ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რაიონებში კოალიცია "ბიძინა ივანიშვილი _ ქართულ ოცნებას" მხარდამჭერები და აქტივისტები ტოვებენ და ნინო ბურჯანაძის პარტია "დემოკრატიულ მოძრაობას" უერთდებიან.
გია ხელაშვილი კოალიცია "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" ყოფილი მხარდამჭერია. მისი თქმით, პარტია "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" გურჯაანის რაიონულ ორგანიზაციაში გაწევრიანებას აპირებდა, თუმცა გადაწყვეტილება შეცვალა.
-"იდეოლოგიურად "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს~ მხარდამჭერი ვიყავი. შემდეგ ვაპირებდი გაწევრიანებას. თუმცა, რაც ბიძინა ივანიშვილის მიერ საპრეზიდენტო კანდიდატად გიორგი მარგველაშვილი დასახელდა, ამასთან, დაიწყო და დასასრული აღარ მიეცა უაზრო კოაბიტაციას, გადავწყვიტე, რომ ქალბატონ ნინო ბურჯანაძის პარტიაში გადავსულიყავი. თუმცა მინდა დავაკონკრეტო, რომ მე არ ვყოფილვარ პარტია "ქართულ ოცნება-დემოკრატიული საქართველოს წევრი" მხოლოდ კოალიციის აქტივისტი ვიყავი და არ ვეთანხმები საკითხის ასეთ ფორმულირებას," _ გვითხრა "დემოკრატიული მოძრაობის" გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის აღმასრულებელმა მდივანმა, #4 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელმა გია ხელაშვილმა.
მისივე თქმით, გიორგი მარგველაშვილის მიმართ პიროვნული უკმაყოფილება არ აქვს, თუმცა თვლის, რომ ქვეყანაში სხვა კურსის გატარებაა საჭირო.
-"ბატონი მარგველაშვილი საკმაოდ განათლებული, წესიერი პიროვნებაა, მაგრამ ქვეყანაში გართულებული საშინაო და საგარეო პოლიტიკური ურთიერთობებიდან გამომდინარე, მივიჩნევ, რომ ამ საკითხებს ქალბატონი ნინო ბურჯანაძე უკეთესად მოაგვარებს."
2012 წლის საარჩევნო პერიოდში კოალიცია "ქართულ ოცნებას" უჭერდა მხარს ზაზა ჭუჭულაშვილი.Dდღეს ისიც ფიქრობს, რომ ქვეყანას ნინო ბურჯანაძემ უნდა უხელმძღვანელოს. ამიტომ მანაც გადაწყვიტა, რაიონში `დემოკრატიული მოძრაობის~ სახელით იბრძოლოს.
-"დიახ, მე "ქართული ოცნების" აქტივისტი ვიყავი, არჩევნებში კი _ კოორდინატორი, მაგრამ ახლა ვთვლი, რომ რეალური საპრეზიდენტო კანდიდატი ნინო ბურჯანაძეა. ამიტომ მის პარტიაში გავწევრიანდი."
როგორც "სპექტრს" "დემოკრატიული მოძრაობის" წევრებმა განუცხადეს, გურჯაანის რაიონულ პარტიას "ქართული ოცნების" 25-მდე აქტივისტი შეუერთდა. მათ შორის არიან პაატა ბერიკაშვილი, ალექსანდრე ჩახვაშვილი, ლელა ღვინიაშვილი, იზოლდი ზარდიაშვილი და ა.შ.
პარტია "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" გურჯაანის რიონული ორგანიზაციის წარმომადგენელი ლევან ხაზიური ამბობს, რომ ამაში საგანგაშო არაფერია. პარტიიდან არავინ გადასულა. რაც შეეხება კოალიციის მხარდამჭერებს, მოსალოდნელიც იყო, რომ სხვადასხვა პარტიაში გადანაწილდებოდნენ.
-"საქართველოში თუკი ვინმე პროგრესულად აზროვნებს და ქვეყნის სიყვარული შეუძლია, საარჩევნო წელს ყველა კოალიციის მხარდამჭერი იყო და "ქართულ ოცნებას" თანაუგრძნობდა. მათ შორის თავად ქალბატონი ნინო ბურჯანაძე და მისი პარტია. ასე რომ, ზოგადად თუ ვიტყვით, 100 000 ადამიანი კოალიციის მხარდამჭერი იყო. ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ყველა პარტიაში გაწევრიანდებოდა? როგორც ასეთი, პარტია არავის დაუტოვებია," _ გვითხრა ლევან ხაზიურმა.
წინასაარჩევნო პერიოდი აქტიურ ფაზაში შედის. პარტიების რაიონულ ორგანიზაციებში აცხადებენ, რომ საკუთარი პოლიტიკური ძალისა და საპრეზიდენტო კანდიდატის გამარჯვებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ. "დემოკრატიული მოძრაობის" გურჯაანის ოფისში თვლიან, რომ ნინო ბურჯანაძე სხვა კანდიდატების პირველ ტურშივე დამარცხებას მოახერხებს, თუმცა არც მეორე ტურს გამორიცხავენ.
ლანა გულოშვილი
მასალის გამოყენების პირობები