პრემიერ-მინისტრი 14 მარტს რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე მათ მიერ დასმულ კითხვებს თითქმის ოთხი საათის განმავლობაში პასუხობდა.
სხვადასხვა თემებთან ერთად ბიძინა ივანიშვილმა განმარტებები გააკეთა კახეთში რკინიგზისა და ხიდის აღდგენასთან, დაზარალებულებისთვის კომპენსაციის განაწილებასა და კახეთის შინაგან საქმეთა სამსახურების ქმედებებთან დაკავშირებით.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა გელა მთივლიშვილმა კონკრეტული შემთხვევები გაიხსენა და პრემიერს მათი საქმის შესწავლა ურჩია:
-"მინდა მოგიყვანოთ კონკრეტული მაგალითი: გოგა ხეტეშვილის და ზურაბ მამულაშვილის ცემის ფაქტებთან დაკავშირებით, სცემეს პოლიციის თანამშრომლებმა, ერთ-ერთი მათგანი გურჯაანის პოლიციის უფროსის მოადგილის კაბინეტში ისე სცემეს, რომ უგონო მდგომარეობაში მყოფი გადაიყვანეს სტაციონარში. ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება კი დაიწყო, მაგრამ არანაირი კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია."
ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტს დაჰპირდა, რომ აღნიშნულ ფაქტებს შინაგან საქმეთა მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გადაამოწმებდა.
რადიო "ჰერეთის" ჟურნალისტის შეკითხვა კახეთში უკანონოდ გასხვისებული მიწების თემას შეეხებოდა.
როგორც პრემიერმა განაცხადა, მიწების გადანაწილების თემა მისთვის ცნობილია, განსაკუთრებული პრობლემებია უცხოელებზე გაყიდულ მიწებთან დაკავშირებით, რომელიც შესწავლას და ზოგიერთ შემთხვავაში, სასამართლოს ჩარევასაც კი საჭიროებს. ამიტომ მათი მოგვარება დროში გაწელილი და საკმაოდ რთული პროცესია.
ტელეკომპანია "გურჯაანის" ჟურნალისტმა ნინო სამნიაშვილმა სტიქიით დაზარალებულებისთვის დახმარების არასწორად განაწილების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია პრემიერ-მინისტრს და ჰკითხა მოხდება თუ არა სიების გადამოწმება.
ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტის კრიტიკას არ დაეთანხმა და დააკონკრეტა, რომ მასშტაბური პროექტების განხორციელებას ერთეული პიროვნებების უკმაყოფილების გამო უარყოფითად ვერ შეაფასებს. "ქართუ ფონდიდან" ამ პროექტზე 100 მილიონ ლარზე მეტი გაიხარჯა და მიუხედავად ამისა, უარყოფითად აშუქებენ.
ინტერნეტ გამოცემა ქიზიყი.გე-ის ხელმძღვანელმა ილია მარტყოფლიშვილმა კი პრემიერს სამთაწყარო-აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი ხიდის აღდგენის შესაძლებლობაზე დაუსვა კითხვა და ასევე მიიღო დაპირება, რომ ამ თემას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო შეისწავლის.
გაზეთ "გურჯაანის" ჟურნალისტი ზვიად ბიაშვილი, კახეთში რკინიგზის აღდგენით დაინტერესდა;
პრემიერი დაეთანხმა, რომ კახეთში რკინიგზის აღდგენა ეკონომიკის აღირძინებას შეუწყობს ხელს და აუცილებელია, მისი პრიორიტეტულ პროექტებში განსაზღვრა.
-"მნიშვნელოვანია ამისთვის გამოინახოს თანხები. წლევანდელ ბიუჯეტში ეს საკითხი არ ზის, მაგრამ მომავლისთვის აუციელებლად იქნება გათვალისწინებული," _ განაცხადა ივანიშვილმა.
"სპექტრი" კახეთში რკინიგზის მნიშვნელობისა და მისი
რეაბილიტაციის შესახებ არაერთხელ წერდა, თუმცა წინა ხელისუფლების პერიოდში არც ერთი სტრუქტურა ამ საკითხით არ დაინტერესებულა.
მასალის გამოყენების პირობები