15 ივნისი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღად უკვე ოფიციალურად გამოცხადდა. თუმცა პოლიტიკური პარტიები კანდიდატების წარდგენისგან ამ დრომდე თავს იკავებენ. კვირის განმავლობაში მმართველი პარტიის მხრიდან გამგებლობის პრეტენდენტად
გურჯაანის მუნიციპალიტეტში არაერთი პირი დასახელდა. ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია თვლის, რომ ეს ჩვეული წინასაარჩევნო კამპანიაა.
ამ დროისთვის, გამგებლობის კანდიდატი გურჯაანში ოფიციალურად მხოლოდ პარტია "დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოდან" დასახელდა. ცნობილია, რომ ნინო ბურჯანაძე ფსონს ვალერ შოშიაშვილზე დებს. კოალიციიდან კი გამგებლობის კანდიდატად კვირის განმავლობაში ინფორმაცია არაერთ პიროვნებაზე გავრცელდა. ნიკა გეთიაშვილი და ზურაბ ხუროშვილი ადასტურებენ, რომ "ქართული ოცნებიდან" გამგებლობის კანდიდატად შემოთავაზება ჰქონდათ. საზოგადოებაში ასევე გაიჟღერა ბიზნესმენ დავით ქათამაშვილის სახელმაც. თუმცა მან "სპექტრთან" სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ მსგავსი ინფორმაცია არ აქვს და არც შემოთავაზება მიუღია. პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ივანე ბერიძიშვილიც აცხადებს, რომ ამ დროისთვის, არ არის ცნობილი ვინ იქნება გამგებლობის კანდიდატი. გავრცელებული მოსაზრებები კი მხოლოდ ჭორია.
გასულ კვირას, ასევე ცნობილი გახდა, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის ამჟამინდელი გამგებელი ემზარ ჯიქურაშვილი აღმასრულებელი ორგანოდან წარმომადგენლობითში გადაინაცვლებს. ის სოფელ კაჭრეთის დეპუტატად იყრის კენჭს, გამარჯვების შემთხვევაში კი, საკრებულოს თავმჯდომარედ მოიაზრება. ემზარ ჯიქურაშვილმა განმარტა, რომ საკითხი განიხილება, თუმცა ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის. კოალიციიდან ქალაქ გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატად აპირებს კენჭის ყრას ზვიად ყვირალაშვილიც, რომელიც ასევე საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე განიხილება.
"დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" პარტიულ რიგებს შეუერთდა ალექსანდრე სირბილაშვილი. კვირის დასაწყისში მან speqtri.ge-სთან ინფორმაციის დადასტურებისგან თავი შეიკავა. თუმცა გამგებლობის კანდიდატმა და პარტიის რეგიონულმა კოორდინატორმა ვალერ შოშიაშვილმა სრული პასუხისმგებლობით განაცხადა:
- "საბოლოოდ დასრულდა მოლაპარაკებები ალექსანდრე სირბილაშვილთან, რომელიც დაგვთანხმდა, რომ იქნება "დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" გურჯაანის პარტიული ორგანიზაციის ხელმძღვანელი და ასევე ჩემი, როგორც გამგებლობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის უფროსი."
საზოგადოებაში გავრცელდა ხმები, რომ სირბილაშვილი 2014 წელსაც იყრის კენჭს დეპუტატად და ბურჯანაძის პარტიიდან საკრებულოს თავმჯდომარეობის პრეტენდენტად განიხილება.
ჯერჯერობით უცნობია გურჯაანის მუნიციპალიტეტში, საარჩევნო მარათონში ვინ ჩაერთვება საპარლამენტო ოპოზიციის კვოტით, თუმცა, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გამგებლობის კანდიდატად გიორგი ჩივიაშვილი განიხილებოდა.
რატომ არ ასახელებს მმართველი გუნდი ამ დრომდე ოფიციალურ კანდიდატებს და რატომ ვრცელდება სავარაუდო ვერსიები?-ამ კითხვით "სპექტრმა" საზოგადოებრივი კომუნიკაციების კვლევისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელს, ანალიტიკოსს არჩილ გამზარდიას მიმართა. მან რამდენიმე სხვადასხვა მიზეზი დაასახელა.
- "ზოგადად არის შესაძლებელი, რომ მიზანმიმართულად ავრცელებდნენ ხმებს სხვადასხვა პიროვნებებთან მიმართებაში, რომ მოთელონ სიტუაცია, ანუ ნახონ რა რისკებს შეიძლება შეიცავდეს ესა თუ ის პირი, ან რა დადებითი იმიჯი შეიძლება ჰქონდეს. ასევე ხდება, როცა ოპონენტი პოლიტიკური პარტია ავრცელებს ხმებს მეორე პარტიის კანდიდატების სავარაუდო ვინაობების შესახებ. მათი მიზანია ამომრჩევლის დაბნევა. როდესაც ხალხს ესმის ერთი, მეორე, მესამე ვარიანტები, მით უფრო ამორფული და აბსტრაქტული ხდება დამოკიდებულება კონკრეტული კანდიდატის მიმართ. ეს არ არის წინასაარჩევნო პროცესების მართვის სწორი ფორმა, მაგრამ ასე ხდება ყველგან და შეიმჩნევა წინასაარჩევნო ტექნოლოგიებში. ისე, რაც უფრო დროულად დაასახელებენ ოფიციალურ კანდიდატს, უფრო მეტი საშუალებაა სათანადოდ იმუშავონ ამომრჩეველზე. როდესაც პარტია ერთ პირს წარადგენს, დიდი ალბათობაა საზოგადოების განწყობის აკუმულირება მასზე მოხდეს. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში, ელოდებიან მთავარ კონკურენტს ვინ დაასახელებს, რათა იმის მიხედვითაც შეარჩიონ, ასე ვთქვათ, მასთან ფარდობაში საკუთარი კანდიდატი."
არჩილ გამზარდია არ გამორიცხავს, რომ კანდიდატთა მრავალფეროვნება შიდა პარტიული აზრთა სხვადასხვაობითაც იყოს გამოწვეული. - "აზრთა სხვადასხვაობა მრავალ სახელისუფლებო პარტიაში შეიმჩნევა ხოლმე. მით უმეტეს რეგიონებში, სადაც უფრო სპეციფიურია დამოკიდებულებები. ამიტომ, შესაძლოა, შიგნითაც იყოსD აზრთა ჭიდილი და ადამიანები, რომლებიც პარტიულ აქტივში ირიცხებიან (რაკიღა შანსები მაღალი აქვს სახელისუფლო პარტიას კანდიდატურის გაყვანისა), თვითონვე ცდილობდნენ როგორღაც გახდნენ კანდიდატები. ესეც პრინციპში ჩვეულებრივი ამბავია."-გვითხრა მან.
არჩილ გამზარდია ძირითად სისუსტედ მიიჩნევს, რომ ახალ თვითმმართველობის კოდექში საზოგადოება ნაკლებად არის გათვითცნობიერებული.
-"შიდა საარჩევნო სუბიექტებთან მიმართებაში მოსახლეობა კარგად არ არის ჩამოყალიბებული. შესაბამისად, რაც უფრო ნაკლებად ინფორმირებულ არჩევანს აკეთებენ, მით უფრო მეტი შანსია არჩევანის პროცესში მათზე ზემოქმედება მოხერხდეს."
თუმცა, ანალიტიკოსის აზრით, ეს არჩევნები მხოლოდ სახელისუფლებო პარტიაზე ორიენტირებული არ არის და საზოგადოებასთან სათანადო მუშაობის შემთხვევაში, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს აქვს გამარჯვების შანსი.
ლანა გულოშვილი
მასალის გამოყენების პირობები