საკონსულტაციო საბჭოები-გუბერნიის მიერ თვითმმართველობების გაკონტროლების მექანიზმი
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ფარგლებში შვიდი ახალი თვითმმართველი ერთეულის გამოყოფის შემდეგ (გორი, თელავი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ახალციხე, ამბროლაური, მცხეთა) დარჩენილ ტერიტორიაზე თითო მუნიციპალიტეტი ჩამოყალიბდება. აღნიშნული გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. საქართველოს სამოქალაქო განვითარების
ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ბოკერია თვლის, რომ თვითმმართველობის დეცენტრალიზაცია არაეფექტურად მიმდინარეობს.
გიორგი ბოკერია აცხადებს, რომ შვიდივე თვითმმართველ ქალაქში, მუნიციპალიტეტების განსაზღვრა მოსახლეობასთან კონსულტაციების გავლის შემდეგ უნდა მოხდეს.
- "გადაწყვეტილება ხელაღებით არ უნდა მიიღონ. საკითხი მოსახლეობის ჩარევის შემდეგ უნდა დამტკიცდეს. რამდენი მუნიციპალიტეტი შეირჩევა, ერთში გაერთიანდება დანარჩენი სოფლები თუ რამდენიმე შეიქმნება, ეს უკვე სერიოზული კონსულტაციების საფუძველი უნდა იყოს. შვიდივე შემთხვევაში, საკითხი ინდივიდუალურად და მოსახლეობასთან შეთანხმებით უნდა გადაწყდეს. ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანისთვის, სად წავა ის გარკვეული მომსახურების მისაღებად.Pპროცესები უფრო აქტიურად უნდა ხორციელდებოდეს და მხოლოდ ვიწრო ჯგუფებთან, პოლიტიკურ ძალებთან, ხელისუფლების წარმომადგენლებთან არ უნდა ხდებოდეს მათი განხილვა. რაც შეიძლება მეტი საზოგადოებრივი სპექტრი უნდა იყოს ჩართული."
მისივე თქმით, ქალაქის მერისა და მუნიციპალიტეტების გამგებლების პირდაპრი წესით არჩევა წინ გადადგმული ნაბიჯია. თუმცა არ ეთანხმება არჩეული გამგებლისთვის უნდობლობის გამოცხადების ფორმას.
- "თუ გამგებლისთვის (მერისთვის) უნდობლობის გამოცხადებას საკრებულოს ნახევარი მოითხოვს და დეპუტატების 2/3 დაუჭერს მხარს (შესაძლებელია არგუმენტაციის გარეშეც, ანუ სამართლებრივად არ არის მოთხოვნილი, რომ გამგებელმა მაინცდამაინც დანაშაული ჩაიდინოს, ან გადაცდომა ჰქონდეს, ვთქვათ საკრებულოსთან უთანხმოების გამო), უფლებამოსილება შეუწყდება. ბალანსი უნდა არსებობდეს და საკრებულო აკონტროლებდეს გამგებელს, მაგრამ გამგებლისთვის უნდობლობის გამოცხადების ასეთი დაუსაბუთებელი მექანიზმი, ჩემთვის მიუღებელია. თუმცა, ორივე მხრიდან შეიძლება შეხედო ამ საკითხს. ახალი კოდექსით, საკრებულოს თავმჯდომარე მუნიციპალიტეტის პირველი პირი აღარ არის. არჩეულ მერსა და გამგებლებს უფლებამოსილებები გაეზრდებათ. ამიტომ საკრებულოს ბერკეტი უნდა ჰქონდეს, რომ გამგელის მხრიდან არ მოხდეს გარკვეული საკითხების იგნორირება. მაგრამ ასევე არჩეულია საკრებულო, რომელიც უფრო მეტად მოსახლეობის ინტერესების გამომხატველია და აღმასრულებელი ორგანოს ძირითად პოლიტიკას განსაზღვრავს. შესაბამისად, ბერკეტი უნდა არსებობდეს, მაგრამ ვთვლი, რომ ეს მძლავრი ბერკეტია, რომელიც შესაძლოა, გამოყენებული იქნას საკრებულოს მხრიდან როგორც პოლიტიკური იარაღი."
გიორგი ბოკერია აცხადებს, რომ რთული იქნება მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქების ქონების გამიჯვნაც. "თვითონ ის პრინციპი, რომ ვთქვათ, თელავი გახდა თვითმმართველი ქალაქი მაგაში ცუდი არაფერია. მას ცალკე ბიუჯეტი ექნება და ცალკე განვითარების პერსპექტივა. ამ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ქალაქის პრობლემებზე უფრო მეტად კონცენტრირება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია იმ უფლებამოსილებების გამიჯვნა, რაც მუნიციპალიტეტს ჰქონდა. იგივე სერვისების საკითხია საკმაოდ საინტერესო და რთული გასამიჯნი. წყლამომარაგება, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა, საჯარო რეესტრის ფუნქციები და ა.შ. ქონების გამიჯვნის საკითხები საკმაოდ რთული იქნება."
გიორგი ბოკერია მიიჩნევს, რომ თვითმმართველობების დეცენტრალიზაცია არაეფექტურად ხორციელდება. - "მნიშვნელოვანია ფინანსური და ფისკალური დეცენტრალიზაციის საკითხები, რაც ძალიან ნელა მიმდინარეობს. საშემოსავლო გადასახადის ადგილზე დატოვებაზე იყო საუბარი, ჯერჯერობით ესეც ღიად არის დარჩენილი. მას დაემატა კიდევ ერთი სახის ტრანსფერი-კაპიტალური ტრანსფერი. ფაქტიურად ძალიან ბევრი მუნიციპალიტეტი ტრანსფერზეა ჩამოკიდებული, რაც ჩემი აზრით, ცუდია. ელემენტარულად შეიძლება ტრანსფერის თანხა ცენტრში კი არ წავიდეს და იქიდან დაბრუნდეს, არამედ ადგილზე დარჩეს, თვითმმართველობები დოტაციურები აღარ იყვნენ და საკითხები დამოუკიდებლად გადაწყვიტონ, რაც დეცენტრალიზაციის და ადგილობრივი თვითმმართველობის ძირითადი აზრია."
საკონსულტაციო საბჭოების შექმნას კი გიორგი ბოკერია გუბერნიის მიერ თვითმმართველობების გაკონტროლების მექანიზმად აფასებს. - "კიდევ ერთი ბერკეტი ჩნდება, რომ გუბერნატორებმა აკონტროლონ თვითმმართველობის საქმიანობა. ამის პრაქტიკული და რეალური ბერკეტები ისედაც ძალიან ბევრი იყო, რასაც აქტიურად იყენებდნენ წინა ხელისუფლების დროსაც და დღესაც. ახლა კოდექსში როცა ჩაიწერა უფრო მეტ შესაძლებლობებს მისცემს რეგიონალურ დონეს ჩაერიოს ადგილობრივი მნიშვნელობის გადაწყვეტილებების პროცესში, რაც დაუშვებელია. დეცენტრალიზაცია ნიშნავს, რომ ადგილობრივი პრობლემები ადგილზე უნდა მოგვარდეს, საკუთარი შესაძლებლობით და ინიციატივით. ასე რომ, ნებისმიერი ზედა რგოლის ჩარევა თვითმმართველობის საკითხებში აკნინებს რეფორმის სულისკვეთებას."
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის, გარდამავალ ეტაპზე, გამგებლებისა და მერების არჩევა სამი წლის ვადით (2017 წლამდე) მოხდება. ჯამში კი საქართველოში 12 თვითმმართველი ქალაქი იქნება.
ლანა გულოშვილი
მასალის გამოყენების პირობები