„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო ანგარიში დადო, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდის, არჩევნების დღისა და არჩევნების შემდგომი პერიოდის მონიტორინგის შედეგებს მოიცავს.
დასკვნის თანახმად ირკვევა, რომ წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის დასაწყისში, აპრილ-მაისის თვეებში, ყველაზე ხშირად სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ფაქტები ფიქსირდებოდა. "არჩევნების მოახლოებასთან ერთად, იმატა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, პოლიტიკურ ნიადაგზე განხორციელებული ძალადობის, მუქარა-ზეწოლისა და პოლიტიკური ნიშნით ადმინისტრაციული სანქციების/პატიმრობის გამოყენების შემთხვევებმა. წინასაარჩევნო ხასიათის სამართალდარღვევის ფაქტები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში დაფიქსირდა. სხვადასხვა ტიპის დარღვევების სიმრავლით ძირითადად გორის, კასპის, დედოფლისწყაროს, გურჯაანის, ახმეტის, ქუთაისისა და ბათუმის ოლქები გამოირჩეოდა. სულ "სამართლიანმა არჩევნებმა" 300-ზე მეტი მსგავსი ინციდენტი შეისწავლა და გამოაქვეყნა," _ აღნიშნულია ანგარიშში.
„სამართლიანი არჩევნების“ კრიტიკის ობიექტი გახდა სახელმწიფო აუდიტის სამსახური. "ახალ საარჩევნო ინსტიტუტებს შორის, ყველაზე მეტი პრეტენზია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის მიმართ არსებობს. პოლიტიკური სუბიექტებისა თუ მათი მხარდამჭერების ფინანსური საქმიანობის შესწავლის დროს უწყება დაუსაბუთებელ სამართლებრივ დევნას ახორციელებდა, რის საფუძველზეც გაუმართლებლად მკაცრ, არაპროპორციულ სანქციებს უწესებდა."
დასკვნაში დადებითად არის შეფასებული ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობა.
-"საარჩევნო ადმინისტრაციის, განსაკუთრებით კი ცესკო-ს მუშაობა, გამჭვირვალობისა და არჩევნების ადმინისტრირების თვალსაზრისით, დადებითად შეიძლება შეფასდეს. დაინტერესებულ მხარეს ხელი მიუწვდებოდა საარჩევნო ინფორმაციაზე, რასაც ხელი შეუწყო იმანაც, რომ დაიხვეწა ცესკო-ს ვებ-გვერდი, რომელმაც გაამარტივა ინფორმაციის მოძიება. ამასთან, ცესკო-ს ინიციატივითა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობით სხვადასხვა დაინიტერესებული მხარეებისთვის შემუშავდა სახელმძღვანელოები, რამაც ხელი შეუწყო კანონმდებლობის განმარტებას და მის ერთგვაროვან გამოყენებას."
"სამართლიანი არჩევნების" მონიტორინგის თანახმად, წინასაარჩევნო პერიოდში მედია საკმაოდ მრავალფეროვანი იყო.
-"ტელევიზიის, პრესის, რადიოსა თუ ინტერნეტის საშუალებით შესაძლებელი იყო განსხვავებული ინფორმაციის მიღება, თუმცა პრობლემას წარმოადგენდა ის, რომ საქართველოს მოქალაქეები მოკლებულნი იყვნენ შესაძლებლობას თანაბრად ჰქონოდათ წვდომა ყველა მედიასაშუალებაზე. აღნიშნული პრობლემა გარკვეულწილად აღმოფხვრა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ „მასტ ქერი~-ს ამოქმედების შესახებ, რამაც წინასაარჩევნო კამპანიის ამოქმედებასთან ერთად კრიტიკულ მედიაზე ხელმისაწვდომობა საქართველოს მასშტაბით მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. წინასაარჩევნო პერიოდში ხშირი იყო ჟურნალისტების საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტებიც. „სამართლიანი არჩევნების“ მიერ მოხდა ჟურნალისტებისათვის ხელის შეშლის, მათ მიმართ განხორციელებული ზეწოლისა თუ ძალადობის ათობით შემთხვევის იდენტიფიცირება."
არასამთავრობოს დასკვნაში აღნიშნულია, რომ არჩევნების დღე მთელი ქვეყნის მასშტაბით, უმეტეს შემთხვევაში, გამართულად წარიმართა. თუმცა მარკირების პროცედურის დარღვევის ფაქტები, 6%-ზე დაფიქსირდა. ხმის მიცემის ფარულობა დაცული იყო უბნების 98%-ზე, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან ზრდას 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით. -"აღსანიშნავია, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით უბნების უმრავლესობაზე ხმის დათვლის პროცედურები სათანადოდ წარიმართა, გამონაკლისს წარმოადგენს ხაშურის საარჩევნო ოლქის რამდენიმე უბანი, სადაც ოქმების შედგენის პროცესი ყოველგვარი საჭიროებების გარეშე გაჭიანურდა მანამ, სანამ უბნებზე არ გამოჩნდა სპეციალური დანიშნულების ძალები. ყოველივე ამან აღნიშნულ უბნებზე არჩევნების შედეგების ჩაშლილად გამოცხდება გამოიწვია," _ აღნიშნულია დასკვნაში.
"სამართლიანი არჩევნები" წინასაარჩევნო პერიოდისა და არჩევნების დღეს აღმოჩენილი რიგი დარღვევების მიუხედავად, აღნიშნავს, რომ არჩევნები შედგა, რაც, უპირველეს ყოვლისა, განპირობებული იყო მოქალაქეთა მაღალი აქტიურობით და კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცესის გამჭვრვალობით.
ლანა გულოშვილი
მასალის გამოყენების პირობები