გურჯაანში, პარტია "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" რაიონული ორგანიზაცია ჯერ კიდევ არ დაფუძნებულა. მიზეზი ორი დაპირისპირებული მხარეა, რომელიც თავმჯდომარის კანდიდატურაზე ვერ თანხმდება.
კოალიცია "ქართული ოცნების" ოფისში შეკრებილი აქტივისტები რეგიონის კოორდინატორს მრავალ საკითხზე ესაუბრნენ. თუმცა შეხვედრის მთავარი მიზანი მაინც რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელება იყო. შეხვედრაზე სამი ძირითადი _ ეთერ ლოლაძის, ხათუნა მაზანიშვილის და ბექა მაისურაძის კანდიდატურები განიხილებოდა. აქტივისტებს შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ამ პოზიციაზე ნათია ბიწკინაშვილს უჭერდნენ მხარს.
მოგვიანებით, ხათუნა მაზანიშვილმა კანდიდატურა ბექა მაისურაძის სასარგებლოდ მოხსნა, რომელიც გამოკვეთილ პრეტენდენტად მოიაზრებოდა. დამსწრეთა უმრავლესობამ გადაწყვეტილება მოიწონა. თუმცა როგორც ირაკლი გრძრელივანიშვილმა "სპექტრთან" კომენტარში განმარტა, ეს საკითხი ჯერ კიდევ განხილვის თემაა.
-"დღესდღეობით გურჯაანში არ არის "ქართული ოცნების" რაიონული ორგანიზაცია. აქ არის გარკვეული
პოლიტიკური დაპირისპირება. მინდა ისეთი გადაწყვეტილება მივიღო და ისეთი კანდიდატი ავირჩიოთ, რომელიც ყოველგვარი პირადი ინტერესების გარეშე ჩაუდგება პარტიას სათავეში. მე აუცილებლად გავითვალისწინებ, კანდიდატი ხალხისთვის მისაღებია თუ არა. შემდეგ ამას შევათანხმებUპოლიტსაბჭოსთან და მოსახლეობის აზრის გათვალისწინებით მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც რაიონისთვის უკეთესი იქნება. დღეს აქ რამდენიმე ადამიანი დასახელდა. ეთერ ლოლაძე, ხათუნა მაზანიშვილი, ბექა მაისურაზე და ნათია ბიწკინაშვილი. ქალბატონმა ხათუნამ კანდიდატურა მოხსნა, რადგან არის გარკვეული პოლიტიკური შეხედულებები," _ აღნიშნა ირაკლი გრძელივანიშვილმა და აქვე დასძინა.
-"ეს ყველაფერი უნდა გადაწყდეს ძალიან მალე, რადგან ისედაც დაგვიანებულია. თუმცა არის ხალხის ჯგუფი, გარკვეული ნაწილი რომელთაც ასევე შევხვდი. ზოგს ის უნდა, ზოგს ეს უნდა. ამაზე ლაპარაკი ბევრ დროს წაიღებს. ძალიან გთხოვთ დასაბრუნებელი ვარ უკან. მაგრამ ვიმეორებ მე კიდევ შევხვდები ხალხს, მოვისმენ მათ აზრს," _ გვითხრა პარტიის კოორდინატორმა კახეთში.
შეხვედრის დასრულების შემდეგ "სპექტრი" თავმჯდომარეობის უკვე ყოფილ და ახლანდელ პრეტენდენტებს გაესაუბრა. "მე თავმჯდომარე არ ვიქნები. ჩემი კანდიდატურა იყო ბექა მაისურაძე იმ დროიდან, როდესაც სამ დღის განმავლობაში ერთად მოგვიწია მუშაობა, მაგრამ არ გამიჟღერებია. დღეს უკვე ხმამაღლა ვაცხადებ ამას," _ აღნიშნა ჩვენთან კომენტარში გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მეუღლემ და უკვე ყოფილმა კანდიდატმა ხათუნა მაზანიშვილმა.
ბექა მაისურაძე აქტივისტებისგან მილოცვებს იღებდა, თუმცა "სპექტრთან" საუბრისას განაცხადა, რომ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებამდე ის ჯერ მხოლოდ კანდიდატია.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ზურა დანელიშვილიც იმყოფებოდა. ჩვენთან საუბარში ღიად განაცხადა, რომ კენჭისყრის დროს პროტექცია ბექა მაისურაძეს მან გაუწია. "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" რაიონული ორგანიზაცია უკვე ბევრ მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბდა. ჩვენთან გარკვეული პრობლემების გამო ჯერ არ შექმნილა. დღეს პარტიის რეგიონული ოფისის კოორდინატორ ირაკლი გრძელივანიშვილთან ერთად ვისაუბრეთ ბევრ საჭირბოროტო საკითხზე, მათ შორის იმაზე, თუ ვისი კანდიდატურა შეიძლება იქნეს განხილული პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარედ. საბოლოოდ, დღეს დამსწრე აქტივი ერთ კანდიდატზე შეჯერდა და ეს არის ბექა მაისურაძე. ის ახალგაზედა იურისტია და შესაბამისი განათლებაც გააჩნია, დამსახურებაც და გამოცდილებაც. ის არჩევნების დროს საოლქო კომისიის წევრი იყო "ქართული ოცნებიდან" და შესანიშნავად მუშაობდა. ასე, რომ, მე ვიტყოდი, იქმნება მომავლის პარტია და გზა ახალგაზრდობას უნდა დაეთმოს," _ განმარტა ზურა დანელიშვილმა.
კოალიცია "ქართული ონცების" გურჯაანის წარმომადგენლებს შორის არსებულ დაპირისპირებაზე "სპექტრის" წინა ნომრებშიც ვწერდით.
ამჟამინდელ სიტუაციასთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირება "ქართული ოცნების" გურჯაანის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს მიხეილ ფურცელაძესაც ვთხოვეთ. მან სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ შეხვედრას არ ესწრებოდა, კომენტარს კი იმ შემთხვევაში გააკეთებდა, თუ მის ნათქვამს სიტყვა სიტყვით დავწერდით. თუმცა აღნიშნა, რომ კორექტულად და ეთიკურად ვერ ისაუბრებდა.
-"იმდენად ვარ აღაშფოთებული, ეთიკური ვერ ვიქნები," _ გვითხრა მიხეილ ფურცელაძემ.
მოგვიანებით კი მან საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრთან, მანანა ჯაჯანაშვილთან დაგვაკავშირა, რომელმაც ირაკლი გრძელიშვილთან შეხვედრის ფაქტი დაგვიდასტურა.
-"დიახ, ბატონი ირაკილი შეგვხვდა. ჯერჯერობით ერთი კონკრეტული კანდიდატი არ დაგვისახელებია, უბრალოდ, ვისაუბრეთ და ჩვენი შეხედულებები გავაცანით. კანდიდატურებს მომდევნო შეხვედრაზე დავასახელებთ. ეს არ იქნება ერთი ადამიანი. რამდენიმე კანდიდატს შევთავაზებთ და საბოლოო გადაწყვეტილებას პოლიტსაბჭო მიიღებს," _ გვითხრა მანანა ჯაჯანაშვილმა.
მისივე თქმით, არ იცის ვინ არიან მეორე მხარეს "`ქართულ ოცნებაში" და არც მათი კანდიდატების შესახებაა საქმის კურსში. ასე რომ, ვინ დაიკავებს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის ვაკანტურ ადგილს, "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს შორის ჯერ კიდევ დავის საგანია.
ლანა გულოშვილი
მასალის გამოყენების პირობები