16 თებერვალს ფილარმონიაში პარტიის "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" რიგით მეორე ყრილობა გაიმართა. შეკრებას რაიონული ორგანიზაციის დელეგატებიც ესწრებოდნენ, თუმცა გურჯაანში პარტია ჯერ არ დაფუძნებულა. შესაბამისად, მუნიციპალიტეტიდან ყრილობაზე სტუმრის სტატუსით კოალიცია "ქართული ოცნების" რამდენიმე წარმომადგენელი იმყოფებოდა.
"ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" ყრილობაზე პარტიის საპატიო თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილი აირჩიეს. ასევე დასახელდა პოლიტსაბჭოს ოცდაერთკაციანი შემადგენლობა. რიგით მეორე ყრილობას რაიონული ორგანიზაციის დელეგატებიც ეწრებოდნენ. თუმცა გამონაკლის მუნიციპალიტეტებს შორის, სადაც ჯერ კონფერენცია არ ჩატარებულა, კვლავ რჩება გურჯაანი.
-"იმის გამო, რომ გურჯაანში კონფერენცია არ ყოფილა, ამ რაიონიდან მოწვეულები იყვნენ არა როგორც დელეგატები, არამედ როგორც სტუმრები. მითხრეს, ასეთ შემთხვევაში შერჩევისას პრიორიტეტი ძირითადად იმ ადამიანებზე გავრცელდა, რომლებიც დელეგატებად გასულ წელს პარტიის დაფუძნებისას აირჩიეს," _ განმარტა პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ და აქვე დასძინა:
-"პარტიას ჰყავს ახალი შემადგენლობა, ახალი პოლიტსაბჭო და სარევიზიო კომისია, რომელიც ძალიან ობიექტური და სამართლიანი ხალხითაა დაკომპლექტებული. შესაბამისად, მიღებული იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება. ამ ეტაპზე კონკრეტული რიცხვი დასახელებული არაა, თუ როდის დაფუძნდება გურჯაანში რაიონული ორგანიზაცია. პარტიამ უნდა შექმნას გამგეობა, ანუ აღმასრულებელი ხელისუფლება, რომელსაც დასამტკიცებლად პოლიტსაბჭოს წარუდგენს. ამის შემდეგ პარტიის ახალი ხელმძღვანელობა, ანუ გამგეობა დაიწყებს ზრუნვას, რომ გამოტოვებულ რაიონებში, სადაც კონფერენცია არ ჩატარებულა, მოხდეს საკითხების გადახედვა, ხელახალი, დეტალური განხილვა და დაპირისპირებულ მხარეებთან შეთანხმება. ასე რომ კონკრეტულად როდის ჩატარდება კონფერენცია გურჯაანში, ბაღდადში, რუსთავში და სხვა რამდენიმე რაიონში, ჯერ არ გადაწყვეტილა. რაიონული პარტიის თავმჯდომარედ პოლიტსაბჭო თავის კანდიდატურას წარადგენს, რომ რაიონულმა ორგანიზაციამ კონფერენციაზე დაამტკიცოს," _ გვითხრა თამარ ჩიბურდანიძემ.
როგორც "სპექტრმა" გაარკვია, ყრილობაზე მუნციპალიტეტიდან მიწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ხათუნა მაზანიშვილი და ლამზირა ყორჩიშვილი.
-"გურჯაანში პარტიის "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" ერთადერთ წარმომადგენელი მე ვარ. ვინაიდან ხელის შემშლელი პირობების გამო ჩვენთან კონფერენცია არ ჩატარებულა, მხოლოდ მე მიმიწვიეს. პარტიის წარმომადგენლები აუცილებლად ჩამობრძანდებიან და რაიონული ორგანიზაცია დაფუძნდება," _ გვიპასუხა ხათუნა მაზანიშვილმა.
ყრილობაზე სტუმრის სტატუსით მიიწვიეს "რესპუბლიკური" პარტიის წევრი ლამზირა ყორჩიშვილიც. შეხვედრიდან მიღებული შთაბეჭდილებები მან "სპექტრს" გაუზიარა.
-"ძალიან მომეწონა პრემიერ-მინისტრის გამოსვლა. მისი სიტყვებიდან დიდი იმედი მომეცა, რომ საქართველოში სამართალი აღდგება. ვფიქრობ, ეს უმთავრესია."
პოლიტსაბჭოს ოცდაერთკაციან შემადგენლობაში მინისტრთა კაბინეტის ორი წევრიც მოხვდა: ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური. შეგახსენებთ, რომ პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" 2012 წლის 21 აპრილს დაფუძნდა.
ლანა გულოშვილი
მასალის გამოყენების პირობები