თელავის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ინვენტარი "ნაციონალების" ოფისში აღმოჩდა
როგორც "სპექტრისთვის" გახდა ცნობილი, თელავის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში აუდიტის სამსახური
მოკვლევას აწარმოებს.
აღმოჩენილია მნიშვნელოვანი დარღვევები. კერძოდ, წინასაარჩევნოდ, ამ სამსახურის ბალანსზე არსებული ინვენტარი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თელავის რაიონულ ორგანიზაციაში გადაიტანეს და ამ დრომდე იქ რჩება.
საკითხის გასარკვევად "სპექტრი" თელავის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრს ტელეფონით დაუკავშირდა, თუმცა, აღნიშნულ სამსახურში ინფორმაციის გაცემა არ ისურვეს და კითხვაზე კითხვითვე გვიპასუხეს, თუ რატომ ვიყავით დაინტერესებული ამ თემით. ორგანიზაციის წარმომადგენლის თხოვნით, რომელმაც ვინაობა არ გაგვიმხილა, 10 წუთის შემდეგ კიდევ ერთხელ დავრეკეთ. ამჯერად მან შემდეგი პასუხი გაგვცა:
- "ეს ორგანიზაცია თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაქვემდებარებაშია და ამიტომ მათ დაუკავშირდით."
გამგეობის პრესსამსახურში ინფორმაცია არც უარყვეს და არც დაადასტურეს.
-"თელავის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში აუდიტის სამსახური მუშაობას აწარმოებს, რომელიც ჯერ არ დასრულებულა. თქვენს მიერ მოწვდილ ინფორმაციას ვერც უარვყოფთ და ვერც დავადასტურებთ,“ _ აღნიშნა თეკლა იანვარაშვილმა.
როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში განმარტეს, აუდიტის სამსახური თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაშია შესული.
-"ვინაიდან ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი გამგეობის დაქვემდებარებაშია, გადამოწმება ამ სამსახურშიც მიმდინარეობს. მინდა გითხრათ, რომ ის ინვენტარი, რაც "სარეაბილიტაციო პროგრამის" ფარგლებში შევიძინეთ, კვლავ ტურისტულ ცენტრშია. აქამდე ჩვენს ბალანსზე იყო და ახლა გადავიდა თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბალანსზე,"_ აღნიშნა რეგიონული განვითარების რეგიონული პროექტების მენეჯერმა თამარ მაისურაძემ.
ინფორმაციის გადამოწმებას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თელავის ოფისში შევეცადეთ. როგორც ცენტრალურ ოფისში განგვიცხადეს, რეგიონის წარმომადგენლები 19 აპრილს აქციაზე იმყოფებოდნენ და ჩვენს ზარებს ამ მიზეზით არ პასუხობდნენ. მათთან დაკავშირება ვერც 20 აპრილს მოხერხდა. რაც შეეხება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახურის ხელმძღვანელს გიორგი პატარაიას, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ინფორმაციას არ ფლობს. მან რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მობილურის ნომერი მოგვცა და მასთან დაკავშირება გვირჩია, თუმცა გიორგიმ (გვარი არ გვითხრა, ავტ.) არასამუშაო დღეს ჩვენთან საუბარი არ ისურვა.
-"დღეს შაბათია, ოჯახთან ერთად ვარ გასული და ვერ დაგელაპარაკებით," _ გვითხრა მან და ტელეფონი გაგვითიშა.
რა საბოლოო დასკვნას დადებს აუდიტი, `სპექტრი~ მომდევნო ნომრებში შეგატყობინებთ.
თამარ კაპანაძე
მასალის გამოყენების პირობები