გასულ კვირას გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ინფრასტრუქტურის დარგში ზვიად ყვირალაშვილი თანამდებობიდან გადადგა. მისი თქმით, გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო და სამსახურიდან პირადი განცხადების საფუძველზე წავიდა. ზვიად ყვირალაშვილი აღნიშნულ პოსტზე გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის თანაშემწე, მიხეილ მღებრიშვილმა ჩაანაცვლა.
გამგებლის მოადგილემ თანამდებობიდან წასვლა პოლიტიკაში გადაბარგების სურვილით ახსნა. როგორც თვითონ განმარტა, ამ პოსტზე, წინასაარჩენო კამპანიაში აქტიურ ჩართვას ვერ ახერხებდა და გადაწყვეტილების მიზეზიც სწორედ ეს გახდა. საზოგადოებაში მის ნაბიჯს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება მოჰყვა.
ლენა გოჩიტაშვილი რიგითი გურჯაანელია, რომელიც რაიონში განვითარებულ მოვლენებს აქტიურად ადევნებს თვალს. "სპექტრთან" საუბრისას მან ვარაუდები გამოთქვა და არც ის გამორიცხა, რომ ზვიად ყვირალაშვილის თანამდებობიდან წასვლა სხვა გარემოებებს უკავშირდებოდეს.
-"არ ვიცი რამ გახადა იძულებული, რომ თანამდებობა დაეტოვებინა, მაგრამ ამას ნებით არ გააკეთებდა. იმ შემთხვევაში წავიდოდა თავისი სურვილით, თუUუკეთეს ადგილას გადავიდოდა და მდგომარეობა გაუუმჯობესდებოდა,"-გვითხრა მან.
სხვაგვარად ფიქრობს თინა ხარიტონაშვილი. მისი თქმით, შესაძლოა, ზვიად ყვირალაშვილის გადაწყვეტილება სამომავლოდ გათვლილი ნაბიჯია.
-"სრულიად შესაძლებელია, რომ სამომავლოდ დეპუტატობაზე იყაროს კენჭი. მე მისაღებად მიმაჩნია, რომ აღარ სურდეს საჯარო სამსახურში ყოფნა. იქნებ უნდა, რომ პარლამენტში რაიონის წარმომადგენელი გახდეს. ალბათ, მის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი მოსამზადებელი პერიოდია."
თემა განხილვის საგანი იყო ფეისბუქზეც. "გავრცელებული ინფორმაციით, გურჯაანის გამგებლის მოადგილე ზვიად ყვირალაშვილი, რომელიც რესპუბლიკური პარტიის გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეა, დღეს დაკავებული თანამდებობიდან გადადგა. მას ამ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, გუშინ პრეზიდენტობის კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის გურჯაანში ვიზიტისას მიუთითეს. (როგორც ზვიად ყვირალაშვილმა დღეს ქუთაისიდან დაბრუნების შემდეგ განაცხადა, მან გამგებლის მოადგილის თანამდებობა იმიტომ დატოვა, რომ გიორგი მარგველაშვილის შტაბი ვერ მუშაობს სათანადოდ და მისი შტაბში გადასვლა გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს, სხვათაშორის, მისივე თქმით, `ქართული ოცნების~ შტაბის მუშაობის შესახებ უკმაყოფილება თვით პრეზიდენტობის კანდიდატსაც გამოუთქვავს გურჯაანში ყოფნისას)_ეხლა წყაროს დასახელება არ მომთხოვოთ,"-წერდა ფეისბუქის გვერდზე კახეთის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე გიორგი სიბაშვილი.
ზვიად ყვირალაშვილმა "სპექტრთან" საუბრისას ეს ინფორმაცია უარყო."არანაირი ამდაგვარი საუბრები არ ყოფილა, საჯარო სამსახური ხელს მიშლიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად ჩავრთულიყავი. მე პატივს ვცემ კანონს და კონსტიტუციას. აქედან გამომდინარე, მივიღე ეს გადაწყვეტილება. ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. რეალურად ყველა ასე უნდა ფიქრობდეს, თუ არის ვინმე პოლიტიკოსი, თუUვინმეს სურს აქტიურად ჩაებას საარჩევნო ფერხულში."
მისივე თქმით, შტაბი წინასაარჩევნო კამპანიას წარმატებით ახორციელებს და მას იოსებ ბერიკაშვილი ხელმძღვანელობს. "სპექტრის" კითხვაზე, შესაძლოა, თუ არა, ახლო მომავალში კოალიაცია "ქართული ოცნების" გურჯაანის რაიონული შტაბის ხელმძღვანელად ვიხილოთ, გვიპასუხა:
-"შტაბის უფროსობის ამბიცია ნამდვილად არ მაქვს. მე უბრალოდ მინდა ჩემი შესაძლებლობით, ჩემი აქტივით მაქსიმალურად მივეხმარო მათ."
ყვირალაშვილის განცხადება თანამდებობიდან წასვლის შესახებ გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ემზარ ჯიქურაშვილმა დააკმაყოფილა. ვაკანტური ადგილი კი თანაშემწეს, მიხეილ მღებრიშვილს შესთავაზა. ერთდღიანი ფიქრის შემდეგ, მიხეილ მღებრიშვილმა გადაწყვეტილება მიიღო. მან "სპექტრთან" საუბრისას განაცხადა, რომ ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება აქვს და შეთავაზებასაც ამიტომ დათანხმდა.
-"მას შემდეგ, რაც
ზვიად ყვირალაშვილი წავიდა, გამგებლისგან მივიღე წინადადება პირველი მოადგილის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნის თაობაზე.Dდავფიქრდი და შემდეგ დავთანხმდი. საერთოდ, ეს სფერო საკმაოდ შრომატევადი და რაიონისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ხალხის უკეთესი ყოფა-ცხოვრებისთვის კეთდება ყველაფერი. ამ დარგში გამოცდილება მაქვს და ამიტომ დავთანხმდი."
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მუნიციპალიტეტის გამგებლის ვაკანტურ ადგილზე კანდიდატურა ზვიად ყვირალაშვილსაც ჰქონდა წარდგენილი, თუმცა მოგვიანებით გადაწყვეტილება ჯონი ოსიაშვილის სასარგებლოდ შეცვალა და გამგებლობის სტატუსს მისი მოადგილეობა არჩია.
მასალის გამოყენების პირობები