კიდევ ერთი სკანდალი ნაციონალური მოძრაობის თელავის ოფისის ირგვლივ
სკანდალი, რომელიც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თელავის ორგანიზაციის გარშემო 2013 წლის აპრილში დაიწყო დღეს სხვა მიმართულებით გრძელდება.
ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ბოტკოველი "სპექტრთან" კომენტარს ამჯერადაც არ აკეთებს.
თელავის პოლიცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თელავის ორგანიზაციისთვის ოფისის საკუთრებაში გადაცემის კანონიერებას სწავლობს. როგორც ყოფილი მეპატრონე გია სესიკაშვილი განმარტავს, ფართი 2004 წელს შანტაჟითა და მუქარით, საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებად გააყიდინეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით, მუქარის ფაქტზე მიმდინარეობს.როგორც შსს სამინისტროს პრეს-სამსახურში განმარტავენ, საქმე გია სესიკაშვილის განაცხადის საფუძველზე აღიძრა.
-"მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. საქმე თელაველი მოქალაქის გია სესიკაშვილის განაცხადის საფუძველზე მუქარის ფაქტზე აღიძრა.მოქალაქემ წლების წინაც გააკეთა შეტყობინება, რომ ფართი ძალით გაასხვისებინეს. საქმე ძიებაში იყო და მოწმეებიც დაიკითხნენ. ახლა კი, გამოძიებიდან გამომდინარე ჩატარდა აზომვითი სამუშაოები, რათა დადგინდეს ნამდვილად ნაკლებ ფასში გაიყიდა თუ არა,"-გვიპასუხეს აღნიშნულ უწყებაში.
საკითხის გარკვევას "ნაციონალური მოძრაობის" თელავის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელთან გიორგი ბოტკოველთან შევეცადეთ. მას 22 ნოემბერს ტელეფონით დავუკავშირდით, გვითხრა, რომ შეუძლოდ იყო და მოგვიანებით დაგვერეკა. თუმცა მან ჩვენს ზარებს აღარ უპასუხა.
კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბრისას კი გიორგი ბოტკოველმა ფაქტი პოლიტიკურ ზეწოლად შეაფასა.
-"დღეს მოვიდნენ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში, ლევან სამხარაულის ბიუროს თანამშრომლები ვართ და აზომვითი სამუშაოები უნდა ჩავატაროთო. ჩემთვის როგორც ცნობილია, თელავის რაიონული პოლიცია გამოძიებას აწარმოებს აღნიშნული ოფისის შესყიდვის კანონიერებასთან დაკავშირებით, რამდენიმე პიროვნება დაკითხულია კიდეც. Eეს არის კერძო საკუთრება, რომელიც "ნაციონალურმა მოძრაობამ" 2006 წელს კერძო პირებისგან გია სესიკაშვილისა და მალხაზ სამადაშვილისგან შეიძინა. გამოძიება კი 2012 წელს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, თითქოსდა ეს ფართი ჩვენ ძალით წავართვით. ეს არის პოლიტიკური ზეწოლა ჩვენზე, თან გია სესიკაშვილი "ქართული ოცნების" აქტივისტი იყო და შემოსავლების სამსახურში მუშაობს, რამდენადაც ვიცი,"-აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თელავის რაიონული ორგანიზაციის ირგვლივ ეს არ არის პირველი სკანდალური ფაქტი. "სპექტრი" 2013 წლის აპრილის ნომერში წერდა, თუ როგორ გადაიტანეს თელავის ტურისტული საინფორმაციო ცენტრის ინვენტარი "ნაციონალური მოძრაობის" თელავის ოფისში. გიორგი ბოტკოველმა კომენტარს მაშინაც თავი აარიდა და ჩვენთან სატელეფონო საუბრისას განმარტა, რომ ოჯახთან ერთად ქალაქიდან იყო გასული და შეკითხვებზე ვერ გვიპასუხებდა.
თამარ კაპანაძე
მასალის გამოყენების პირობები