speqtri.ge წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ყვარლის მუნიციპალიტეტში კოალიცია "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის დაკომპლექტება საკრებულოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებს სურთ
და მუნიციპალიტეტის გამგებელ დავით ქევხიშვილისთვის უნდობლობის გამოცხადებას ამ კვირაში გეგმავენ.
ყვარელში, მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოს შორის დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც საკრებულოს დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს გამგეობის მიერ ინიცირებულ პროექტებს. ამის შემდეგ დავით ქევხიშვილომა ოფიციალური ღია წერილი გაავრცელა.
"ბუნებრივია, ნებისმიერი რანგის არჩევნებს თან სდევს პოლიტიკური დაძაბულობა და ვნებათაღელვა, რასაც შესაძლებელია არასახარბიელო შედეგები მოჰყვეს და მოსახლეობის ყოფა-ცხოვრებაზე უარყოფითად აიხახოს. ამის ნათელი მაგალითია ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, რომლებმაც გარკვეული დისონანსი შეიტანა საკრებულოსა და გამგეობის საქმიანობაში. საუბარია ბოლო დროს ჩატარებულ საკრებულოს სესიაზე, რომელიც საარჩევნო კანონის შესაბამისად შესაძლოა არჩევნების დამთავრებამდე აღარ გაიმართოს. სწორედ ამიტომ ვიჩქარეთ და საკრებულოზე განსახილველად წარვადგინეთ, მთელი რიგი პროექტები, რომლებიც მუნიციპალიტეტის სოფლების და ქალაქის მოსახლეობასთან შეხვედრების დროს პრიორიტეტად გამოიკვეთა...
ადგილობრივ ბიუჯეტში დარჩენილი გვქონდა ნაშთი, რომელიც აღნიშნული პროექტების განსახორციელებლად გავანაწილეთ და საკრებულოზე განსახილველად შევიტანეთ. მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა და აზრთა სხვადასხვაობებისა, ბოლო პერიოდამდე საკრებულოსა და გამგეობის კოლეგიალური, ჯანსაღი ურთიერთობით კმაყოფილი ვიყავი. სამწუხაროდ, გულდასაწყვეტია, რომ ბოლოს ჩატარებულ საკრებულოს სხდომაზე ამას ვერ ვიტყვი, რადგან გამგეობის მიერ წარდგენილი პროექტებიდან ზოგიერთი ვერ გავიდა და ამაში დიდი როლი დეპუატატების გარკევეულ ჯგუფს მიუძღვის."-ნათქვამია ღია წერილში.
speqtri.ge-ს ინფორმაციით რაიონის გამგებელ დავით ქევხიშვილს საკრებულოს დეპუტატების ის ნაწილი უპირისპირდება, რომლებიც საკრებულოში 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სიით მოხვდნენ, ან მაჟორიტარ დეპუტატად ამ პარტიიდან იყარეს კენჭი.
- "ყვარელში, "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის დაკომპლექტება "ნაციონალურ მოძრაობას" სურს. ამიტომ ებრძვიან დავით ქევხიშვილს საკრებულოდან "ნაციონალები." მისი იმპიჩმენტის საკითხიც განიხილება."-განაცხადა speqtri.ge-სთან ერთ-ერთმა პიროვნებამ, რომელმაც ვინაობის გასაჯაროება არ ისურვა. მისი თქმით, პროცესში აქტიურად არის ჩართული საკრებულოს რამდენიმე წევრი. მათ შორის დაასახელა მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა შავგულიძე და თავმჯდომარის მოადგილე ზაზა ლომიძე.
ზაზა ლომიძემ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. ფრაქცია მაჟორიტარების დეპუტატმა გოჩა შავგულიძემ აღნიშნა, რომ იმპიჩმენტის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. საკითხის განხილვის შემთხვევაში კი დასაბუთებული არგუმენტების საფუძველზე მიიღებს გადაწყვეტილებას.
- "დღესდრეობით მსგავსი რამ არ იგეგმება, უნდობლობის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. იმპიჩმენტი და მსგავსი რამეები ჩემს ჯიშში და ჯილაგში არ არის. მაგრამ ვიტოვებ უფლებას, რომ თუ უნდობლობის გამოცხადების მოთხოვნა არგუმენტირებული იქნება ყოველგვარ პიროვნულ ურთიერთობებს გვერდზე გადავდებ და რათქმაუნდა გავიზიარებ. თუ არგუმენტირებული არ იქნება და რაღაც პირადი ურთიერთობის მიხედვით მოხდება გადაწყვეტილების მიღება, ვერ დავინახავ საკმარის მოტივაციას რა თქმა უნდა არ დავეთანხმები."-გვითხრა გოჩა შავგულიძემ. მისივე თქმით კოალიციის საარჩევნო შტაბის დაკომპლექტებით დაინტერესებული არ არის.
"მე უპარტიო ვარ, არც ერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ. რატომ უსვამთ ამას ხაზს? "ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება" სიამტკბილობაში არიან ერთმანეთთან. მე ხალხმა ამირჩია და "ნაციონალურ" ნიშანს არანაირი აზრი არ ჰქონია ჩემს საქმიანობაში და არც მომავალში ექნება. არც ერთი პარტიის შტამპით არ ვმოქმედებ ჩემი ცხოვრების განმავლობაში. ვინ რას ფიქრობს და რას დააკომპლექტებს ეგ ჩემს ინტერესებში არ შედის."
ფლობს თუ არა ინფორმაციას საკრებულოს მიერ, მისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ კითხვით მუნიციპალიტეტის გამგებლ დავით ქევხიშვილს მივმართეთ. "ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. რაც შეეხება საარჩევნო შტაბს, ფაქტიური მაგალითები არის, რომ "ნაციონალებს" უნდათ "ქართულ ოცნებაში" ყოფნა და შტაბის დაკომპლექტება, მაგრამ ბუნებრივია ვერ შეძლებენ."-გვითხრა დავით ქევხიშვილმა, თუმცა კონკრეტული პიროვნებების დასახელებისგან თავი შიკავა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დრის წინ, ყვარლის გამგებელს გურჯაანის რაიონულმა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა "ქართული ოცნების" წევრის, ბაკურ სესიაშვილის ცემის ფაქტზე და დააყენა შუამდგომლობა გამგებლის გადაყენების თაობაზე. მაგრამ მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. იქამდე კი, ქევხიშვლს თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერა რამდენჯერმე მოსთხოვეს, თუმცა მოთხოვნა არც ერთხელ არ გაითვალისწინა.
მასალის გამოყენების პირობები