუსვა, რომ კეთდება პროექტები, რომელიც თითოეული ჩვენი მოსახლის სახლამდე მივა.
აღსანიშნავია ჯაფარიძის ტბა, რომელიც დედოფლისწყაროსთვის და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ნაწილისთვის რეკრეაციული ზონაა, სადაც ხდებოდა ახალგაზრდების თავშეყრა და ტარდებოდა სპორტულ გამაჯანსაღებელი ღონისძიებები.
ეს ტბა ბოლო წლებში დაბინძურდა. ამასთან დაკავშირებით ჩვენ კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადავდგით. გვყავდა სხვადასხვა უწყების წარმომადგენელები, ვმუშაობთ მის რეაბილიტაციაზე, გვინდა, რომ მოხდეს მისი დასუფთავება, რეკრეაციული ზონის აღდგენა, მოეწყოს სარბენი ბილიკები, დაიდგას სპორტულგამაჯანსაღებელი დანადგარები. გვინდა ხალხი ცხოვრების ჯანსაღ წესს დავუბრუნოთ. ტბა მუნიციპალიტეტის ბალანსზე არ ირიცხებოდა თუმცა მარტის თვეში ჩვენს ბალანსზე გადმოვიდა.
- და ბოლოს, როგორ მიმართავთ ამომრჩეველს?
- თითოეული ამომრჩევლის პრობლემა რანჟირებული იქნება არა იმის მიხედვით, ერთ კაცს აწუხებს თუ ათასს, არამედ იმის მიხედვით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს პრობლემა, იმიტომ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადამიანი და ჩვენთვის მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის თითოეული მოსახლე. ამიტომ გთხოვთ მხარდაჭერას და მოგიწოდებთ, რომ ერთად ვიზრუნოთ დედოფლისწყაროზე და ერთად ავაშენოთ დედოფლისწყარო.
მასალის გამოყენების პირობები